სოსო ფრუიძე: "ზიმბრუსთან" მარცხის ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი გულარხეინობა იყო

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუმ" საჩხერის "ჩიხურას" დიდი სილა გააწნა - სახლში წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ ზესტაფონში 3:2 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ეს უკვე ქართული ფეხბურთის მწარე წარსულია. თუმცა ანალიზი და მიზეზების ძებნა არასოდეს არის გვიან. ევროთასიდან გავარდნის შემდეგ საჩხერელებმა მცირე ხნით დაისვენეს და ახლა შვებულებიდან და შოკიდან გამოვიდნენ.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს გუნდის თავს დატრიალებულ ამბებზე ველაპარაკეთ - რა შეემთხვა გუნდს ევროპალიგაზე და რა მდგომარეობაა დღეს?

- ევროპალიგაზე "ზიმბრუსთან" მარცხის შემდეგ ორი კვირა გავიდა, გუნდის აქტივობაზე
კი არაფერი ისმოდა, საკონტროლო შეხვედრაც მხოლოდ 20 ივლისს გამართეთ...

- ევროთასებზე მონაწილეობის გამო, სეზონისთვის მზადება ადრე დავიწყეთ და პაუზა გვჭირდებოდა. ამას გარდა, "ზიმბრუსთან" წაგება დიდი სტრესი იყო და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით, ისიც - მხოლოდ სამი დღით. მერე ისევ საჩხერეში შევიკრიბეთ და შემდეგ ერთკვირიან ციკლში ფეხბურთელები მსუბუქად დავტვირთეთ. ახლა უკვე ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით და ჩემპიონატის დაწყებამდე საკონტროლო მატჩებიც დავგეგმეთ.

- ბრძანეთ, რომ "ზიმბრუსთან" წაგება დიდი სტრესი იყო. გამოვიდნენ ფეხბურთელები ამ სტრესიდან?
- ამას უახლოესი თამაშები გვიჩვენებს. მაგრამ ეს რომ დიდი დარტყმა იყო, ორი აზრი არაა. ასე მხოლოდ მოთამაშეები არ ყოფილან - ჩვენც არანაკლები სტრესი გვქონდა. კიშინიოვში უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. ტყუილად არ ვამბობდი - ის შანსები რომ გამოგვეყენებინა, ახლა ასეთი ნირწამხდრები არ ვიქნებოდით.

- კიშინიოვში მოგების შემდეგ ამ წაგებას როგორ ახსნით?
- ბევრი ფაქტორით. ჯერ წმინდა საფეხბურთო ფაქტორებზე ვილაპარაკებ. დავიწყოთ იმით, რომ მოლდოვაში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. იქ მშვენიერი ბალახის საფარი იყო და ბურთის კონტროლით "ზიმბრუ" დავჩაგრეთ. უეფას სტატისტიკით, თამაშის მსვლელობისას ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ჩვენს სასარგებლოდ იყო 60/40-ზე. გასვლაზე ეს მშვენიერი სტატისტიკაა და მოლდოველებზე ჩვენს უპირატესობას ადასტურებდა.

ზესტაფონის მატჩისთვისაც ასეთი ჩანაფიქრით ვემზადებოდით: მეტოქე ბურთის ფლობითა და აქტიური გაგორებით უნდა დაგვემარცხებინა. მაგრამ ხომ გახსოვთ? - მოულოდნელად, ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მოედანი დაიტბორა. ასეთ მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი აღმოჩნდა და კოზირი ხელიდან გამოგვაცალა.

- ტაქტიკის შეცვლა არ გიცდიათ?
- ვცადეთ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ასეთი გაზონით მოლდოველებმა ისარგებლეს, რადგან ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები.

ძალიან ცუდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ორი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა - განუგრავას კიშინიოვში წითელი ბარათი უჩვენეს და დისკვალიფიცირებული იყო, გაბედავა კი ტრავმირებული გახლდათ. სამწუხაროდ, მათ შემცვლელებს ასეთივე წარმატებით არ უთამაშიათ...

კიდევ ერთი პრობლემა ფლანგები იყო. თუ დააკვირდით, მოლდოველებმა სამივე გოლი ფლანგური ჩაწოდებების შედეგად გაგვიტანეს. ჩვენ უფრო მჭიდროდ უნდა გვეთამაშა და ფლანგები გადაგვეკეტა. მაგრამ რატომღაც ბიჭებმა მეტოქესთან ახლოს თამაში ვერ მოახერხეს და ჩაწოდებების საშუალება მისცეს, რამაც სავალალო მდგომარეობაში ჩაგვაგდო. თამაში ვერც შეცვლებით გავამწვავეთ.

- წმინდა საფეხბურთო ფაქტორები ახსენეთ. არასაფეხბურთოზე რას გვეტყვით?
- ერთ-ერთი მთავარი არასაფეხბურთო ფაქტორი ჩვენი გულარხეინობა იყო. ევროთასებზე დაპირისპირება ორი რაუნდისგან შედგება და კონცენტრაცია ბოლო წამამდე აუცილებელია. ჩვენ კი პირველი მატჩი მოვიგეთ და ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები დამშვიდებულები იყვნენ.

ეს მხოლოდ "ჩიხურას" ფეხბურთელების სენი არ არის. ჩვენ პატარა წარმატებაც გვყოფნის, რომ მოვდუნდეთ და საზეიმო განწყობა შევიქმნათ, სტაბილური ხასიათი კი ვერა და ვერ გამოვიმუშავეთ.

- არადა, მოგება შეიძლებოდა...
- შეიძლებოდა კი არა, ვალდებულებიც ვიყავით, რადგან გასვლაზე პირველი შეხვედრის მოგება დიდი უპირატესობაა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რამაც ხალხი ძალიან გაანაწყენა, ჩვენს გულშემატკივარს იმედები ვერ გავუმართლეთ და შეუძლებელია, მათ არ დაეთანხმო. ამას ჩვენ თავად ყველაზე მეტად განვიცდით, მაგრამ ასეთია რეალობა და უნდა შევეცადოთ, მსგავსი საბედისწერო შეცდომები მომავალში მაინც აღარ დავუშვათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვინც ფული გააკეთა იმისი და ვინც აბრალებთ იმატიც
საჩხერელი
15:34 24-07-2016
0
რამდენი ფული დახარჯა ივანიშვილმა ჩიხურას და ესენი არ ტამაშობენ, ჩემპიონატს სოფლის სტადიონზე ატარებენ, ევროპა ლიგისას ზესტაფონში, არ ჯობდა დაეშალა ეს გუბდი და საჩერეში კარგი სტადიონი აეშენებიატ და შემდეგ ატამშონ გუნდი უმაღლეში, მაგრამ ფული ხომ უნდატ გუნდის ცოლ შვილს, არ გრცხვენიატ ერტი საჩხერელი რომ არ გყავტ სასტავში? წაეტრიეტ საჩხერიდან, ბერიკა შუკაკიდზე გაყარე დზმურად ეგენი და სტადიონს მიხედე, უცხოეტიდან გწერტ დზმა.
simartle
19:50 23-07-2016
0

სიახლეები პოპულარული