საიდან ამდენი მეგრელი ესპანეთში? ბასკები გოლის გატანისას ყვირიან: LELO! IL LELO!

AutoSharing Option
ფოტოზე: ბასკი გულშემატკივრები
პავლოდარის "ირტიშისა" და ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიასთან ინტერვიუმ საღერღელი ამიშალა და უცხოეთში ქართული გვარებით მოთამაშეების თემა გამახსენა - შეუცნობელი და უდავოდ საინტერესო თემა.

თავად ლორია აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველების შთამომავალია და ეს უკვე გარკვეულია. ასევეა თემურ კაპაძის შემთხვევაშიც: უზბეკეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის (რომელიც 5-ჯერ აღიარეს უზბეკეთის წლის ფეხბურთელად) წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. სამხრეთ საქართველოში მცხოვრები გათურქებული ქართველებ
ის შთამომავლები ომის საზღვრებიდან შორს, შუა აზიაში 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გადაასახლეს...

ბასკები საფრანგეთში
...მაგრამ საიდან არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც, უცნაური დამთხვევით, ქართული გვარები აქვთ? მაგალითად, წმინდა ქართული გვარის მატარებელია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე დომინიკ ბარატელი (თუ ბარათელი?).

ნიცაში დაბადებული ეს გოლკიპერი ბასკია, მაგრამ ფრანგები მას ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ თვლიან. მისი გვარი ასე იწერება - Baratelli - რაც გარკვეულწილად იტალიურ ფესვებზეც მიუთითებს.

Sportall.Ge

"პარი სენ-ჟერმენის" (1979-1985) მეკარე საფრანგეთის თასის ორგზის (1982, 1983) გამარჯვებულია, ეროვნულ ნაკრებში კი 21 შეხვედრა ჩაატარა. იყო 1978 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების განაცხადში. 1978-ში, არგენტინის მუნდიალზე, მან ერთი მატჩიც ჩაატარა, როცა მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან შეხვედრაში მძიმედ დაშავებული ჟან-პოლ ბერტრან-დემანი შეცვალა...

პასუხი არ გვაქვს კითხვაზე - როგორ შეიძლება, ბარატელი (ბარათელი) არ იყოს ქართველი?

დაახლოებით, მსგავსი კითხვა გაუჩნდათ ესპანელებსაც, როცა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა თბილისური შეხვედრისას ერთ-ერთმა სტუმარმა კოლეგამ გიორგი ლორიაზე გაკვირვებულმა იკითხა - საიდან გყავთ ქართველებს ესპანელი მეკარეო?!

ამ უცნაური დამთხვევების გამო, მეცნიერული აღმოჩენის პრეტენზია არ გვაქვს (მით უმეტეს, ამაზე მეცნიერებიც ვერ შეთანხმებულან), ჩვენი მხრიდან ეს უხერხული იქნება. უბრალოდ, საინტერესო თემაა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გავყვეთ...

ჩამოვედით თუ წავედით?
საერთოდ, ქართულის მსგავსი გვარებით იტალიაში, ესპანეთსა და ესპანურენოვან ქვეყნებში ბევრი ცხოვრობს და დასავლეთისა და აღმოსავლეთის იბერიაზე არსებულ ლეგენდას გვახსენებს. დიდი ხანია, ქართველებისა და ბასკების ნათესაობის საკითხი მეცნიერებს აინტერესებთ.

გიორგი მახარაძის წიგნში - "არდავიწყება მოყვრისა" - საინტერესო ფაქტებია შეკრებილი. საქართველოსაც და ესპანეთსაც იბერიას, თურმე, რომაელები ეძახდნენ.

აკადემიკოსი შოთა ძიძიგური წერდა, რომ გამოჩენილი ქართველი ლიტერატორის, გიორგი მთაწმინდელის ცნობით (ნაგულისხმებია 1042-44 წლებში დაწერილი "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება"), ჯერ კიდევ X საუკუნეში, სახელგანთქმულ მწიგნობარ იოანე მთაწმინდელს ესპანეთში ექსპედიცია მოუწყვია, რათა მოენახულებინა ქართველთა ნათესავნი: "ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ".

მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოში ყოფნისას მეფესთან ნადიმზე მიუწვევიათ.

"გამომშვიდობებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდება ჩემი ნათესავი ესპანეთის მეფეო და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო". შარდენი ამბობდა, ეს ამბავი ევროპაში მეც ხშირად მსმენოდა - ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიან", - წერდა შარდენი წიგნში "მოგზაურობა ესპანეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში".

ჩვენი და ბასკების თემის გაშუქებისას აზრთა სხვადასხვაობაა. მეორე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი აპიანე ამბობდა:

"იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრებად, ზოგი მოახალშენეებად, სხვები კი მხოლოდ თანამოსახლეებად".

ბიზანტიელი მწერალი მაქსიმე აღმსარებელი ფიქრობდა, თითქოს პირენეელი იბერიელები საქართველოდან არიან გადასახლებული. სოკრატე კი საპირისპიროს ამტკიცებდა: "ევქსინის პონტოსთან (შავ ზღვასთან) მცხოვრები იბერიელები გამოსული არიან იმ იბერიელთაგან, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან".

ასეთი ვერსიაცაა - მარტო საქართველოში კი არა, თითქოსდა, ესპანეთის იბერიიდან ბრიტანეთის კუნძულებზედაც წასულიყვნენ. ინგლისელი ისტორიკოსი მორტონი 1948 წელს ლონდონში გამოცემულ კაპიტალურ ნაშრომში - "ინგლისის ისტორია" - ახსენებს იბერიელებს, როგორც დიდი ბრიტანეთის კუნძულების პირველ მერცხლებს და აღნიშნავს, რომ ისინი ესპანეთის იბერიიდან ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში მისულან.

ესპანელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ბასკები საქართველოდან გადასახლების ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ - რადგან ესპანელები გვეტყვიან, ბასკები აბორიგენები არ ხართო.

ისე, არსებობს ესპანური ავიაკომპანია "იბერია", ჩილეს საფეხბურთო ჩემპიონატის ქვედა ლიგაში (პრიმერა B) კი - ანალოგიური სახელწოდების გუნდი...

ქართული გვარებით დასავლეთ იბერიაში
ვართ თუ არა ნათესავები, მეცნიერებმა იმსჯელონ. ჩვენ კი ის ვიცით, დასავლეთ იბერიაში, ესპანეთში ოთხი ბასკური პროვინციაა, საფრანგეთში - სამი და ეს პროვინციები ერთმანეთს ესაზღვრება.

მართლაც გასაოცარია, რომ ბასკებში არის გვარები - ბოკერია, ნოდია, ბარათელი, ლორია, მეუნარგია, ნარსია, ლოლუა, ანთია, ალანია, ზარანდია, ბერია, ბენია, სარია, უბირია, ბედია, ლანდია, ერისთავი, აგრეთვე, ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური, ბილბაოსთან არის მთა "არჩანდა", "გურია".

გასაოცარია სოფლებისა და ქალაქების სახელების დამთხვევაც - გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია, სოფელი ალგეთი...

ბილბაოს ფუნიკულიორი დაჰყურებს თავზე. მარტინა მინტეგი წიგნში - "ჩემი ბასკეთი" - წერს: "როცა ნისლიან ამინდში ატლანტის ოკეანიდან დაძრული ღრუბლები თავზე ტყვიასავით დააწვებიან ხოლმე, "არჩანდა" (მთის სახელია, სადაც ფუნიკულიორი მდებარეობს) ნამდვილად არ ჩანს".

მწერალი როდამ ჩაჩანიძე ესპანურ შთაბეჭდილებებს იხსენებდა და ამბობდა: "გიბრალტარიდან, სიერა-კარბონერას მთებს იქით, "კლდეთა უბეშია სოფელი ლენტეხი, იქვე გვერდით - ალ იბერია, ნავსადგურში ესპანელი შეხვედრია, გვარად... ბოკერია. "ჩვენთან ნარსიებიც არიან და ჩემი გვარიც საკმაოდ გავრცელებულია", - უთქვამს ესპანელ ბოკერიას".

სოფიკო ჭიაურელი გაოცებული იხსენებდა, რომ სან-სებასტიანის მახლობლად გზაზე ნახა მდინარე ალგეთი და სოფელი ალგეთი და საოცარი გრძნობა დაეუფლა...

ესპანეთის კორტესების ყოფილი დეპუტატი, დოქტორი მანუელ დე არანეგი სტატიაში - "აქვთ თუ არა საერთო წარმოშობა ბასკურ და ქართულ ენებს?" - 1975 წელს ამ ვერსიას ამტკიცებდა:

"მრავალი ქართული გვარი ზუსტი ასლია ბასკურისა, ან პირიქით. მაგალითად: ერისთავი, ლოლუა, ნოდია, აგრეთვე მრავალრიცხოვანი გვარი, რომელთა დაბოლოებაა "ური": ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური და სხვა...

დიდ ინტერესს იწვევენ ტოპონიმიკური მონაცემები. ქართული დაბა-სოფლების სახელწოდებანი - გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია და ბევრი სხვა თითქოს ბასკეთის რუკიდან აუღიათო, ან პირიქით, ქართულიდან ბასკურში გადაუტანიათ".

ბასკეთში გვხვდება კაფე-რესტორნები, წარწერით "გურია". თუმცა გურია ბასკურად ნიშნავს - "ჩვენთან".

რამდენ ქვეყანაში არიან ლორიები?
ფეხბურთელებში ყველაზე მეტი მოგვარე საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიას ჰყავს. თუმცა, ჯერ არასაფეხბურთო ამბავს მოვიხმობთ: არგენტინაში ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო გაბრიელა როდრიგეს ლორია. სოციალისტების ლიდერ ქალბატონს მემორიალური დაფა გაუხსნეს.

მექსიკის რანგით მესამე ლიგის "ორისაბაში" 26 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ადრიან ანდრეს ლორია თამაშობს. ლისაბონის "ბენფიკას" 19-წლამდელების გუნდშია 18 წლის კოსტარიკელი მცველი მარვინ ლორია. გვატემალელია მცველი კენეტ ლორია, რომელიც ამ ქვეყნის რანგით მეორე ლიგის "ისტაპაში" გამოდის.

ყველაზე ცნობილი ლორიები კი იტალიასა და კოსტა რიკაში თამაშობდნენ: იტალიელია ცენტრალური მცველი სიმონე ლორია, რომელსაც ბევრ ცნობილ კლუბში უთამაშია: "იუვენტუსის" გაზრდილი ტურინულ გრანდშიც ირიცხებოდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია.

Sportall.Ge

თავიდან, საკმაოდ დიდხანს, ის სერია C2-სა და C1-ის კლუბებში გამოდიოდა. მერე იყო "კალიარისა" და "ატალანტაში", საიდანაც "სიენაში" მიიწვიეს. იქ შთამბეჭდავად ითამაშა და "რომამ" კონტრაქტიც გაუფორმა. კარიერის ბოლოს თამაშობდა "ტორინოსა" და "ბოლონიაში", ბუცები კი 2013 წელს, სერია C1-ის ბინადარ "კუნეოში" ჩამოკიდა ლურსმანზე.

კუბეროთი იცნობენ 29 წლის კოსტარიკელ ნახევარმცველს. ის ქვეყნის ნაკრების წევრია და 2010 წლიდან მოყოლებული, ეროვნულ გუნდში 48 შეხვედრა ჩაუტარებია (2 გოლი). მისი სრული სახელი და გვარია ხოსე მიგელ კუბერო ლორია. კარიერა კოსტა რიკის პრიმერა დივიზიონის კლუბ "ერედიანოში" დაიწყო და ახლაც იქ თამაშობს.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მან შეცვლაზე ითამაშა ჯგუფში ურუგვაისა და იტალიასთან, 1/8 ფინალში - საბერძნეთთან და 1/4 ფინალში - ჰოლანდიასთან. მუნდიალის შემდეგ კუბერო ლორია ინგლისურ "ბლექპულში" გადაბარგდა, საიდანაც წლეულს კოსტარიკულ "ერედიანოს" დაუბრუნდა.

მუჭორექ, წიე?
ლორიების გარდა, სხვა ქართული გვარის მქონე ფეხბურთელებიც გვხვდებიან. მაგალითად, ვენესუელელია 20 წლის თავდამსხმელი ოსვალდო ანთია, რომელიც ადგილობრივი პრიმერა დივიზიონის კლუბ "არაგუაში" გამოდის.

ურუგვაელია მარცხენა მცველი ხავიერ მანუელ ბენია, რომელმაც კარიერა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "ლამპრა ხუნიორსში" დაასრულა. ავსტრიელია ფიფას არბიტრი ფლორიან სარია. ხორხე ოსვალდო უბირია კი, 30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, ბუენოს აირესთან ახლოს ქალაქ სარატეს "დეპორტივო ობრეროში", დაბალი ლიგის ტურნირში გამოდის.

კოტ დ'ივუარის ახალგაზრდული ნაკრებისა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ "ტურის" წევრია 21 წლის ცენტრფორვარდი კრის ბედია.

ფრანგულ "ლილში" ირიცხება წარმოშობით მადაგასკარელი, საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ ბერია. მან ამ გუნდის ფორმა 220-ჯერ მოირგო. 32 წლის მცველი მანამდე "მეცის" ღირსებას იცავდა (93 მატჩი). ახლა კი ვეტერანი მოთამაშე "ლილის" დუბლებში გადაიყვანეს.

Sportall.Ge

1950 წელს "მარაკანაზე" გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ურუგვაიმ ბრაზილია 2:1 დაამარცხა. მეორე ტაიმში ურუგვაელებმა ბრაზილიელთა კარი ორჯერ აიღეს, გამარჯვების მომტანი გოლი კი ალსიდეს ედგარო გიჯიამ გაიტანა და ურუგვაი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ქართულ-ბასკური ნათესაური კავშირების მკვლევარი, მწერალი დათო ტურაშვილი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის ბასკი ჯიქიაა და ურუგვაიში 1939 წელს ფრანკოს რეჟიმისგან გაქცეულ ბევრ ბასკთან ერთად აღმოჩნდა.

თუმცა "ვიკიპედიაში" წერია, რომ გიჯია (უფრო სწორად - გიჯა) იტალიური წარმოშობისაა.

ბასკების ლელო!
დაბოლოს, ძალიან საინტერესო ნაწყვეტს მოვიხმობთ ნიკო მარის ნაშრომიდან:

"ბურთი - ეს წმინდა საგანია. ბურთის თამაში კულტის გადმონაშთია, როგორიც უნდა იყოს თამაშის ტექნიკა, იქნება ეს მოთამაშის წინაშე საგანგებოდ აღმართული მაღალი კედელი, როგორც ბასკებს აქვთ, ან მებრძოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბურთის ბოლომდე გატანაში. ამასთან, მიღწევას აგვირგვინებენ გამარჯვების ყიჟინით - LELO!, რაც ღვთაების სახელი უნდა იყოს.

გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს სწორედ იმ ღვთაების სახელია, რომელმაც თავისი სახელი - ლელო - ბასკური ეპოსის ერთ-ერთ შემონახულ ფრაგმენტში დაგვიტოვა: ეს ფრაგმენტი რომის იმპერატორ ოქტავიანესთან ბრძოლის შესახებ იწყება სწორედ ამ ოთხტაეპიანი ლექსით - "ლელო! ილ ლელო!" და ასე შემდეგ.

ყოველივე ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, როცა ლაპარაკია ბასკონიაზე, სადაც ბურთის თამაში - "ღვთაებრივი თამაში" - უკვდავ კულტად არის გადაქცეული და ოდესღაც თვით ბასკების ბურთის თამაში იყო".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ეხლა გეტყვით ერთ ცნობილ ფაქტს პირველ ბასკს რომელიც დასახლდა ბასკეთში ქვია აიტორი - ეს ნიშნავს აიას ქვეყნიდან მოსულს მათ ენაზე!! სამწუხაროდ მათ დღემდე არ იციან სად იყო აიას ქვეყანა სომხები კი ტვინს უბურღავენ ჩვენ ვართო აიას ქვეყანაო აქ კი საქართველოში კოლხეთს და კოლხურ კულტურას ომი აქვს გამოცხადებული.....
ioseb
09:54 15-06-2017
0
თუ ასეთი გვარები არის ბასკებში ლორია, წურწუმია და ა.შ. და მეცნიერები ამტკიცებენო რომ ეს ბასკები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასცლეულში უკვე მკვიდრობდნენ ესპანეთში, ეს არალოგიკურია რადგან ეს ქართული გვარები მაგდენი ხნის არარიან და საერთოდ გვარი როგორც ასეთი მაგ დროს საერთოდ არ იყო ბასკეთში კი არა საერთოდ მსოპლიოში. აქედან გამომდინარე ბევრად ახალგაზრდაა ეს დასახლება და უეჭველად ქართული პესვების მქონე. უბრალოდ მსოპლიოში არ არსებობს ერი ან ადამიანი ვინაც ასე ქართული მენტალიტეტით დაარქვას ნივთებს ან მოვლენას სუფთა ქართული სახელი - არ ჩანდა.
daviti
12:57 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული