ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ერევანში, ადგილობრივი "ალაშკერტის" წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა სომხეთის დედაქალაქში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

ამ გუნდების ერთი კვირის წინანდელი დაპირისპირება თბილისში "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ალეკო კაკაურიძე ერევნიდან
ქართველ ჟურნალისტთა მოზრდილი ჯგუფი თბილისის "დინამოსთან" ერთად გავემგზავრეთ ერევანში, სადაც დღეს საქართველოს ჩემპიონი სომხურ "ალაშკერტს" ეთამაშება.

პირველი მატჩი თბილისში "დინამომ" 2:0
მოიგო და წყვილის ფავორიტადაც ითვლება, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ისეთი რამეა, მოდუნება არაფრით არ შეიძლება და ცხადია, ეს დინამოელებმაც კარგად იციან.

...კომფორტული მიკროავტობუსით ერევნისკენ 09:30 საათზე დავიძარით. უპრობლემოდ გადავკვეთეთ საქართველო-სომხეთის საზღვარი და საკმაოდ ლამაზ ქალაქს, იჯევანს მივადექით. სხვათა შორის, ეს ის ქალაქია, სადაც საქართველოდან დევნილი, ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბანაკდა და სომხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა...

იჯევანშივე დავაგემოვნეთ პირველად სომხური სამზარეულო და უნდა ითქვას, ძალიანაც მოგვეწონა. ვერ ვიტყვით, რომ ის ქართულისგან გვარიანად განსხვავებულია, უბრალოდ, პურის ნაირსახეობებში მეტი სხვაობა შევნიშნეთ...

იჯევანიდან ერევნამდე დაუბრკოლებლად ვიმგზავრეთ. სომხეთის დედაქალაქისკენ სავალ გზაზე თვალში მოგვხვდა სევანის ტბის ულამაზესი სანახები, რომელთა ნახვაც თვალს ახარებს - ინფრასტრუქტურა მთლად მოწყობილ-მოვლილი არ არის, მაგრამ ეჭვგარეშეა, იქ დასვენება ერთი დიდი სიამოვნება უნდა იყოს...

ვუახლოვდებოდით ერევანს და, ცოტა არ იყოს, შეშფოთება გვიპყრობდა - ყველამ კარგად ვიცით, რა მოვლენებიც განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთის დედაქალაქში. მაგრამ არაფერი დაძაბულობის მსგავსი - სომხეთის მთავარი ქალაქი სიმშვიდით შემოგვეგება.

ეგაა, ერთ კონკრეტულ ადგილას ვითარდება მოვლენები და როგორც ბოლოს შევიტყვეთ, მძევლები კვლავ არ არიან გათავისუფლებულები. ადგილობრივ პოლიციას მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს, თუმცა ქართველ ჟურნალისტთა ნაწილმა მაინც მოახერხა მოვლენების ეპიცენტრთან მიახლოება...

გავიარეთ ერევნის ძველი, ლამაზი ქუჩები, ტუფის ქვით ნაშენი შენობები და დავბინავდით სასტუმრო "ნაირში", რომელიც არც მთლად ქალაქის ცენტრშია და არც - გარეუბანში. ფაქტია, აქ სიწყნარეა, თავს კომფორტულად ვგრძნობთ და დღევანდელ მატჩზე ვმსჯელობთ...

სასტუმროდან გავემართეთ ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონისკენ, სადაც გაიმართება კიდეც დღევანდელი შეხვედრა. პირველი, რაც თვალში გვეცა, ესაა მინდვრის შესანიშნავი საფარი. გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, "დინამოსა" და "ალაშკერტს" დღეს ტექნიკური ფეხბურთის თამაშისთვის ყველა პირობა ექნებათ, რადგან, როგორც აღვნიშნე, სტადიონის მინდორი ავ თვალს არ ენახვება.

სხვათა შორის, სწორედ მინდვრის საფარის გამოა, რომ აქ ატარებს თავის მატჩებს სომხეთის ეროვნული ნაკრებიც. ამ ქვეყნის უმთავრეს გუნდს კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი ისევ მთავარზე.

Sportall.Ge

"ალაშკერტმა" შემტევი დაკარგა
"ალაშკერტ არენაზე" მწვრთნელების ტრადიციული პრესკონფერენციები გაიმართა. პირველად ჩვენი ცნობისმოყვარეობა მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბრამ ხაშმანიანმა დააკმაყოფილა:

"ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ დაგვაკლდება თავდამსხმელი მანასიანი. მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა და უეფამ 3-მატჩიანი სასჯელი დაუმტკიცა. ის გუნდიდანაც წავიდა და კარიერას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს...

რაც შეეხება ჩვენს ცენტრალურ მცველ ტაშიჩს, მან თბილისურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, მაგრამ ექიმებმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს და ის თამაშს შეძლებს...

"დინამო" ის გუნდია, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა და ისტორია აქვს. სწორედ ეს ისტორიაა "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემა, რადგან ფეხბურთში ეს ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს".

ამის შემდეგ იყო "ალაშკერტის" ვარჯიში. წვრთნამ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა. ცხადი იყო, რომ ხაშმანიანს აქცენტი სწრაფ, კომპაქტურ თამაშზე ჰქონდა გადატანილი. 37-გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, ფეხბურთელები თავს არ ზოგავდნენ.

"ალაშკერტის" შემადგენლობაში ივარჯიშა ჩვენებურმა ირაკლი კვეკვესკირმაც და უნდა ითქვას, საერთო ფონზე ძალიან კარგადაც გამოიყურებოდა. სისწრაფე, აგრესია და სწრაფი გოლი - სომხური კლუბი დღეს ამ სამ შანსს ჩაეჭიდება.

იარაბეკი: ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
ეს იყო და, სტადიონზე თბილისის "დინამოც" გამოჩნდა და მალევე, ქართველი და სომეხი ჟურნალისტების წინაშე სტუმართა მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი წარდგა.

- პირველ შეხვედრაში არ უთამაშია ნიკა გელაშვილს, უჩა ლობჟანიძემ კი მატჩის დროს მიიღო ტრავმა. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ლობჟანიძის შეცვლა იძულებით მოგვიხდა. ორივე ჩვეულებრივად ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

- როგორ თამაშს ელით სამშაბათს?
- მართალია, პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა ორივე შეხვედრაში ბოლომდეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. სომხები აუცილებლად შეეცდებიან, პირველ 30 წუთში გაგვიტანონ გოლი და ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

- პირველი მატჩის შემდეგ ორბურთიანი ფორა გაქვთ. ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებთ?
- ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!

- "ალაშკერტის" შემადგენლობაში თუ არიან თქვენთვის საინტერესო ფეხბურთელები?
- ნება მომეცით, ამ კითხვას არ ვუპასუხო...

- ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში "დინამოს" მატია შპიჩიჩი და სტეფან ველევი დააკლდნენ...
- ზუსტი ინფორმაცია გქონიათ. დიახ, სამწუხაროდ, ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგრამ "დინამოში" არის იმის რესურსი, რომ ისინი სათანადოდ შევცვალოთ.

- თბილისში თქვენ განაცხადეთ, რომ ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, გადაწყვეტილი არაფერია. თამაშის წინ შანსებს როგორ გადაანაწილებდით?
- თბილისშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ ვითამაშეთ მხოლოდ ერთი ტაიმი. მეორე ტაიმი შედგება 19 ივლისს. დიდ ბრძოლას ველით, შანსები კი 60/40-ზეა "დინამოს" სასარგებლოდ.

- ზოგადად, რა ამოცანები აქვს "დინამოს"?
- ჩვენ ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს. მათ შორის ის, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

Sportall.Ge

სომეხთა ლეგენდა: მოკითხვა გაზეთ "ლელოს", ჯამლეტს, ნუგზარს და მამუკას!..
"დინამოს" ვარჯიში მიდიოდა, როცა ჭარმაგი, 70-ს მიტანებული დარბაისელი სომეხი გამოგველაპარაკა. ამ კაცს აშკარად ეტყობოდა, რომ გარშემო მყოფნი უდიდეს პატივს სცემდნენ. აგვიხსნეს, რომ ეს იყო სომხეთში ლეგენდად ქცეული კომენტატორი სურენ ბაღდასარიანი.

როგორც კი გაიგო, რომ თქვენი მონა-მორჩილი "ლელოს" წარმოადგენდა, ინტერვიუ მთხოვა და თავადაც გამესაუბრა ჩემთვის საინტერესო საკითხებზე:

"ჩემი გაზეთი მაქვს, - მითხრა ბატონმა სურენმა. - მას "ფუტბოლ პლუსი" ჰქვია. სომხეთში, თუ გადაჭარბებად არ ჩამითვლით, ნომერ პირველი ტელეკომენტატორი ვარ. იყო დრო, საერთოდ მარტო ვეჭიდებოდი ამ საქმეს...

ჩემი დიდი მეგობრები არიან ჯამლეტ ხუხაშვილი და ნუგზარ ჯუღელი. ვამაყობ, რომ ჩემი უფროსი მეგობარი იყო კოტე მახარაძე - დიდი ლეგენდა. ძალიან გთხოვთ, ჯამლეტი და ნუგზარი მომიკითხეთ. მომიკითხეთ მამუკა კვარაცხელია, რომელიც სულ ახლახან ვნახე თბილისში და მისგან, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი...

რაც შეეხება თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას, მიმაჩნია, რომ "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. თბილისელთა შორის განსაკუთრებით მომეწონა რამდენიმე ფეხბურთელი... სხვათა შორის, ჩემი აზრით, ქართველებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე ლეგიონერებმა. განსაკუთრებით მომეწონა "დინამოს" ბრაზილიელი მცველის (რენე ფერეირა - ავტ.) თამაში. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 7 ნომერიც (ვახტანგ ჭანტურიშვილი - ავტ.)...

ერთი სიტყვით, პერსპექტიული ახალგაზრდული გუნდი გყავთ და წარმატებებს გისურვებთ...

სომხეთის დღევანდელი ნაკრები შეზღუდული შესაძლებლობების გუნდია. მხოლოდ ორი-სამი კაცი თამაშობს მაღალ დონეზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთზე წინ დგას. ქართულ ფეხბურთში უდიდესი ნიჭია. მე მივეკუთვნები თქვენი ფეხბურთის განსაკუთრებულ თაყვანისმცემელთა რიგს, რომელსაც უნახავს ყველა ქართველი ლეგენდა, ბორის პაიჭაძის გარდა. გამორჩევა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ალბათ მაინც სხვა იყო დავით ყიფიანი...

საკუთარი გაზეთი რომ მაქვს, უკვე გითხარით. დიდი ხანი ვიმუშავე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელად. მერე კონფლიქტი მომივიდა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასთან და ჩემი გაზეთის საშუალებით მათ ნამდვილი ომი გამოვუცხადე...

მოკითხვა მთელ საქართველოს, გაზეთ "ლელოს", ტრადიციებით მდიდარ გამოცემას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ", - გვითხრა ბატონმა სურენმა.

ოპტიმიზმი
ვარჯიშის დასრულების შემდეგ დინამოელებს დღევანდელი მატჩისა და ზოგადი განწყობის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ.

თავდაპირველად, გიორგი ქვილითაია გაგვესაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ, არავინ ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ აქ საბრძოლველად ჩამოვედით. დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ და თავს არ დავზოგავთ".

ჯაბა ჯიღაური: "არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა უპირატესობა მოვიპოვეთ პირველ შეხვედრაში. გუნდი ბოლომდე მზადაა ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება".

Sportall.Ge

მაშ ასე, დღეს, 19 საათზე, თბილისის "დინამო" ერევანში მეორედ ეცდება სომხეთის ჩემპიონის დამარცხებას. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" II არხი შემოგვთავაზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
kor საქართველოში 90 % ფეხბურთის პროფესორია და იცოდნენ რომ დილა წააგებდა წინასწარ :D:D
Zura
18:02 19-07-2016
0
მე 2-ჯერ ვიყავი სომხეთში. გიუმრიშიც და ერევანშიც ქართველებს დიდ პატივს სცემენ. გინდ დაიჯერეთ გინდ არა. ისეთებიც შემხვდნენ, ვისაც არ ვევასებით, მაგრამ უმეტესობა პატივს გვცემს.
ოღონდ თამაშის დროს არა. სხვა დროს კი. )))
ისე
17:56 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული