კოლხეთის დაბრუნება
...მაგრამ გამოჩნდა, რომ უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბ კლუბს მეტის პოტენციალი გააჩნია. ყოჩაღ თემურ ბარქაიას, რომელმაც იმდენი ქნა, რომ გუნდი საკუთარ ქალაქში დააბრუნა. რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმებით, "კოლხეთმა" მეორე წრის რამდენიმე საშინაო მატჩი მორაგბეთა სტადიონ "პარკი არენაზე" ჩაატარა. სწორედ იქ გამოჩნდა, როგორ მონატრებიათ და ჰყვარებიათ ფოთში ფეხბურთი. "კოლხეთმა" სარაგბო არენაზე ხუთივე
კლუბში თვლიან, რომ "პარკი არენა" გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. ამაზე "კოლხეთის" კაპიტანმა გიორგი ლემონჯავამ ილაპარაკა:
"საშინაო მატჩების საკუთარ ქალაქში გამართვა ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ფოთელებს კი ფეხბურთი უზომოდ უყვართ და ამას თავიანთი თანადგომით გამოხატავენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი "პარკი არენაა". მართალია, "დინამოსა" და "სამტრედიასთან" დავმარცხდით, მაგრამ ყოველ საშინაო თამაშზე ტრიბუნები სავსეა, რაც ბიჭებს ძალებს გვმატებს".
მაგრამ რაგბის კავშირის კეთილშობილური ჟესტი დიდხანს ვერ გაგძელდება - სტადიონი მორაგბეებისაა და ცხადია, საფეხბურთო გუნდს იქ მუდამ ვერ დააბინავებენ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდემდე დარჩება "კოლხეთი" ხიზნის მდგომარეობაში და როდის დაუბრუნება მშობლიურ "ფაზისს"?
ჩაშლილი იუბილე
ფოთის ცენტრალური სტადიონის აშენებას 2008 წლიდან უშედეგოდ ელიან. მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა. უსტადიონო "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" ატარებდა. ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბს ეს დამატებით პრობლემებს უქმნიდა. ლანჩხუთის სტადიონის ერთი მატჩისთვის დაქირავება 2 400 ლარი ჯდებოდა, პლუს - ტრანსპორტის ხარჯები.რამდენიმე წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში ფოთში სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანიმ" სამუშაოები მალევე შეაჩერა. ადგილობრივმა მთავრობამ კომპანიას ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის მოტივით გაუწყვიტა.
რატომ დაირღვა სატენდერო პირობები და რატომ ვერ შეასრულა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები, ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.
შარშან, იანვარში, ფოთის მერიამ "ფაზისის" სტადიონის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია "ხიდმა", კონტრაქტის თანახმად, გამოყოფილი 1,69 მილიონი ლარით დასავლეთ ტრიბუნის აშენება დაივალდებულა. თუმცა, ფოთის მერიამ თანამშრომლობა ამ კომპანიასთანაც იმ მოტივით შეწყვიტა, რომ სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული. მაშინ ითქვა, რომ თანხები "შეჭამეს".
ამის გამო, სტადიონის მშენებლობა (სადაც დასავლეთის ტრიბუნა 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინათ და 1940 მაყურებელზე იყო გათვლილი) აუხდენელ ოცნებად გადაიქცა, დიდი ფოთელის, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კი სტადიონის ნაცვლად, ფოთის თეატრმა უმასპინძლა.
არადა, ერთი ხანობა, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა.
სად წავიდა 3,9 მილიონი ლარი?
ამ დროისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,7 მილიონი ლარის დიდი ნაწილი გახარჯულია, გაკეთებული კი თითქმის არაფერია, ხოლო მშენებლობა - შეჩერებულია. ქალაქ ფოთის ადმინისტრაცია კომპანია "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანის" 453 ათას ლარს ედავება, ხოლო კომპანია "ხიდს" გრაფიკისა და ხელშეკრულების დარღვევებისთვის - 97 700 ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ხიდის" დამფუძნებელი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ნახევარ მილიონზე მეტი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა...
მაგრამ ეს დავები ფეხბურთის მიღმაა, ფაქტი კი ის არის, რომ ჯერჯერობით, უცნობია, ქალაქის მერია ახალ ტენდერს როდის გამოაცხადებს და მშენებლობა როდის დასრულდება. მანამდე, ფოთის "კოლხეთს" მატჩების ჩატარება კვლავ "პარკი არენაზე" ან ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" მოუწევს.
ფოთის მერიაში სადავო თანხების ამოღების შემდეგ მის მობილიზებას აპირებენ. წესით, სატენდერო პროცედურები ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. სტადიონის მშენებლობისთვის შედარებით რეალურ იმედად ბიუჯეტიდან დამატებით 1,2 მილიონი ლარის გამოყოფა რჩება.
ახლა შევაჯამოთ: "ფაზისის" აშენებაზე უკვე დახარჯულია 2,7 მილიონი ლარი და დამატებით 1,2 მილიონს ითხოვენ, ანუ, ჯამში 3,9 მილიონ ლარი უნდა გამოიყოს. ეს იმ დროს, როცა ფოთის სტადიონზე ერთი ტრიბუნა აშენდა. ამაზე რას იტყვით?!
აშკარა-დაუჯერებელი!
ამ დროს, გაუგებარია, რატომ არავინ იბერტყავს ყურებს, როცა ბელგიური კომპანია "ევროქონექშენის" ქართველი წარმომადგენელი 7-ათასიანი, უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონების აშენებას 750 ათას ევროდ გვთავაზობს? კომპანია კონტრაქტით დებს პირობას, რომ სტადიონი უსაფრთხოებისა და მდგრადობის პირობებს დააკმაყოფილებს, რადგან სრულად ითვალისწინებენ და იცავენ ევროკავშირის უშიშროების სტანდარტებს, მშენებლობას კი 6-7 თვეში ამთავრებენ.
ამ მასალებითა და ტექნოლოგიებით წამოჭიმეს ჰოლანდიაში "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "სპარტას", "როდას", "ბრედას", "გრონინგენის" სტადიონები, ბელგიაში "როზენდაალის" არენა, შოტლანდიაში - "სენტ მირენის" სტადიონი და ასე შემდეგ.
ბელგიელებს საქართველოში მშენებლობის უფლება რომ მიეღოთ, 7-ათასიანი სტადიონი, ფოთის გარდა, სხვა ქალაქშიც გვექნებოდა.
საინტერესოა, როდემდე უნდა აშენდნენ ფეხბურთის ხარჯზე და ამით როდემდე უნდა იზარალოს ქართულმა ფეხბურთმა? ასეთი ტკბილია ბიუჯეტის ფულები და იმდენად დავკარგეთ ქვეყნის შენების სურვილი, რომ ფულის გარდა, არაფერი გვაინტერესებს? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ფულის ხვრა არ ჩანს?
საერთოდ, ვინმე ახსნის, რატომ სჯობია ერთ სტადიონზე 4 მილიონამდე ლარის გამოყოფა, როცა ამით ორი არენა აშენდება? რა, ბნელა?
სამწუხარო ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჯერაც ვერ მივხვდით - ამ ქვეყანას სხვა ვერ ააშენებს. ეს ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. ძალიან დიდი სირცხილია, 7 წლის განმავლობაში, იქ, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა, ერთ პატარა სტადიონს რომ ვერ აშენებ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"