აი, როგორ ზრდის თაობებს გერმანული სისტემა...

AutoSharing Option
მიმართულება, რომელიც სახტად დატოვებს იმ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც სწორი ფეხბურთის სწავლებას ინდივიდუალიზმის ჩაკვლასთან აიგივებენ და ბავშვებს ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს უკრძალავენ.

ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, ბევრი ფიქრობდა, რომ გერმანის ეროვნული ნაკრები და კლუბები გრანდის სტატუსს ინერციით ინარჩუნებდნენ. ისინი სტაბილურად წარმატებულად გამოდიოდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე, კონტინენტის საკლუბო ტურნირებზე. მაგრამ იმ პერიოდში ბუნდესკლუბებმა და ეროვნულმა ნაკრებმა ის ეფექტი და მიმზიდველობა დაკარგეს, რითიც მთელ მსოფლიოში ოდითგანვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ.

ჩამოყალიბდა აზრი,
რომელსაც ბევრი გერმანელი სპეციალისტი იზიარებდა და ეს გვესმოდა კიდეც, რომ კარგი ცხოვრების გამო გერმანელი ახალგაზრდები სარფიან პროფესიებს უფრო ამჯობინებდნენ, ვიდრე უზომო დატვირთვებით ფეხბურთში წვალებას...

ფიქრითა და დაკვირვებით
...მაგრამ 2014 წელს, ბრაზილიაში ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ეს თეორიები გააცამტვერა და ყველას აჩვენა, რომ გერმანული მანქანა არათუ არ გაუფერულდა, არამედ მოდერნიზაცია მოახერხა და კვლავაც ისეთივე შეუვალი ავტორიტეტია, როგორც დაარსების შემდეგ "მერსედესი" და BMW.

გერმანული ფეხბურთი, "მერსედესი" და BMW ისეთი თემებია, რაც ყოველთვის კამათს იწვევს - ყველას ერთი ფეხბურთი და მანქანის მარკა არ მოსწონს. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ სამივე გერმანული პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ბრენდია და მათ დრო ვერაფერს აკლებს. 2014 წლის მუნდიალზე იოახიმ ლიოვისა და ბუნდესგუნდის გასაოცარი გამოსვლა ადასტურებს, რომ გერმანელები მართლაც საათივით მუშაობენ.

გერმანული ფეხბურთის წარმატებები შემთხვევითი არ არის და ამ წარმატებებს საფუძველი დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ჩაუყარეს. გერმანიაში ნიჭიერების მოძიებისა და აღზრდის პრობლემა არსებობდა. ამის გამო, იქაური საფეხბურთო კავშირში ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაამუშავეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ლაპარაკობდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ გერმანული საფეხბურთო ცენტრების სისტემა სამაგალითოა და რომ მისი საქართველოში დანერგვა სურს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად როგორ ამზადებენ გერმანელები პატარა ტალანტებს და როგორ ახერხებენ მათ ვარსკვლავებად ჩამოყალიბებას.

გერმანული მოდელი ჩვენთვის საინტერესო იმიტომაც არის, რომ საქართველოში, რაც თავი გვახსოვს, სულ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი. მაგრამ მოზარდების დიდების ფეხბურთში გადასვლის ეტაპებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაცნობიერებული არ გვაქვს. არადა, რეალურად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის.

მასალა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, მომზადებულია ფრანკფურტის "აინტრახტის" ბავშვთა მწვრთნელის მონათხრობის მიხედვით...

გერმანული სისტემა
ეს ერთიანი სისტემაა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის (გსკ) ეგიდით მოქმედი ჯგუფებისა და პროფესიულ კლუბებთან არსებული საფეხბურთო სკოლებისთვის სავალდებულოა.

ბავშვების სავარჯიშოდ გერმანიის ყველა ფედერალურ მიწაზე (სულ 16) 387 მოედანი შეარჩიეს. ჯგუფებში 10-დან 12 წლამდე ბავშვებს ავარჯიშებდნენ. უმცროსი ასაკის ჯგუფებში 15 ბავშვზე მეტი არ აჰყავთ და მათ ორშაბათობით 17 საათზე ავარჯიშებენ, 13-16 წლის ბიჭებს კი - 18:30-ზე, დროს კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბავშვების შერჩევები ჯერ დაბალი დონიდან იწყება. ფედერალური მიწების გუნდებისთვის ტურნირებსა და ტესტ-მატჩებს ატარებენ, რაიონებისა და ოლქების ნაკრებებში კი ბავშვები ადგილობრივ მწვრთნელთა რეკომენდაციით აჰყავთ. საფეხბურთო ცენტრების მწვრთნელი ვალდებულია, მათთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს. საბოლოოდ, შერჩეულებს სავარჯიშოდ გსკ-ის ცენტრებში იწვევნ, ნიჭიერები კი განსაკუთრებულ კონტროლზე აჰყავთ - ბავშვი სავარჯიშო ცენტრიდან არაუმეტეს 25 კილომეტრში უნდა ცხოვრობდეს.

ყველა ჯგუფს გსკ-ის ლიცენზიის მქონე სამი მწვრთნელი ავარჯიშებს. ისინი მთავარ და დამხმარე მწვრთნელებად არ იყოფიან და აბსოლუტურად თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. თუმცა, ყოველ კვირას სავარჯიშო პროცესს მონაცვლეობით ადგენენ, რაც გსკ-ის მიერ შემუშავებულ მეთოდზეა დამყარებული, ხოლო ხანგრძლივ საწვრთნელ-სავარჯიშო პროგრამას თავად გსკ ადგენს. მასში წარმოდგენილია სამწვრთნელო გეგმები, ფეხბურთელთა მომზადების ახალი მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, ტაქტიკური სწავლებები, რომელ ასაკში რაზე უნდა გამახვილონ ყურადღება...

დინამიკა და ზაფხულის სკოლები
მწვრთნელები გაწეულ სამუშაოზე გსკ-ს ანგარიშს ყოველთვიურად აბარებენ, თითოეული ბავშვის ტაქტიკურ და ტექნიკური მომზადებას, მის დადებით და უარყოფით მხარეებსა და პერსპექტივას აანალიზებენ, ყოველწლიურ დინამიკას ადევნებენ თვალს, ეს მონაცემები კი გსკ-ის საინფორმაციო ბაზაში აღირიცხება.

ზრდის დინამიკას ტესტებით ამოწმებენ, რომელსაც მოთამაშეს წელიწადში ორჯერ უტარებენ. გსკ-ის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ 12 და 16-წლამდელი ბავშვები არიან.

თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის დაწერილია ვარჯიშების მეთოდები. სწავლების სავალდებულო პროგრამაშია:

- 10 საგანგებო ვარჯიში მეკარეებისთვის; 10 საგანგებო ვარჯიში გსკ-ისგან, ორი სავალდებულო ტესტირება.
გერმანიაში ამისთვის არსებობს სპეციალიზებული კომპანია, სადაც ფედერალური მიწებისა და ოლქების სპორტული ინსტიტუტების თანამშრომლებს იწვევენ.

მნიშვნელოვანია იმ საფეხბურთო კლუბებში არსებული სკოლების როლი, რომლებიც რომელიმე ცნობილი ვარსკვლავის სახელს ატარებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ, რადგან მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა სოციალურ პროექტად განიხილება.

ამის მაგალითია ფრანკფურტის "აინტრახტის" ეგიდით კარლ-ჰაინც კიორბელის მეირ დაფუძნებული სკოლა. იქ გათვალისწინებულია არდადეგებზე საფეხბურთო კვირის ჩატარება, რომლის ღირებულებასაც (160 ევრო) მშობლები იხდიან. საინტერესოა, რომ იგივე დროით ჩვენს ბავშვებს შეკრებებში 400-500 ლარს მაინც სთხოვენ. არადა, გერმანიისა და ჩვენი პირობები ერთმანეთს როგორ უნდა შევადაროთ?..

დღეში ბავშვები ორჯერ ვარჯიშობენ და კვირაში ორ ტურნირს თამაშობენ. მათ ეკიპირებით "აინტრახტი" ამარაგებს: თითოეულს ჩუქნიან ბურთს და ყველანაირ სავარჯიშო ინვენტარს, უზრუნველყოფენ კვებით. ვარჯიშებისთვის სამი ბალახის და ორი წიდის მოედანი გამოიყენება. ეს მოედნები იმავე ხარისხისაა, როგორსაც დიდების გუნდნები იყენებენ.

ჯგუფები ფასიანია, მაგრამ იმხელა მოთხოვნაა, რომ ადგილს ორი წლით ადრე ჯავშნიან. ბევრი ფეხბურთის გაგებაში არც არის, მაგრამ თამაში სურს. საზაფხულო სკოლებში განსაკუთრებით ნიჭიერებს არჩევენ.

საწყისი ეტაპი
ამ ჯგუფებში 7-დან 14 წლამდე ბავშვებია და მათ შემდეგ ასაკებად ჰყოფენ: 7-8, 9-10, 11-12 და 13-14. თითოეულ ჯგუფში ბავშვები ოთხად იყოფიან, საათნახევარი ვარჯიშობენ და შემდეგი მიმართულებით ამეცადინებენ:

1) კოორდინაციის განვითარება; 2) ტექნიკური ილეთების ათვისება; 3) კარში დარტყმა; 4) სათამაშო ვითარებების მოდელირება.

დილით ყველაზე პატარები 45 წუთი კოორდინაციის განვითარებაზე მუშაობენ, 9-10-წლიანები - ტექნიკური ილეთების ათვისებაზე; ვარჯიშის მეორე ნაწილში ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. დიდებშიც იგივეა: ერთი ჯგუფი 45 წუთი კარში დარტყმებს ხვეწს, მეორე - სათამაშო ვითარებების მოდელირებას ცდილობს. მთელი ამ კვირის განმავლობაში თითოეული ამ მიმართულებით ბავშვები რამდენჯერმე იტვირთებიან.

თითოეულ ჯგუფში ორი მწვრთნელია, ძირითადად - ვეტერანი ფეხბურთელები. გერმანელები ამ ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და თანაბარი განათლების შემთხვევაში, უპირატესობას ყოფილ ფეხბურთელს აძლევენ. და თუ ის ბუნდესლიგაშია ნათამაშები, კონკურენციის გარეშე აჰყავთ. ამჟამად გერმანულ სკოლებში ბევრი ვეტერანი მუშაობს.

საფეხბურთო გუნდებში არის აკადემიებიც, სადაც 8-10 და 11-12 წლების ასაკის საუკეთესო ბავშვები გადაჰყავთ. იქ კვირაში სამჯერ ავარჯიშებენ. 12 წელზე უფროსებს სატესტო ვარჯიშები უტარდებათ. აკადემიის ხარჯებს სპონსორები აფინანსებენ, მშობლები კი არაფერს იხდიან. აქ გაცილებით მიზანმიმართული საწვრთნელი პროცესია, ვიდრე საზაფხულო სკოლებში.

დიდი ყურადღება მთავარ სათამაშო ელემენტებს ექცევა: 1) მოთამაშეთა მოქმედება დაცვასა და თავდასხმაში; 2) პოზიციის შერჩევა მოედანზე მოთამაშის ადგილმდებარეობისა და სათამაშო ვითარების მიხედვით; 3) გახსნა და უბურთოდ თამაში; 4) დაცვის ზონური მეთოდისა და ურთიერთდაზღვევის ათვისება.

დიდი ყურადღება ექცევა კოორდინაციისა და ტექნიკის განვითარებას, რაც ავტომატიზმამდე უნდა დავიდეს.

გსკ-ის ჯგუფების სასწავლო პროგრამა
ასაკობრივი ჯგუფი U12
მთავარი მიმართულებები: 1) დრიბლინგები, ცრუ მოძრაობები კორპუსის ჩადგმით, ფინტები; 2) გუნდური თამაშის საფუძვლები (გადაცემები, ბურთის მიღება, გახსნა); 3) თამაში მცირე ზომის მოედანზე (რაც ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებას. პლუს, ასწავლიან პრესინგის წინააღმდეგ თამაშს);

ამ ასაკში რეკომენდებულია ორმხრივი თამაშები 7X7 ფორმატში (ნახევარი წელი), შემდეგი ნახევარი წელი კი 11X11 ფორმატში - მეზობელი რეგიონების გუნდებთან.

ამ ასაკობრივი ჯგუფის საწვრთნელი პროცესის მთავარი მიმართულება სახტად დატოვებს იმ ქართველ "პროფესორ" სპეციალისტებს, რომლებიც სწორი ფეხბურთის სწავლებას ინდივიდუალიზმის ჩაკვლასთან აიგივებენ და ბავშვებს ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს უკრძალავენ.

ასაკობრივი ჯგუფი U13
მთავარი მიმართულებები: 1) მოთელვითი პროგრამის გაცნობა, კოორდინაციის განვითარება, მეკარეთა ვარჯიშები, რაც რეაქციისა და ნახტომის განვითარებას ემსახურება; 2) ტაქტიკის საფუძვლების გაცნობა: მცველების მიერ ბურთისა და პარტნიორების გადაადგილების კონტროლი. ბავშვები თამაშობენ 1X1-ზე, 2X2-ზე, 3X3-ზე, 4X4-ზე. სწავლობენ ოთხი მცველით ზონურ თამაშს; 3) გახსნა და თანაგუნდელებისთვის პასის დროული მიწოდების სწავლება.

ამ ასაკში რეკომენდებულია 11X11 ფორმატში ამხანაგური თამაშები სხვა რაიონების გუნდებთან. ამ ასაკში ოფიციალური მატჩები არ ტარდება. გერმანელები ამით ბავშვებს ხალისის პერიოდს უგრძელებენ, ოფიციალური თამაშებისთვის დამახასიათებელ სტრესებს არიდებენ და ფსიქოლოგიურად ნაადრევად არ ფიტავენ. მაგრამ ატარებენ ბევრ ტურნირს და სპარინგებს კერძო სკოლების გუნდებთან.

ამ გუნდების საბაზო ტაქტიკური სქემა 3-4-3-ია.

ასაკობრივი ჯგუფი U14
მთავარი მიმართულებები: 1) წინა წელს კოორდინაციასა და ტექნიკაზე ნასწავლის გამყარება-განვითარება. იგივე ხდება მეკარეების შემთხვევაშიც; 2) დაცვაში თანამედროვე თამაშის გაცნობა (ნახევარი წელი) - ოთხი მცველით ზონური თამაშის უკეთ ათვისება, კონტრშეტევების წამოწყება, სიღრმიდან პასი პირველის გაკეთება, ბურთის დაკარგვის შემდეგ დაცვაში სწრაფად დახევა, ტაქტიკური ელემენტის დამუშავება, როცა მოთამაშეები ბურთის ხაზზე განლაგდებიან; 3) ასწავლიან გახნასა და თანაგუნდელისთვის პასის დროულ მიწოდებას.

ამ ასაკშიც 11X11 ფორმატში სხვა რაიონების გუნდებთან ამხანაგურად თამაშობენ, გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება კი 4-4-2-ით იცვლება.

ასაკობრივი ჯგუფი U15
მთავარი მიმართულებები: 1) აქაც მთავარია კოორდინაციისა და ტექნიკის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მეკარეთა რეაქციისა და ნახტომის განვითარება; 2) დაცვაში თანამედროვე თამაში: შეთანხმებულ მოქმედებებს ასწავლიან მცველებსა და ნახევარმცველებს, პლუს - უკანახაზელებს. გარდა ამისა, მცველებს სწრაფ და საიმედო თამაშს აჩვევენ; 3) შემოქმედებითი თამაში - მუშავდება შეტევების ფლანგებიდან ორგანიზება, კომბინაციური თამაშის სხვადასხვა ვარიანტები, შეტევებში მცველთა და ნახევარმცველთა ჩართვა, გადაცემა, შეტევის ცენტრალურ ზონაში ჯვარედინად გადაადგილებები.

ამ ასაკშიც შენარჩუნებულია თამაშის სტილი - 11X11 ფორმატში კვლავ ამხანაგურად სპარინგობენ. გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება კი ორია - 4-4-2 და 4-3-3-ია.

ასაკობრივი ჯგუფი U16
მთავარი მიმართულებები: 1) ეს პუნქტი უცვლელია და მიზნად წინა წლებში ნასწავლის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებას ისახავს; 2) სიახლე ისაა, რომ ფეხბურთელებს მაღალ ტემპში თამაშს აჩვევენ; 3) ხდება სათამაშო მომენტების მოდელირება; 4) მუშავდება გუნდური ტაქტიკა: თამაშის ორგანიზება მეტოქის სწრაფი გადაადგილებისას, როგორ უნდა შეაჩერონ მცველებმა შეტევები. უკანახაზელები შეთანხმებულ მოქმედებებს ამ ასაკშიც ხვეწენ, დამატებით კი გუნდი სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას ითვისებს.

ამ ასაკშიც 11X11 ფორმატში ბევრი ამხანაგური მატჩი იგეგმება. გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება აქაც ორია - 4-4-2 და 4-3-3.

* * *
გსკ-ის (გერმანიის საფეხბურთო კავშირის) პროგრამით სწავლებას ბავშვები 16 წლის ასაკში ასრულებენ. მთლიანობაში, ნიჭიერების არაერთგზის გასინჯვისა და შერჩევის შედეგად, გერმანული საბავშვო-მოზარდთა საფეხბურთო სისტემა 12-დან 16 წლამდე ასაკში ბავშვების პროფესიულ დონეზე გაზრდას უზრუნველყოფს. მათი შემდგომი ზრდა კი უშუალოდ საფეხბურთო გუნდების სკოლების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

გამორჩეული ნიჭის ბავშვებს სამივე ლიგის (ბუნდესლიგა, II ბუნდესლიგა, III ლიგა) გუნდების მწვრთნელები აკვირდებიან და სელექციას იწყებენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 20 /
Aმ ამ მეთოდებში რაც აქ წერია ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ამხანაგურებს ათამაშებენ ბავშვებს და არა რაღაც ქულებზე დახარბებულ სპლიყვებს არ ზრდიან.ცალკე მწვრთნელები ჯღავიან და ანევროზებენ ბავშვებს ცალკე მშობლები .ამხელა კაცი უცებ დავნევროზდები ხოლმე ამ ყველაფრის ყურებისას.ეს მეთოდი აუცილებლად გასათვალისწინებელია და კიდე ვიღაცა მაინც უნდა ესწრებოდეს თამაშებს ფედერაციიდან თორე ყველა ტურნირზე ერთიდაიგივე ბავშვებს ათამაშებენ შედეგის გულისთვის.სანამ ერთნი ითამაშებენ და მეორენი კედელთან დასჯილი ბავშვებივით იქნებიან აყუდებულები,სანამ მამიკოების პატივისცემებით დაწინაურებული ბავშვები სულ ძირითადში იქნებიან,სანამ ზბორზე არ წამსვლელებს დაჩაგრავენ არაფერი გვეშველება
zviad
17:32 03-05-2016
0
ბატონო გუჯა,მაშინ გამოდის რომ სფფ-ში ან "გენიოსები" სხედან ან კიდევ უარესი-მოგზავნილები
მურთაზი
13:32 02-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული