[ოთხშაბათის საკითხავი] რა გაგიკვირდა, პეპ?

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა "სიტის" და მანჩესტერს ეჩვევა. ერთ დღესაც, პეპი ტაქსიში ჩაჯდა და ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. გასეირნება აშკარად შედგა. ვიდეოში ჩანს პეპის თანამგზავრი, "სიტის" დიდი გულშემატკივარი, ულამაზესი გოგონა. გვარდიოლა მას ეკითხება - რომელია მისი ფავორიტი "სიტის" ყველა დროის ფეხბურთელთა შორის? გოგონა არც ფიქრობს, ისე პასუხობს - გიორგი ქინქლაძე! ქინქლაძე? გაკვირვებული ეკითხება პეპი...

- ქინქლაძე "სიტის" ყველა დროის საუკეთესო? - გვარდიოლა გაკვირვებულია [VIDEO]

აბა, როგორ არ გავკიცხოთ გიორგი ქინქლაძე? - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ტალანტი და, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაზე დიდი
ფეხბურთელიც - შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ვინ ჩივის, ცოტა მეტად მაინც რომ მოენდომებინა, გვარდიოლას მერე აღარაფერი გაუკვირდებოდა...

ასე კი, გიორგი ქინქლაძე დარჩა "სიტის" ლეგენდად. დარჩა ჩვენს ლეგენდად და განუმეორებელ, ერთადერთ სიყვარულად, მაგრამ ის ვერ შედგა, როგორც ჩვენი კონტინენტის, გნებავთ, მსოფლიო ვარსკვლავი. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ძალიან ბევრი სუბიექტური და ცოტაც - ობიექტური.

რაოდენ ბედნიერია ის გულშემატკივარი, ვინც მოესწრო გიორგი ქინქლაძის თამაშს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემს თაობას ფეხბურთი გიორგი ქინქლაძით, შოთა არველაძით, თემურ ქეცბაიათი, გოჩა ჯამარაულით და იმ მართლაც ძალიან კარგი ნაკრების ბიჭებით უყვარს, ეგრეც რომ ვერ გვარგუნეს დიდი სიხარული.

მაშინ ჩვენ ძალიან კარგ კლუბებში გვყავდნენ ფეხბურთელები. მთელი დღე თითქოს იმისთვის იყო, რომ მოსულიყო საღამო, ჩაგვერთო გენერატორი, რომელშიც ბოლო თეთრებით ნაყიდ ბენზინს ვასხამდით და ვუყურებდით ჩვენების თამაშებს...

ახლა ტურფა გაიაფდა და აღარც ფეხბურთს აქვს უწინდელი გემო. მაშინ თვეების განმავლობაში წვრილად მახსოვდა ყველა თამაშის ავ-კარგი. ახლა სულ ფეხბურთს ვუყურებ და მეორე დღეს ძლივსღა მახსოვს გუშინ ნანახი. გასაგებია, ჩემი მახსოვრობა მოცვდა და ამის ბრალიცაა, მაგრამ იქნებ, ყველაფერი არა?! იქნებ სათვალავშია ისიც, რომ ძველებურად კარგი ფეხბურთელები აღარ არიან? საქართველოში ეს რომ ასეა, ამას წყალი არ გაუვა და, მგონი, ზოგადად, მსოფლიოშიც უნდა იყოს ეს ტენდენცია...

სიტყვა გაგვექცა. ისევ ქინქლაძეს მივუბრუნდეთ. მე მახსოვს მისი პირველი გამოჩენა და ის აჟიოტაჟი, რომელიც ახლდა "მრეტებში" მის თამაშს. მახსოვს მისი თამაში ყველა კლუბში და უნდა დავწერო - ქინქლაძემ სანახევროდაც კი ვერ გამოავლინა თავისი ტალანტი.

მასშტაბით, ნიჭითა და გაქანებით ის დგას მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელებს შორის. დღეს სადაც ახსენებენ 90-იანი წლების უდიდეს ვარსკვლავებს - ზინედინ ზიდანს, ლუიშ ფიგუს, რონალდოსა და სხვა გამორჩეულებს, გიოს ადგილიც სწორედ იქაა.

ეს ჩვენ ვიცით. ეს ბოლომდე არ იცის ევროპამ და ეს მხოლოდ ქინქლაძის ბრალია. რა თქმა უნდა, იმ დროის საქართველოში ისიც დიდი საქმე იყო, ინგლისის ლეგენდა რომ შეიქმნა და "სიტის" ისტორიაში - გამორჩეულიც, მაგრამ მას ხომ მეტი შეეძლო? არ ვიცი, არსებობს თუ არა ფეხბურთში საიდუმლო, რომელიც არ იცოდა გიორგი ქინქლაძემ?

ძალიან მინდა, მის რომელიმე ნაკლზე, სერიოზულ ნაკლზე დავწერო. უნაკლო მხოლოდ ღმერთია და, რა თქმა უნდა, არც გიო იყო სრულყოფილი, თუმცა ნაკლის მოძიება ჭირს. პირველი და, ალბათ, მთავარი იყო ის, რომ მან მთლად კარგად არ იცოდა დაცვითი ფუნქციების შესრულება. ცხადია, ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ წინ და უკან თავდაუზოგავად მორბენალი ფეხბურთელი ვეღარ იქნებოდა გიორგი ქინქლაძე. ის დაკარგავდა იმას, რაც განუმეორებელ ფერთა პალიტრას სძენდა გიორგის თამაშს.

თანაც, კარიერის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, "დერბი ქაუნთიში" თამაშის დროს, გიო ქინქლაძემ ისწავლა (თუ ასწავლეს?) უკან ჩამოსვლა. ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთმა მთავარმა მოთხოვნამ გაჭრა - ქინქლაძე კაცს ყოველთვის ბოლომდე მოჰყვებოდა...

ქინქლაძეს ზოგი ნაკლად უთვლის იმას, რომ ფეხბურთისთვის, პრაქტიკულად, არ ჰქონდა მარჯვენა ფეხი. სამაგიეროდ, რა მარცხენა ჰქონდა! მის მარცხენაში იმდენი ნიჭი და ძალა იყო, ბარე ათ ფეხბურთელს შეშურდებოდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქინქლაძემ ბევრი იმუშავა მარჯვენა ფეხის "ამოქმედებაზე" და მას ეს არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, მას უბრალოდ ნაკლებად სჭირდებოდა ეს. ის თავის საკეთებელს ცალი ფეხითაც მშვენივრად აკეთებდა...

ერთადერთი ნაკლი, რომელსაც ასე თუ ისე ნაკლად ჩავუთვლიდი ქინქლაძეს, მისი მასშტაბურობაა. ხანდახან ის მაინც რჩებოდა ეპიზოდის ფეხბურთელად და მთელი თამაში ელოდა მისთვის ხელსაყრელ ორ-სამ მომენტს. ზოგჯერ მას არ ჰყოფნიდა ძალა, მთლიანად ეგდო ხელში მთელი თამაში და თავისი ჯანიანი ფეხებით გადაეწყვიტა მისი ბედი, ესეც - მხოლოდ დიდ ფეხბურთელებთან შედარებით.

მაგალითად, ეს ნიჭი ჭარბად ჰქონდა 90-იანი წლების დიდ "ათიანს" - ზინედინ ზიდანს. ეპიზოდებიო... და სამაგიეროდ, რა ეპიზოდები?! რას არ მივცემდი ახლა, ოღონდ ერთხელ კიდევ მაჩვენა ისინი... ცოცხლად მაჩვენა...

მაგალითად, გიო ქინქლაძეს ბევრი არაფერი გამოუვიდა ინგლისთან თბილისურ მატჩში. მანქანასავით ინგლისმა მაგრად მოგვახრჩო, იმაზე მაგრად, ვიდრე მანამდე - გერმანიამ. ჩვენ ამას არ ველოდით. ჩვენ ის თამაში ცუდ მოგონებად დაგვრჩა და ის კი დაგვავიწყდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვეთამაშეთ. სამაგიეროდ, ის მატჩი არასოდეს დაავიწყდება დევიდ ბექჰემს. მან ხომ თბილისში ნახა პირველად ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ყველა რომ კარგად ვიცნობთ...

ის მატჩი მეც არასოდეს დამავიწყდება. ჩვენ ხშირად ვისვრით მახსოვრობის სანაგვეზე ისეთ თამაშებს, რომლებშიც ჩვენი გუნდი უმწეოდ გამოიყურება. თითქოს, ესეც იმ თამაშთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ...

არ მავიწყდება ის თამაში და ამის მიზეზი გიო ქინქლაძეა. თამაშის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩებოდა. გიომ ბურთი მოიგდო და შემოგვთავაზა ძალიან მაგარი რეიდი. იმ მანქანასავით, ალვის ხეებივით ინგლისელებში ძალიან მაგრად გაძვრა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გაელვება, რომელიც მე უშუალოდ მინახავს. მაშინ, მგონი, პენალტიც იყო, რომელიც არ დაგვინიშნეს...

პრინციპში, გაელვებასავით იყო გიო ქინქლაძის მთელი კარიერა. რომელი ერთი გავიხსენოთ - კარდიფში გაბითურებული ნევილ საუთჰოლი, ტუნისის ნაკრებთან გასვლით მატჩში დადგმული შედევრი, გოლი ისრაელის ნაკრების კარში თუ მთლიანად მოტყუებული "საუთჰემპტონი"?

გაელვებები მორჩა და დარჩა სახელი. დარჩა ლეგენდა. პრაქტიკული თვალსაზრისით კი - თითქმის არაფერი. ესეც, ალბათ, არ იყო შემთხვევითი - გიო ხომ არასოდეს ყოფილა პრაქტიკული კაცი. მისი და სხვა მაგარი ქართველი ბიჭების ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა ერთხელაც ვერ ითამაშა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე.

დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა. საკლუბო კარიერაც ვერ ჰქონდა გიოს ისეთი, როგორიც ეკადრებოდა. ის დიდხანს შერჩა დივიზიონებს შორის მოგზაურ "სიტის", როგორც საკულტო ფეხბურთელი. შერჩა მაშინაც კი, როცა მას მთელი სერიოზულობით უხმობდა ინგლისური ფეხბურთის გრანდი - "ლივერპული". რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ და ვერც იმ შეცდომას გამოასწორებ...

შეცდომა იყო ისიც, რომ გიო ქინქლაძემ ხელიდან გაუშვა ამსტერდამის "აიაქსში" დამკვიდრების ძალიან მაგარი შანსი, ის შანსი, შოთა არველაძემ დიდებულად რომ გამოიყენა. ცოტა მეტი შრომისმოყვარეობა, ცოტა მეტი ჟინი და ჩვენ დღეს წერილს დავწერდით მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავზე...

რას ვიზამთ, ასე გამოვიდა. ის კია, რომ გიო ქინქლაძე, როგორც ფეხბურთელი, აღარასოდეს განმეორდება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მის თამაშს მოვესწარით. თამაშს, რომელსაც ვერანაირად მოჰყვები, ვერ ჩასვამ ჩარჩოებში. გიო ქინქლაძის თამაშს - მართლა თამაშს და მართლა სიამოვნებას!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ქინქლადზე ტამაშობდა გამორჩეულად ლამზ ფეხბურტს რაც გვიყვარს ყველა ბალეჩიკებს, მანჩესტერი იმ წელ ჩემპიონი გახდა და კანტანა დასახელეს პირველ ფეხბურტელად. სიტი გავრდა და ქინქლადზე დასახელეს მეორე ფეხბურტელად. პიროვნება იყო დზლიერი და მიტომ ჩაყვა გავრდნილ გუნდს პირველ ლიგაში. დღეს ყველას უტყდება გვარდნილ გუნდში ტამაში.
gurami
00:41 11-08-2016
0
ყველა კომენტარს არ ვკითხულობ, ბოლო ორიც საკმარისია...საჭირო დროს საჭირო გუნდში მოხვედრა მართლაც იღბალია და გიოს ეს არ გამოუვიდა ამა თუ იმ მიზეზთა გამო და "სახელი"-ს თუ უსახელოს ვეტყოდი, მესის და მარადონას, უფრო სწორად მარადონას და მესის თავისი ადგილი აქვთ ფეხბურთIს ისტორიაშI, სადაც ქინქლაძე შეიძლება არც მოიხსენიონ, მაგრამ ჩვენთვის ორივე მათგანზე დიდია. მერე რა, რომ ბედკრული საქართველოს შვილია და მისი ბედის ბორბალი ასე დატრიალდა. მადლობთ გიო, ასე რომ გვახარებდი,სამწუხაროდ იშვიათათ, მაგრამ განუმეორებლად. მუდამ იქნები ჩვენი ჯილა!
murtalo
01:47 11-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული