ირაკლი ძარია: ყაზახეთში გამზადებულ კონტრაქტს ვეღარ მოვაწერე ხელი

AutoSharing Option
27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარია ყაზახეთში, კერძოდ, პავლოდარის "ირტიშში" ცდილობდა დამკვიდრებას. ეს იყო და, ძარია ჩვენი თვალთახედვის არიდან გაქრა. თუმცა გუშინ მაინც მოხერხდა მასთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა...

ვიდრე უშუალოდ "ლელოსა" და ძარიას საუბარზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ის საფეხბურთო საზოგადოებამ ფოთის "კოლხეთიდან" გაიცნო. ამის შემდეგ ძარია "ზესტაფონში" გადავიდა, სადაც 6 წლის განმავლობაში ითამაშა. ამას მოჰყვა თბილისის "დინამო", ბოლოს კი გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერი იყო...

როგორც აღმოჩნდა, ის ყაზახეთიდან დაბრუნდა. რა და როგორ მოხდა, ამას ჩვენი მკითხველი ძარიას ინტერვიუდან შეიტყობს.

-
თქვენზე ბოლოს ვიცოდით, რომ ყაზახურ "ირტიშში" ვარჯიშობდით. რა მოხდა შემდეგ?

- ყაზახურ გუნდში 8 ლეგიონერზე მეტის ყოლა არ შეიძლება. როგორც იცით, გუნდმა ჩვენებურ ფეხბურთელთან, ჩემს მეგობარ შოთა გრიგალაშვილთან გააფორმა კონტრაქტი. გრიგალაშვილი გუნდის მერვე ლეგიონერი იყო.

ალალად ვამბობ, "ირტიშის" ბულგარელ მთავარ მწვრთნელს, დიმიტარ დიმიტროვს ძალიან მოეწონა ჩემი თამაში. იმისთვის, რომ ჩემთვის განაცხადში ადგილი გაეთავისუფლებინა, ერთი ლეგიონერიც კი გაუშვა გუნდიდან. მაინცდამაინც ამ დროს, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ირტიშს" ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. როგორც ითქვა, კლუბს მისი ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელის ვალი ჰქონია, თუ რაღაც ასეთი...

მოკლედ, გამზადებულ კონტრაქტს ვეღარ მოვაწერე ხელი. ეს იყო სულ, რაც ყაზახეთში გადამხდა თავს...

- "ირტიშის" მატჩებს თუ დაესწარით?
- კი, ორ თამაშს დავესწარი. ყაზახეთში რომ ჩავედი, ეგრევე "ასტანასთან" მატჩზე მიგვიყვანეს. ძალიან კარგი თამაში იყო. ფრედ დასრულდა. დაძაბულობა და ტემპი იყო პირველიდან ბოლო წუთამდე. მერე იყო "ჟეტისუსთან" მატჩი და, სხვათა შორის, სწორედ ამ თამაშში უნდა მეთამაშა მეც. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მინდორზე ვერ გავედი.

ის კი არა, საერთოდ გუნდში ვეღარ დავრჩი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც...

- ანუ, არის შანსი, რომ გუნდში დაბრუნდეთ?
- მწვრთნელს ძალიან უნდა. მას უნდოდა, რომ სხვა ყაზახურ გუნდში გადავსულიყავი და ამის შემდეგ დამაბრუნებდნენ "ირტიშში", მაგრამ ეს გარკვეულ დროს წაიღებდა და ვეღარ დაველოდე სიტუაციის გარკვევას, ავდექი და წამოვედი საქართველოში.

- "ირტიშის" მწვრთნელზე რას იტყვით?
- დიმიტარ დიმიტროვი მაღალი დონის სპეციალისტია. გუნდურ, შემოქმედებით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ხომ გითხარით, ჩემ მიმართ ძალიან კარგად იყო განწყობილი, მაგრამ...

- პავლოდარელთა ქართველი ახალწვეული შოთა გრიგალაშვილი როგორ ფორმაშია?
- მას ტრავმა აწუხებდა, მაგრამ თანდათან შევიდა ოპტიმალურ ფორმაში და ძალიან კარგადაც ითამაშა. მე გეუბნებით იმას, რასაც თავად ვუყურე. ტრიბუნების განსაკუთრებული მხარდაჭერაც ჰქონდა. "დავაი, გრუზინ, დავაი!" - ლამის მთელი სტადიონი გაჰყვიროდა. ყოველივე ეს იმ დიდი სახელის დამსახურებაა, რაც გოგიტა გოგუამ დატოვა ამ კლუბში.

- გოგუაზეც მინდოდა, მეკითხა...
- პირდაპირ ვიტყვი, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით, ის მეფესავით იყო პავლოდარში. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივს სცემენ დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში აღარ არის და "ორდაბასიში" გადავიდა. გულშემატკივრები მას ახლაც უდიდესი სითბოთი მოიხსენიებენ.

- ყაზახეთის ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი დონის პირველობაა და ამაზე აღარც კამათობენ. პროგრესიც ლამის ყოველდღიურია. ინფრასტრუქტურის მხრივაც აშკარად წინ მიდიან. ყველა გუნდს ჰყავს მაღალი დონის ლეგიონერები და ეს ამ გუნდების ევროთასებზე ასპარეზობის ხარისხზეც აისახება.

- პავლოდარი როგორი ქალაქია?
- ძველებური სტილის ქალაქია. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გასართობია, მაგრამ ფეხბურთის თამაში თუ გინდა, ითამაშებ. ამისთვის, იქ ყველა პირობაა. ყაზახურ ფეხბურთში დიდი ფინანსები იდება და სწორედ ამის დამსახურებაა, იქაური კლუბები ბოლო დროს ასე რომ მოძლიერდნენ. აგერ, "ასტანამ" ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა...

- თქვენს მომავალზე რას იტყვით? სად გიხილავთ ახალ სეზონში?
- მაინც მაქვს იმედი, რომ ყაზახეთში დაბრუნება მოხერხდება. რა თქმა უნდა, არ ვუკადრისობ საქართველოს ჩემპიონატში თამაშს, მაგრამ მინდა, სხვა ქვეყანაში მოვსინჯო ძალა. ქართული კლუბებისგანაც მაქვს შემოთავაზებები...

მოკლედ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. ჯერ ზუსტად მეც არაფერი ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ძაროოოო
აქტაუ
08:57 15-07-2016
0
ეგ არაფერია იმასთან შედარებით რაც ცვენ "ამომავალ ვარსვკლავებს"ემართებათ არაევროკავშირობა რო უშლით ხელს გუნდებშიოსახვედრად არადა აფრიკელი და და ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელები თავისუფლად ხვდებიან სადაც მოუნდომებენ აყვანას ქართველი უნდა იყოს დისციპლინის ქვეშ და რეჟიმისტი თორემ კაპიკია მისი ფასი გაიფხაკურებენ ერთს და რა მესი რა მარადონა თავი ყველაზე მაგარი გონიათ აძარიასი დს ნებისმიერი ქართველის წარმატება გამიხარდება და სულით და გულით ვუგელშიმატკივრებ მაგრამ...
kaxa
17:57 14-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული