34 წლის დავით სირაძემ განცხადება სოციალურ ქსელში 25 აპრილს გაავრცელა:
"ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რადგან მათი დიდი დამსახურება იყო წარმატებები ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მადლობას ვუხდი გოჩა ავსაჯანიშვილსა და სოსო გილაურს, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადამადგმევინეს საფეხბურთო გზაზე. ასევე მადლობას ვუხდი კახა ცხადაძეს, რომელმაც მომცა საშუალება და შანსი, ფეხი შემედგა პროფესიონალურ ფეხბურთში. მისმა ნდობამ განაპირობა მთელი ჩემი მომავალი
ბედნიერი ვარ იმით, რომ ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება და მე შევძელი მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგომა მოედანზე, როგორებიც არიან კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული, რომლებსაც ერთ დროს ტრიბუნიდან ვგულშემატკივრობდი.
დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი წარმატებისათვის მიმეღწია ჩემს საფეხბურო კარიერაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ასე არ მოხდა.
მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს. მე მუდამ ვრჩები ქართული ფეხბურთის ქომაგად და ეს ჩემი ვალიცაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა დაკავშირებული იქნება ისევ საფეხბურთო სფეროსთან. აქვე მინდა რჩევა მივცე ახალგაზრდა ფეხბურთელებს: იმისათვის, რომ იყო სამაგალითო ფეხბურთელი, საჭიროა იმ წესების დაცვა, რაც აქვს ფეხბურთს - ესაა გულმოდგინე შრომა, რეჟიმი და ნებისყოფა.
სამწუხაროდ, საფეხბურთო კარიერა არც ისე ხანგრძლივია და ყველა ფეხბურთელს ვუსურვებ, რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს მათი საფეხბურთო გზა. ვთვლი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ შანსი, ითამაშონ უკვე გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით, რათა მათ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.
დაბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, რომელთა სიყვარულსა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვისა და დამოკიდებულებისათვის, რომელიც ამ წლების მანძილზე არ დაგიშურებიათ და მინდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა უდიდეს როლს თამაშობს ფეხბურთელის შემართებაში!".
სირაძეს ქვეყნის ეროვნულ გუნდში 28 მატჩში უთამაშია, რომლის მაისურით 8 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, სხვადასხვა დროს ის თბილისის "ლოკომოტივის", ბერლინის "უნიონის", ტრირის "აინტრახტის", აუეს "ერცგებირგეს", "პადერბორნის", ნალჩიკის "სპარტაკისა" და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა. ბოლოს დათო მოლდოვურ "დაჩიაში" გამოდიოდა.