[ოთხშაბათის საკითხავი] ეს დასასრული არ არის!

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" მწვრთნელი აღარ არის. ის ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს. მწვრთნელები ქართულ კლუბებში ძალიან ხშირად, ერთმანეთის მიყოლებით იცვლებიან.

სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ამხელა მნიშვნელობას ერთ სამწვრთნელო გადაადგილებას არავითარ შემთხვევაში არ მივანიჭებდით, მაგრამ საქმე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტს ეხება...

მას დიდი ხანია, ვიცნობ და პირდაპირ უნდა დავწერო - ქართულ ფეხბურთში თითქმის არ მეგულება მისებრ გულწრფელი ადამიანი. არც ბევრი ისეთი ვიცი, გია ჭიაბრიშვილზე თავმდაბალი რომ შემიძლია ვუწოდო. თავად ვარ იმის მომსწრე, როგორ გაუკრიტიკებია არაერთხელ საკუთარი თავი
თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ. ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუნდაც იმ წლებში, როცა სრულიად ახალგაზრდა წვრთნიდა "ზესტაფონის" გამოცდილ ფეხბურთელებს, ის უპირველესი ავტორიტეტი იყო იმ მართლაც ბევრისმნახველი მოთამაშეებისთვის.

ისიც შემიძლია გავიხსენო, როგორ უყვარდათ და უყვართ ჭიაბრიშვილი იმავე ზესტაფონში. შემიძლია გავიხსენო, როგორ სკანდირებდა მის სახელს სტადიონი თუნდაც წაგებული მატჩის შემდეგ. აგერ, "საბურთალო" ავიღოთ - ყველგან გაიგონებთ, რომ გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობა ჭიაბრიშვილის ბრალი არ არის.

ეს კია, რომ დასასრული ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო. რას-რას და, 2:8-ს ჭიაბრიშვილი ნამდვილად არ იმსახურებდა, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი წერილის გმირმა უნდა იცოდეს.

ის პირველად არ დამდგარა არჩევანის წინაშე და მისთვის უცხო არც სირთულეებთან შეჭიდებაა. თავის დროზე, ევროპის ლიგაზე, "ზესტაფონს" "ბრიუგესთან" მატჩი კარს რომ მოადგა, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წავიდა.

"შტურმთან" მარცხის შემდეგ დემორალიზებულ "ზესტაფონში" მისვლა გვარიანი რისკი იყო. ჭიაბრიშვილმა გარისკა და მოიგო. "ბრიუგესთან" შეხვედრა მისთვის საუკეთესო იყო.

პირველ ტაიმში "ზესტაფონმა" ტიტულოვან მეტოქესთან წააგო უშანსოდ და შესვენებისას ხალხი "ეროვნული სტადიონის" გასასვლელებს მიეძალა. მეორე ტაიმში კი ახალგაზრდა მწვრთნელმა შეგირდები ისე დამუხტა, რომ ბელგიური გრანდი თბილისში კინაღამ დამარცხდა.

ის სეზონი ჭიაბრიშვილისთვის მართლაც რომ ტრიუმფალური იყო. მისი ხელმძღვანელობით, "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა, თავად მწვრთნელი კი შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, ვინც გუნდს საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოაპოვებინა.

ის "ზესტაფონი" გეგუჩაძის შექმნილი იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ახალმა მწვრთნელმა მის გარჯას ახალი შტრიხები არ შემატა. მუდმივი არაფერია და ჭიაბრიშვილის მოღვაწეობა "ზესტაფონში" დასრულდა. შეიძლება თამამად დაიწეროს, რომ გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ "ზესტაფონის" ცხოვრებაში "ოქროს ხანა" დასრულდა.

მანამდე იყო ძალიან გულსატკენი და მწარე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე - ბაქოს "ნეფთჩისთან". ჩემი პირადი აზრია - ის მარცხი, მწვრთნელზე მეტად, ქართულ ფეხბურთში იმ დროს შექმნილი ვითარების ბრალი იყო. "ზესტაფონმა" ან დაკარგა ლიდერები, ან წაართვეს. "ნეფთჩის" სიერალეონელი პრიმა - ჯულიუს ვობაი კი ლამის იმხელა ხელფასს იღებდა, რამდენსაც ერთად - მთელი "ზესტაფონი".

მერე იყო "საბურთალო", სადაც ჭიაბრიშვილმა მართლაც ბევრი გააკეთა. მაშინ "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში არ იყო. დღეს იქაა. მაშინ საკლუბო და აკადემიის ინფრასტრუქტურა ასე გამართული არ იყო და ახლა გამართულია.

საერთოდ, ჩემი შეხედულებით, ჭიაბრიშვილი "საბურთალოში" არ იყო მხოლოდ მწვრთნელი. მეტიც - ზუსტად ვიცი, რომ თუ რამ კარგი და გემოვნებიანი გაკეთდა "საბურთალოში", ამაში მისი წვლილიც ძალიან დიდია.

ამ შემადგენლობით "საბურთალოს" ჩავარდნა გარდაუვალი იყო. რად უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ 17 და 19 წლის ბავშვი ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს. მით უმეტეს, როცა ის პარალელურად ასაკობრივ ნაკრებშიც თამაშობს. ის იღლება, იფიტება...

მე ასე მგონია - კლუბის ხელმძღვანელობამ მთლად მართებული გადაწყვეტილება ვერ მიიღო, როცა სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გუნდიდან რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გაუშვა და ისინი გამოცდილი კადრებითვე არ ჩაანაცვლა.

რა დონისაც უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატი, აქ წარმატების მისაღწევად მაინც საჭიროა გამოცდილი კადრები. მხოლოდ გამოუცდელი ახალგაზრდებით ფონს გასვლა ძალიან რთულია.

მწვრთნელის ბედი ასეთია: ის მუდმივად ჩემოდნებზე უნდა იჯდეს და ხანდახან ვერც დიდ იმედგაცრუებებს უნდა ასცდეს. ასეა ჭიაბრიშვილიც. ხანდახან შენს კარიერაში ისევ უნდა გაიარო ის გზა, რომელიც ერთხელ უკვე გაიარე.

გია ჭიაბრიშვილი ერთხელ უკვე იყო გია გეგუჩაძის ასისტენტი "ზესტაფონში". ის გუნდი მართლაც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა. დღეს ეს ტანდემი ისევ ერთად მუშაობს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და მე ასევე გამახარებს ისიც, თუ ეს ნაკრები ასეთივე ფეხბურთს ითამაშებს, თუ ეროვნულ გუნდში ბიჭები იმ ფეხბურთის ცოდნით მივლენ, რასაც გეგუჩაძე და ჭიაბრიშვილი მისდევენ.

რა თქმა უნდა, გია ჭიაბრიშვილს გარკვეულწილად სინანულის გრძნობა ექნება იმის გამო, რომ "საბურთალოში" საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თუნდაც მეორე მწვრთნელობა არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობაა, თუ მეტად არა, ვიდრე ერთი, თუნდაც პროგრესირებადი გუნდის დამრიგებლობა.

გია ჭიაბრიშვილის სამწვრთნელო კარიერაში ყველაფერი ახლა იწყება. თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, ის ჯერაც დიდი სამწვრთნელო გზის დასაწყისში დგას. ეს ძალიან რთული გზაა. მწვრთნელისთვის იოლი სავალი არ არსებობს.

განახლების გზაზე მდგარ ქართულ ფეხბურთს კი ძალიან სჭირდება გია ჭიაბრიშვილი და მისნაირი ადამიანები - პატიოსანი, ალალი, საქმის მკეთებელი, მცოდნე ხალხი, ვინც ფეხბურთიდან საერთოდ წავა და სიბინძურეში არ გაერევა.

რა თქმა უნდა, ჯერ ჭიაბრიშვილი არ არის ჩამოყალიბებული მწვრთნელი და მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ეს ბუნებრივიცაა - ის ახლახან გადასცდა სამ ათეულ წელს და, ცხადია, ბევრ საფეხბურთო საიდუმლოს კიდევ შეიცნობს.

ერთი კია - როგორც ბევრი სხვა, ჭიაბრიშვილი ქართულ ფეხბურთში იმიტომ არ მოსულა, რომ მისგან რამეს გამორჩეს. ის საქმის საკეთებლად მოვიდა ჩვენს ფეხბურთში და მას ამის საშუალება უნდა მიეცეს.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან სამწვრთნელო კარიერაში უკვე ბევრი რამ ნახა - დიდი სიხარულიცა და იმედგაცრუებაც, გამარჯვების სიხარულიცა და მარცხის სიმწარეც.

ასე მგონია, რომ მას უკვე ბევრი ვერაფრით გააკვირვებ. მან უკვე იცის, რომ ფეხბურთი არც მხოლოდ გამარჯვების სიხარულია და არც მხოლოდ მარცხის სიმწარე.

ფეხბურთი არ არის მოკლე, ლაკონიური საქმე. შენ დღეს შეიძლება წააგო, მაგრამ იგებს ის, ვინც ზოგადად პროცესს იგებს. ჭიაბრიშვილმა პროცესი უნდა მოიგოს. მან ეს დაიმსახურა.

"საბურთალოდან" წასვლა ჭიაბრიშვილის სამწვრთნელო კარიერის დასასრული არ არის. გია ჭიაბრიშვილის ბრძოლა გრძელდება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მორიგი სადღეგრძელო... როდემდე?
გუჯა კახაძე
13:22 09-03-2016
0
ვინც ჭიას იცნობს დამეთანხმება, რომ მართალია აქ ყველაფერი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული