[მეტოქე ზაგრების დინამო] თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ზაგრების "დინამომ" შინ 3:2 მოუგო მაკედონიურ "ვარდარს" და გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მისი მეტოქე ჩვენი "დინამო" იქნება. ამ წყვილში მოგებულს ჯიბეში ექნება ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და ერთი ნაბიჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლამდე.

რა თქმა უნდა, ზაგრებში მყოფი იურაი იარაბეკი მეტოქის თაობაზე არაერთ საინტერესო დეტალს ჩაინიშნავდა, ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ პირველი შეხვედრის თაობაზე და ხორვატული გრანდის მწვრთნელის, ზლატკო კრანჩარის კომენტარსაც გავეცნოთ...

სქემა
ზაგრების "დინამომ" მაკედონიელებთან მატჩში 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით ითამაშა. ხორვატთა მთავარი
დამრტყმელი ძალა გუნდის ნახევარდაცვაა. აქ "დინამოს" ლიდერები - მარკო პიაცა და მარკო როგი თამაშობდნენ. საყრდენებს არ ვგულისხმობთ და, შუა ხაზში გამწესებული სამივე ფეხბურთელი ძალიან ხშირად ცვლის პოზიციებს.

აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა "მაქსიმირზე" მყოფ სლოვაკ კოლეგას რამდენიმე კარგი ფეხბურთელი "დაუმალა", მაგალითად, ჩილელი ლეგიონერები - ხუნიორ ფერნანდესი (82-ე წუთზე შევიდა) და ანხელო ენრიკეს იტურა (2012 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერში" მიიწვია, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა). სათადარიგო იყო პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდო.

მინუსები
სეზონის დასაწყისია და ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში. ყოველ შემთხვევაში, ასე გვიჩვენა ხორვატულმა მატჩმა და უშუალოდ ქართულ-ხორვატულ შეხვედრაში რა იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ისე, ქვეყნის ჩემპიონატი "დინამომ" ზაგრებულ დერბიში "ლოკომოტივას" ძლევით (3:1 საკუთარ მოედანზე) დაიწყო. გოლები ალჟირელმა ჰილელ სუდანიმ და ბოსნიელმა არმინ ჰოჯიჩმა (2) გაიტანეს.

მეტოქე ფავორიტია და ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ შანსი აუცილებლად ექნება საქართველოს ჩემპიონსაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის მინუსები, რომლებიც ზაგრებელთა თამაშში გამოჩნდა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"ვარდართან" საპასუხო შეხვედრამ გვიჩვენა, რომ "დინამოს" გუნდური მოქმედების სისწრაფე ვერ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზაგრებელები სულაც ვერ თამაშობენ "ძაფზე აცმულებივით". მათ გარჯაში ჭარბობს ინდივიდუალიზმი.

მეორე - მოწინააღმდეგის ნახევარმცველებს ძალიან არ უყვართ, როცა ხისტად ეთამაშებიან. თუ რამ პლუსი აქვთ დინამოელებს, ეს ტექნიკაა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ორთაბრძოლები მოვუგოთ.

"დინამოს" არ ჰყავს ისეთი დაცვის ხაზი, რომლის გარღვევაც არ შეიძლებოდეს. ცენტრალური მცველები, ხორვატიის ნაკრებში გამობრძმედილი გორდონ შილდენფელდი და არგენტინელი ლეონარდო სიგალი იდეალური სისწრაფით ვერ გამოირჩევიან. ძირითადის შემადგენლობის მარჯვენა მცველი პეტარ სტოიანოვიჩი კი დისკვალიფიკაციის გამო საერთოდ ვერ ითამაშებს ზაგრებულ მატჩში.

"დინამოს" უჭირს თავდასხმაშიც. როგორც ჩანს, კრანჩარი ჯერაც ეძებს სასურველ ვარიანტებს. ვნახეთ რა "დინამოს" ორივე თამაში, მაკედონიაშიც და ხორვატიაშიც, ერთ რამეში დავრწმუნდით: საქართველოს ჩემპიონს აუცილებლად ექნება საგოლე მომენტები. ზაგრების "დინამოს" ფილოსოფია ასეთია: თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს.

უმძლავრესი იარაღი
ხორვატიის ჩემპიონი იმ ყაიდის გუნდია, რომელსაც უმძლავრესი და ძალზე ეფექტიანი იარაღი - კონტრშეტევები შეგვიძლია დავუპირისპიროთ. ზაგრებელებს არ უყვართ მეტოქის კონტრიერიშები და ეს ნათლად გამოჩნდა თუნდაც მაკედონიელთა მიერ გატანილი მეორე გოლისას.

სტუმართა სწრაფი კონტრშეტევებისას ხორვატ მცველებს ძალიან უჭირდათ და ასე გავიდა მათ კარში მეორე გოლი. თბილისის "დინამოს" შეუძლია ასე თამაში. სხვებთან ერთად, იურაი იარაბეკს, შესაძლოა, ნიკა გელაშვილიც გამოადგეს, ვინც კონტრშეტევებისას ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

პიაცას გარეშე
გადაწყვეტილი ამბავია: "ვარდართან" მატჩის შემდეგ ზაგრების "დინამო" 21 წლის ლიდერმა, მარკო პიაცამ დატოვა. ის კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, პიაცა ნახევარი გუნდი იყო "დინამოს" ბოლო მატჩებში და აკი, დუბლიც გაიფორმა "ვარდართან" საპასუხო შეხვედრაში. მერე რა, რომ ორივე პენალტიდან გაიტანა. ჯერ ერთი, პენალტსაც გატანა უნდა, და მეორეც - ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ზეაქტიური იყო.

ბოლო ინფორმაციით, "იუვენტუსმა" პიაცაში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი წასვლა მაგრად დაასუსტებს "დინამოს", თუმცა, ისიც ცხადია, რომ ხორვატულ გრანდს კიდევ ჰყავს მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი, თუნდაც - ცენტრალური ნახევარმცველი, პიაცას სეხნია - როგი. ამბობენ, რომ ისიც უნდა გაიყიდოს (მას ძალზე სერიოზული მსურველები ჰყავს), თუმცა ჯერჯერობით ადგილზეა და თბილისის "დინამოსთან", თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ითამაშებს კიდეც.

იეჟინა თუ ედუარდო?
ყველას გასაკვირად, მაკედონიურ კლუბთან ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა პორტუგალიელი მეკარე ედუარდო. არადა, 33 წლის კიპერი არათუ თავის ქვეყანაში, მთელ ევროპაშია დაფასებული.

ეგაა, ედუარდო ასაკშია და, როგორც ჩანს, დაკარგა ძველი, კარგი თვისებები. ყოველ შემთხვევაში, კრანჩარი შედარებით ახალგაზრდა მეკარეს, 27 წლის ანტონიო იეჟინას ენდობა. ბოლო ორ შეხვედრაში ამ უკანასკნელის გარჯა იდეალური ნამდვილად ვერ იყო - პირველი გოლისას მას აშკარად შეეძლო გუნდის გადარჩენა...

მსაჯის ფაქტორი
ამბობენ, რომ ხორვატიაში თამაში ძნელია. ტელეეკრანიდან "მაქსიმირზე" განსაკუთრებული ქომაგობა სულაც არ ჩანდა, მაგრამ უშუალოდ სტადიონის ატმოსფერო მაინც სხვა საქმეა. აბა, რას უნდა დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ რუსმა არბიტრმა სერგეი ივანოვმა სტუმართა კარში დანიშნული ორიდან ერთი 11-მეტრიანი აშკარად "მოიგონა".

არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ, მაგრამ მაინც დავწერთ: განსაკუთრებით ზაგრებულ მატჩში თბილისის "დინამო" მზად უნდა იყოს მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, სწორედაც მსაჯობის კუთხით. რადგან მეტოქე ფავორიტია და თან ჩემპიონთა ლიგის ხშირი მონაწილეც, და ეს ფაქტორი ბევრ მსაჯს ქვეცნობიერად უზის გონებაში...

დინამო ზაგრები 2016/17
ფეხბურთელი მოქ. ას. მ. გ
მეკარეები
1. ანტონიო იეჟინა ხორვატია 27 2 -
34. ედუარდო პორტუგალია 33 66 -
40. დომინიკ ლივაკოვიჩი ხორვატია 21 0 -

მცველები
3. მარიო მუსა ხორვატია 26 6 1
19. იოსიპ პივარიჩი ხორვატია 27 61 6
22. ლეონარდო სიგალი არგენტინა 29 26 2
23. გორდონ შილდენფელდი ხორვატია 31 43 2
26. ფილიპ ბენკოვიჩი ხორვატია 19 11 0
35. ბორნა სოსა ხორვატია 18 2 0
37. პეტარ სტოიანოვიჩი სლოვენია 20 10 0
77. ალექსანდრუ მაცელი რუმინეთი 26 34 1
87. ჟერემი ტარაველი საფრანგეთი 29 26 2

ნახევარმცველები
5. ჟონასი ბრაზილია 24 0 0
7. მარიო შიტუმი ხორვატია 24 16 5
8. დომაგოი ანტოლიჩი ხორვატია 26 61 2
10. პაულო მაჩადო პორტუგალია 30 57 3
13. გონკალვეშ სანტუში პორტუგალია 29 40 0
14. ამერ გოიაკი ბოსნია 19 3 0
16. არიან ადემი მაკედონია 25 104 7
18. დომაგოი პავიჩიჩი ხორვატია 22 15 3
21. დანი ოლმო ესპანეთი 18 5 0
24. ანტე ჩორიჩი ხორვატია 19 67 10
28. ზვონკო პამიჩი ხორვატია 25 27 2
30. მარკო როგი ხორვატია 21 34 3
66. ალი ქარიმი ირანი 22 0 0
67. ფრანკო ანდრიაშევიჩი ხორვატია 25 10 3
90. დამირ შოვშიჩი ხორვატია 26 15 0

თავდამსხმელები
2. ელ არაბი ჰილელ სუდანი ალჟირი 28 76 36
9. ანხელო ენრიკესი ჩილე 22 27 8
11. ხუნიორ ფერნანდესი ჩილე 27 49 17
15. არმინ ჰოჯიჩი ბოსნია 21 31 16
27. დეიან რადონჯიჩი ხორვატია 25 2 0

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი, 15.11.1956

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
პატრიოტიზმის და ოპტიმიზმის ზეიმია რააა. ფუ, ფუ, ფუ. დარწმუნებული ვარ რო თბილისის დინამო გავა. ნუ მერე მაინც იტყვიან გაუვარდაო.
amat uyure raa
11:05 25-07-2016
0
ეს ტორპედოს ფანები ბოღმა და კომპლექსიანები რომ ხართ (ყველაზე არაა საუბარი) იმიტომ ვერ ეღირსებით კიდევ წლები ვერაფერრს )))
შემოდიხარ და წერ ასეთ უაზრობს,... ბიჭო ეს წეიღე მეიტანე ლოგიკა რატომ გაქვს -- გიოს მივმარატავ ამ შემთხვევაში ლიჩნად
FC DT 1925
10:57 25-07-2016
0

სიახლეები პოპულარული