უეფას ეროვნული ასოციაციების უფროსი მენეჯერი გუშინ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დავით პეტრიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, უეფადან საგანგებოდ ჩამოსულმა 20-კაციანმა დელეგაციამ და მთელმა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ.
ჩამოვიდნენ უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, აღმასკომის წევრი თეო თეოდორაკისი (რომელიც, შესაძლოა, მალე კიდევ უფრო დააწინაურონ), კომიტეტების ხელმძღვანელები, რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლაი ტოლსტიხი, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ყაზახეთის, თურქეთის,
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში ბევრი ცნობილი სახე, მთელი საფეხბურთო ოფიციოზი და ოპოზიცია შეიკრიბა. დავით პეტრიაშვილს ყველა აფასებდა და, რაც მთავარია, ის ყველას უყვარდა...
"ეს დღე უდიდეს ტრაგედიად მიმაჩნია. ჩვენ აქ ყველანი გულის კარნახმა ჩამოგვიყვანა, რადგან ყველას გვიყვარდა ეს კეთილშობილი და მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი. უეფა სამძიმარს უცხადებს ჩვენი ძვირფასი მეგობრის ოჯახს. ჩვენი გულები გლოვობენ და არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება", - ეს არის სიტყვები გრიგორი სურკისის, რომელმაც ცრემლები ვერ დამალა. ასე იყო ბევრი სტუმარი...
"დათო იყო გასაოცარი ადამიანი. მის კეთილშობილებასა და სიკეთეს მრავალ ადამიანზე მოუხდენია შთაბეჭდილება. იმის თქმა, რომ დათო დაგვაკლდება, ნიშნავს - არაფერი თქვა. ბევრი ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ის იყო ძმა და მეგობარი. უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში დავით პეტრიაშვილი გამორჩეულ როლს ასრულებდა", - ასეთი სიტყვებით დაახასიათა პეტრიაშვილი უეფას აღმასკომის წევრმა თეო თეოდორაკისმა.
"დათო იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც შეეძლო საქმე ჩუმად და უანგაროდ ეკეთებინა. წლების შემდეგ უფრო მეტს გავიგებთ, საქართველოსთვის რა საქმეები აკეთა. მას მტერი არ ჰყავდა და ქრისტიანი კაცის ცოცხალი მაგალითი გახლდათ. ჩემთვის ეს უმძიმესი დღეა", - ასე დაემშვიდობა მეგობარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბრის ღამეს დავით პეტრიაშვილი პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"