საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა

AutoSharing Option
საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს. ღონისძიებას ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა.

მემორანდუმის თანახმად, საფეხბურთო ლიგის ფარგლებში, 2011 წელს საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი მოეწყობა, გამარჯვებული გუნდი ივლისის თვეში ფინალურ მატჩზე გამოვლინდება.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, გაუმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, მოხდება ქართული ფეხბურთის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მისივე განცხადებით, ანალოგიური ლიგების შექმნა, სასკოლო სპორტული ჩემპიონატების ორგანიზება მომავალში ხელს შეუწყობს მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადებას UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებით, გადამზადებული პედაგოგები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტეს, საფეხბურთო ლიგის შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული