ამერიკული მოდელი ქართული ფეხბურთისთვის

AutoSharing Option
28 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სასკოლო ფეხბურთის ლიგის შექმნაზე მემორანდუმი რომ გააფორმეს, სიჭინავამ "ლელოს" განუცხადა: "განათლების მინისტრთან ერთად საქართველოს სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებაც გვსურს. უმაღლეს სასწავლებლებთან მოლაპარაკება დაწყებულია და სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობის სურვილი უკვე 14-მა სასწავლებელმა გამოთქვა."

ლიგის ინიციატორები პროფლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი, საშეჯიბრო განყოფილებისა და ფედერაციის თანამშრომლები შოთა ბაქრაძე, დიმიტრი ბოკერია, ირაკლი ნაკაიძე არიან. მათ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლეს:

სპონსორები მოიზიდეს, ეროვნული თასის ფინალური და სუპერთასის რამდენიმე
მატჩი ლამაზად "შეფუთეს". გემახსოვრებათ, სამი წლის წინ "მილანის" ვარსკვლავები (გატუზო, პირლო, კაკა...) საქართველოს ჩემპიონატის დასასწრებად რომ გვიწვევდნენ, თასის ფინალები, რომლებსაც სარეკლამო კამპანია და აჟიოტაჟი უძღვოდა წინ; სატელევიზიო პროექტები და ჩემპიონატ-თასისთვის დაწესებული პრემიები და სხვა.

პროფლიგის გენერალურ მდივან პაატა ბურჯალიანს სტუდენტური ლიგის პერსპექტივის სჯერა:

- სტუდენტური ლიგა დიმა ბოკერიას, ირაკლი ნაკაიძისა და შოთა ბაქრაძის იდეაა. პროექტის განხორციელება სამი წლის წინ სურდათ, მაგრამ რუსეთთან ომმა და მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა პროექტი თაროზე შემოდო. თუმცა 2010 წელს იდეა ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა მოიწონეს და კვლავ აქტუალური გახდა. უმაღლესებში მუდმივად იმართება ერთკვირიანი სტუდენტური ტურნირები, რომლებიც სისტემაში არ არიან მოქცეული. ერთიანი სტუდენტური ლიგა ქართულ ფეხბურთს სარგებლობას მოუტანს. ამერიკული სპორტი სტუდენტურ ლიგებზე დგას და ჩვენთანაც შეიძლება ამ მოდელის ამოქმედება. ამას გარდა, ხელისუფლების პოლიტიკაში, რომელიც სპორტის პოპულარიზაციასა და მასობრიობას ითვალისწინებს, ეს პროექტი კარგად ჩაეწერება.

პროექტი თავდაპირველად ილიას სახელობის უნივერსიტეტის კანცლერ სერგო რატიანს გავაცანით და მოეწონა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სანდრო კვიტაშვილს შევხვდით, რომელიც ფეხბურთის არა მხოლოდ მოყვარული, კარგი მცოდნეც აღმოჩნდა. ვილაპარაკეთ, რა და როგორ აჯობებდა და პროექტი დავწერეთ. მხარი დაგვიჭირა სტუდენტური სპორტის ფედერაციამაც.

პროექტის განხორციელებას მხარში უდგას ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ბევრი სასარგებლო რჩევაც მოგვცა და სტუდენტური ლიგის ფედერაციის პატრონაჟით ჩატარება გადაწყვიტა. როდესაც ასეთი თანამდგომები არიან, ტურნირი აუცილებლად გაამართლებს.

- სტუდენტურ ლიგას ვინ ხელმძღვანელობს?
- დამფუძნებლები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლა, ტექნიკური უნივერსიტეტი და ეზოს ფეხბურთის ასოციაცია იქნებიან, მთავარი პარტნიორები - ფეხბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია კი თებერვალში გაიმართება.

სტუდენტური ლიგა ლოგიკურად მიებმება სასკოლო ლიგას და, იმედია, საფეხბურთო სკოლებისა და რეგიონული ლიგების პარალელურად, ფეხბურთელთა აღმოჩენის კიდევ ერთ სისტემას განვავითარებთ - სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და ბოლოს დიდების ფეხბურთი. უმაღლეს სასწავლებლებში ნიჭიერი ბიჭები მრავლად არიან, მათ ტურნირებზე ხშირად გაიგონებთ, ეს რა კარგი ბიჭია, ეს რა ტალანტიაო, მაგრამ ეს ბიჭები დიდი ფეხბურთისთვის იკარგებიან და გასაქანი უნდა მივცეთ.

უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს არ ეყოლება ამ ლიგის დარი სპონსორები, ამაში მოლაპარაკებები გვაიმედებს. სტუდენტური სპორტის მნიშვნელობა ყველას ესმის.

საჩვენოდ ისიც მოქმედებს, გასულ წელს ნაკრებს რომ არ წაუგია და ხალხი ფეხბურთისკენ შემოატრიალა. ტურნირს კი მაყურებელი ეყოლება, რადგან სტუდენტებს ფეხბურთი უყვართ და სტუდკავშირებიც ორგანიზებულნი არიან.

- ეს კლასიკური ფეხბურთი იქნება თუ მინი-ფეხბურთი?
- პირველ ჩემპიონატს მოსამზადებლად გამოვიყენებთ. საორგანიზაციო საკითხებში საკუთარი ძალების მოსინჯვაც გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ვატარებდით.

მეორეც, დრო ცოტაა, სტანდარტული მოედნები კი - არასაკმარისი. უმაღლესებს სასწრაფოდ მოედნების მოწყობას ვერ მოვთხოვთ, ამიტომ თამაშები ასკ-ს დარბაზის მინი-მოედანზე გაიმართება.

სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობა უკვე 14 სასწავლებელს სურს და მეთხუთმეტისგან პასუხს ველით. ჩემპიონატი 6 მარტიდან 20 ივნისამდე გაგრძელდება, მატჩები შაბათ-კვირას გაიმართება, განაცხადში იქნება 12 ფეხბურთელი. პირველ სეზონში ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება, საუკეთესო ოთხეული ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს გამარჯვებული კი ივნისში გამოვლინდება.

შემდეგი ჩემპიონატი სტანდარტულ მოედანზე უნდა გაიმართოს და რეგიონებსაც მივწვდებით - ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის, ფოთის, თელავის უმაღლეს სასწავლებლებს.

ლიგას პროფესიონალი მსაჯები და გამოცდილი დელეგატები მოემსახურებიან და დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ. მოთხოვნაა, რომ ყველა გუნდს ჰყავდეს ექიმი.

ამას გარდა, ტურნირის გაშუქებაზე ერთ-ერთ წამყვან არხს შევუთანხმდით: სტუდლიგის მატჩების მიმოხილვას ყოველკვირეულად 15 წუთი დაეთმობა, სიუჟეტებს კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოამზადებენ, რაც დამწყებებისთვის მშვენიერი პრაქტიკა იქნება.

თამაშებზე აუცილებლად იქნება შოუს ელემენტები, შოუმენი და მუსიკალური გამფორმებელი - როგორც ხდება NBA-ს და NHL-ის მატჩების დროს.

ყველაზე საინტერესო ტურნირის დასრულების შემდეგ მოხდება: ზაფხულში 4-5 დღიან კემპზე საუკეთესო ფეხბურთელებს წავიყვანთ და ნაკრები გუნდებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელებს საუკეთესოების შესარჩევად მოვიწვევთ. ჩამოყალიბდება საქართველოს სტუდენტური ნაკრები, რომელიც საერთაშორისო სტუდენტურ ტურნირებში ჩაერთვება.

კემპის დანიშნულება ნაკრებებისა და კლუბებისთვის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა. შესაძლოა, თავიდან ბევრი ხარვეზი გამოჩნდეს, მაგრამ მთავარი სისტემის აწყობაა და დარწმუნებული ვარ, სისტემა ტალანტებს თავად გამოავლენს.

სტუდენტური ლიგა არის სტუდენტებში საუკეთესოების წარმოჩენისა და წინსვლის შანსი. ჩვენ კი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეფუთული პროდუქტის შექმნა და სტუდენტური დღესასწაულის მოწყობა გვსურს, რომელიც ყველას დააინტერესებს.






.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული