ამ ხნის განმავლობაში ბევრი ცდილობდა, თავისებურად შეეფასებინა თუ გადაეფასებინა იმ პერიოდის მოვლენები,
როდესაც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე დავიწყე წერა, პირველი, რაც აღმოვაჩინე, არის ის, რომ დიდი დრო გასულა იმ მოვლენებიდან და 40 წელზე უმცროსთ არც ის ამბები ემახსოვრებათ და არც მაშინდელი პოლიტიკური თუ საფეხბურთო ვითარება. სწორედ იმით დავიწყოთ, როგორი იყო მაშინდელი საქართველო. ძნელია, გაავლო ხაზი, სად მთავრდებოდა ფეხბურთი და სად იწყებოდა პოლიტიკა. თქმა არ უნდა, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობას, უპირველესად, საბჭოთა კავშირში დაწყებულმა დემოკრატიულმა ძვრებმა შეუწყო ხელი. როგორც მოვლენათა განვითარებამ დაგვანახა, საბჭოთა კავშირის დაშლა არც იყო მიზანი, გარდაქმნა იყო ჩაფიქრებული.
სწორედ ქართული ფეხბურთი იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა საბჭოთა რეალობაში და რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსიც ჰქონდა...
1978 წლიდან საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის სპორტულ გადაცემათა რედაქციაში ვმუშაობდი კორესპონდენტ-კომენტატორად. თავიდან, რამდენიმე წელიწადი შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი, პატარ-პატარა სიუჟეტებს ვამზადებდი. 1982 წლიდან კი დავიწყე გადაცემათა ციკლი "საქართველოს საფეხბურთო მიმოხილვა". ძირითადად საქართველოს მაშინდელი პირველობა შუქდებოდა. კარგად მახსოვს გადაცემის აუცილებლობა რამაც განაპირობა, შტატგარეშე კორესპონდენტობასთან ერთად თბილისის "შევარდენში" ვთამაშობდი. ბატონ ალიოშა კოტრიკაძეს უხაროდა, რომ კარგი თავდამსხმელი იპოვა. თბილისში ჩატარებულ მატჩებში, როცა ნორმალური მსაჯობა იყო, გოლები გამქონდა და იოლად ვიმარჯვებდით.
მერე მოვიდა ორი გასვლითი შეხვედრის დროც. ზედიზედ ახალციხეში და ასპინძაში ვითამაშეთ, ორივე წავაგეთ, მაგრამ მთავარია, რა პირობებში ვითამაშეთ, განსაკუთრებით, ასპინძაში. მანამდეც მითამაშია საქართველოს პირველობაზე და ვიცოდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მსაჯობა რაიონში, მაგრამ ის, რაც ასპინძაში ხდებოდა, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და დღემდე არ მავიწყდება. მასპინძელი ფეხბურთელები რაგბის წესებით გვეთამაშებოდნენ, მათზე საერთოდ არ ინიშნებოდა საჯარიმო, ჩვენი ყველა შეტევა თამაშგარე მდგომარეობად ფიქსირდებოდა. თამაში, ყველაფრის მიუხედავად, 2:2 მთავრდებოდა, მაგრამ მსაჯმა იმდენ ხანს გააგრძელა შეხვედრა, რამდენიც გადამწყვეტი გოლისთვის დასჭირდათ მასპინძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გოლის გამტანმა ბურთი ხელით გაისწორა...
სწორედ ასპინძაში ჩატარებულმა იმ მატჩმა დამაფიქრა იმაზე, რომ არ შეიძლება ჩემპიონატი ასე უკონტროლოდ ტარდებოდეს. სპორტულ გადაცემათა მთავარ რედაქტორს დავით ქლიბაძეს შევჩივლე ეს ამბავი და ვუთხარი, მოდი, საქართველოს ჩემპიონატი გავაშუქოთ-მეთქი. იდეა მოეწონა, მაგრამ მკითხა, ვინ ივლის თელავში და წალენჯიხაშიო. მე ვივლი, არ მეზარება, პირიქით, მიხარია-მეთქი. ჩემთვის გავიფიქრე: საქართველოს ჩემპიონატს ხომ გავაკონტროლებთ, თანაც გავიხარებ სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში ჩასვლით. პირველ წლებში "საფეხბურთო მიმოხილვებს" მარტო ვამზადებდი, შემდეგ კი ჩემი მეგობარი ტატო ლასხიშვილი შემომიერთდა და რიგრიგობით გავდიოდით ეთერში...
იმ პერიოდში სპორტულ გადაცემათა რედაქციაში რამდენიმე კომენტატორი იყო: კოტე მახარაძე, ნუგზარ ჯუღელი, ჯამლეტ ხუხაშვილი, თემურ ჯაფარიძე, ტატო ლასხიშვილი და მე. 1983 წელს ბათუმის "დინამომ" ჯერ საკავშირო მეორე ლიგის IX ზონაში გაიმარჯვა, შემდეგ პირველ ლიგაში გადასასვლელი ტურნირიც მოიგო და 1984 წლიდან ქუთაისის "ტორპედოსთან" და ლანჩხუთის "გურიასთან" ერთად პირველ ლიგაში დაიწყო თამაში.
სპორტულ გადაცემათა რედაქციამ გაითვალისწინა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი და სამივე ჩვენი გუნდის საშინაო თამაშების რადიორეპორტაჟები დაგეგმა. სეზონის წინ კომენტატორები შევიკრიბეთ და გადაწყდა, ქუთაისში რეპორტაჟებზე ივლიდა ტატო ლასხიშვილი, ბათუმში - ნუგზარ ჯუღელი, ლანჩხუთში - მე. ლანჩხუთის "გურიაზე" და ამ გუნდთან ჩემს ურთიერთობაზე ცალკე მოგითხრობთ. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სწორედ ლანჩხუთის "გურიამ" თქვა ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
1988 წელს აგორებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა 1989 წლისათვის უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა. 1989 წლის 9 აპრილმა გამოაღვიძა ერი. 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარების მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც 21 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. იმავე წლის ზაფხულში ლანჩხუთში არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის გუნდი ჩამოვიდა "გურიასთან" სათამაშოდ. მე იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, თამაშზე თითქმის მთელი საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა, დაცული იყო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეშინოდათ, საფეხბურთო მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. იმ პერიოდში თავისუფლებისთვის იბრძვიან ბალტიისპირელები, ეთნოკონფლიქტია სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, დაძაბულობაა მოლდავეთში, უზბეკეთში...
რა ხდება ამ დროს ფეხბურთში? ჩვენი 13 საუკეთესო გუნდი საკავშირო პირველობაზე თამაშობს და მათი შედეგები ასეთია: საკავშირო II ლიგის მეცხრე ზონაში დამაჯერებლად გაიმარჯვა სოხუმის "დინამომ", რომელმაც შემდეგ პირველ ლიგაში გადასასვლელი ტურნირი მოიგო, აჯობა პავლოდარის "ტრაქტორს" და ფერგანის "ნეფტიანიკს". გადამწყვეტი მატჩი 9 ნოემბერს გაიმართა სოხუმში "დინამოსა" და "ნეფტიანიკს" შორის. მატჩის ტელერეპორტაჟი მე წავიყვანე, სოხუმლებმა დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე - 2:0. სოხუმში ყოფნისას შევხვდი აფხაზეთის ფეხბურთის მესვეურებს: მიქამბას, გაბისკირიას, მილჩენკოს, ჯაიანს, მათი საუბრიდან ჩანდა რა სერიოზული გეგმები ჰქონდათ. არც იყო გასაკვირი. აფხაზეთი ხომ ოდითგან ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი საბადო იყო.
საკავშირო II ლიგის მეცხრე ზონაში, სადაც ჩვენს გუნდებთან ერთად აზერბაიჯანისა და რუსეთის რამდენიმე გუნდიც გამოდიოდა. კარგად ჩაატარა სეზონი ფოთის "კოლხეთმა", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, სამტრედია მეოთხე ადგილზე გავიდა, ხობი - მეხუთეზე, გორი - მეექვსეზე, დანარჩენი ჩვენი გუნდების შედეგები კი ვერ იყო სახარბიელო. ოზურგეთი მეთორმეტეზე გავიდა, რუსთავი - მეცამეტეზე. თბილისის "შევარდენი" - მეოცეზე და თბილისის ოლიმპიური მომზადების ცენტრის გუნდი კი ბოლო, ოცდამეორე ადგილზე.
პირველ ლიგაში ძალიან კარგად იასპარეზა ლანჩხუთის "გურიამ" - მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ქუთაისის "ტორპედო" მეცამეტე ადგილზე გავიდა, ბათუმის "დინამო" კი - მეთვრამეტეზე. რაც შეეხება თბილისის "დინამოს", 1983 წლიდან დაწყებული ვარდნა გააგრძელა და უმაღლეს ლიგაში 16 გუნდში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა...
აი, ასეთი იყო პოლიტიკური და საფეხბურთო ფონი, როდესაც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის გაჩაღდა ბრძოლა.
ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობა 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში სრულიად საქართველოს საფეხბურთო ყრილობამ გადაწყვიტა. ყრილობის მუშაობაში საქართველოს ყველა კუთხიდან 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა და უნდა ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობით, ფაქტობრივად, ერთხმად (მხოლოდ 21 დელეგატი არ გვეთანხმებოდა) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ფეხბურთი გამოყოფოდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას და დამოუკიდებლად შესდგომოდა საკუთარი ფეხბურთის განვითარებას.
როგორც აღვნიშნე, სრულიად საქართველოს წარმომადგენლობითმა ყრილობამ მიიღო საფეხბურთო დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ამ იდეის გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ: ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, საფეხბურთო ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის "ეროვნულ ფრთას", ქართულ პრესას და ტელევიზიას, განსაკუთრებით გაზეთ "ლელოს" და ლანჩხუთის "გურიას". ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავტორიტეტი და მხარდაჭერა რომ არა, იდეას ძირშივე მოსპობდა მაშინდელი საქართველოს მარიონეტული ხელისუფლება.
საფეხბურთო ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის "ეროვნული ფრთის" თანმიმდევრული, შეუპოვარი მოქმედება და კარგად გათვლილი სვლები რომ არა, საფეხბურთო დამოუკიდებლობის იდეა ჰაერში გამოკიდებული, ხორცშეუსხმელი, მხოლოდ სიტყვებად დარჩებოდა. ჩვენი პრესის და, განსაკუთრებით გაზეთ "ლელოს" დამსახურება ის იყო, რომ ფაქტობრივად, ამ გაზეთში გაჟღერდა ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობის იდეა, ამ გაზეთის ფურცლებზე გაჩაღებულმა დისკუსიამ დამოუკიდებლობის თემა ახლობელი გახადა ხალხისთვის და დიდი როლი ითამაშა იდეის გამარჯვებაში. ლანჩხუთის "გურიას" 11 ფეხბურთელის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ეროვნული ჩემპიონატი არ ჩატარდებოდა, ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას საკავშირო პირველობაში, ანგრევდა მაშინ საფეხბურთო წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ უნდოდათ ეროვნული ჩემპიონატი. "გურიას" ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ "გურიამ" 1989 წელს, როგორც მოგახსენეთ, პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და 1990 წლისთვის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიპოვა. "გურიას" ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა შორის პირველ რიგებში სწორედ კალათბურთლები იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე...
ზურაბ პეტრიაშვილი
.