ჩისკო მუნიოსმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
36 წლის ჩისკო მუნიოსმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ამიერიდან ის "ხიმნასტიკის" ტექნიკურ შტაბში იმუშავებს. ესპანელი ფეხბურთელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ჩისკო გიორგი აბურჯანიას გუნდელი იყო. ჩისკო "ვალენსიის" ექსფეხბურთელია. ფეხბურთის ქართველ ქომაგებს ის უფრო თბილისის "დინამოდან" ახსოვთ, სადაც 2011-14 წლებში თამაშობდა.

ჩისკო "დინამოსთან" ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2013, 2014), ორჯერ მოიგო თასი (2013, 2014), ერთხელ კი სუპერთასი (2014). 2012/13 წლების სეზონში ის 24 გოლით გახდა საუკეთესო ბომბარდირი, მომდევნო წელს კი ამისთვის 19 გოლიც ეყო.

2012 წელს
სფფ-მ ის ორ სხვა ფეხბურთელთან ერთად საუკეთესოდ დაასახელა.

2013/14 წლების სეზონის მიხედვით, გაზეთმა "ლელომ" ჩისკო საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელა. "დინამოში" თამაშის ბოლო სეზონში ის გუნდის კაპიტანი გახდა, 2014 წლის დეკემბერში კი ესპანეთში დაბრუნდა და "ხიმნასტიკში" ჩაირიცხა.

"ვალენსიასთან" ერთად ჩისკომ ლა ლიგა (2004) და კოპა (1999) მოიგო. 2004 წელს ის "ღამურების" შემადგენლობაში უეფას თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ "ტვიტერზე" გამოაცხადა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული