პროგრამის ფინანსური მხარე მომწონს, მაგრამ... რა კითხვები აქვს არჩილ არველაძეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ფეხბურთის განვითარების ფონდი მუშაობას თებერვლის ბოლოდან შეუდგება.

გაზეთმა "ლელომ" პროგრამასთან დაკავშირებით აზრის გაზიარება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ სპორტულ დირექტორს არჩილ არველაძეს სთხოვა.

- მიმაჩნია, რომ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან კარგი პროგრამაა. ერთადერთი, კითხვა ამაზე მიჩნდება: ახლა საქართველოში მოთამაშეთა საშუალო ასაკი საგრძნობლად შემცირდა. გუნდების შემცირების შემდეგ კი, 18-19 წლის ბიჭებისთვის რამდენად საინტერესო იქნება რანგით მეორე და მესამე ლიგებში თამაში? მათი
ასაკის ბიჭები ხომ უმაღლეს ლიგაში წამყვან როლებში არიან?

თორემ, შესაძლოა, ამ ბიჭებისთვის ფინანსურად მესამე ლიგაც საინტერესო აღმოჩნდეს.

- თქვენი აზრით, ეს პროგრამა ბიზნესს ფეხბურთში მისვლაზე დააფიქრებს?
- ამაზე კარგი კერძო კლუბისთვის რა უნდა იყოს?! ფაქტობრივად, კლუბის მეპატრონე ჩადებს თანხის 50 პროცენტს, სახელმწიფო კი დამატებით 25 პროცენტით დაეხმარება. ასე რომ, ეს კერძო კლუბებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ოღონდ, რამდენად მოიზიდავენ ბიზნესს, ეს კონკრეტული კლუბის კონკრეტული მეპატრონის უნარზეა დამოკიდებული.

- პროგრამასთან დაკავშირებით რა კითხვები გებადებათ?
- ტელევიზიების ჩართულობა ძალიან კარგი იქნება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე მათი აქტიურობა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. დიდი სურვილი მაქვს, სტადიონებს მაყურებელი მალე დაუბრუნდეს. მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, ეს სწრაფადვე მოხდეს. სტადიონები ადვილად არ გაივსება, მაგრამ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

ისე, კარგია, როცა აგრონომებისა და მენეჯერების გაზრდაზეც რომ ვფიქრობთ, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე ბევრი არაფერი თქმულა და ეს კითხვაც დამებადა.

- როგორც ითქვა, ამაზე ცალკე პროექტის პრეზენტაცია იგეგმება...
- მეც კარგად მესმის, რომ ყველაფერი ისე სწრაფად ვერ გაკეთდება, ჩვენ რომ გვსურს... სხვათა შორის, ფინანსური სახის წახალისება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მასზე ორი წლის წინ სპორტის სამინისტრო ჯერ კიდევ ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს მუშაობდა.

მაშინ ვამბობდი, რომ კლუბებს ზუსტად ასეთივე ბონუსური სისტემა თურქეთშიც შესთავაზეს. განსხვავება ისაა, რომ თურქეთში ფულს საკაბელო ტელევიზია იხდიდა, ჩვენთან კი - სახელმწიფო. იქ კლუბები საწყის ეტაპზე საბაზისო ბიუჯეტად 8 მილიონს იღებენ, შემდეგ კი თანხა ქულების მიხედვით ერიცხებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ არველადზეებს ნამუსი საერტოდ არ გააქვტტ? მოსჰორდიტ ქარტულ პეხბურტსსსსს
mdzgoli
18:08 20-02-2016
0
არველაძე, ვისაც გვჯერა გაგვატარე,რეზიმ ნულოვანი შედეგით დაამთავრა ფედერაციაში მოღვაწეობა, ხომ არ დაგავიწყდათ?
ჯიჯი ალფაიძე
18:32 20-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული