ინფრასტრუქტურა: ვინ გვართმევს საჩინოს?

AutoSharing Option
ჩაქვის ოდნავ ზემოთ რომ აუხვევთ და ორიოდ კილომეტრს გაივლით, მიადგებით ლამაზ სოფელ საჩინოს. იქვე პატარა მდინარე აჭყვა ჩამოუდის და ზედ საცალფეხო ბილიკით თუ გადახვალ, სტანდარტულ (105X68) კოხტა სტადიონზე აღმოჩნდები, 1970 წელს რომ აუშენებიათ ფეხბურთზე შეყვარებულ კომუნისტებს, კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვალერი ბოლქვაძეს, პარტორგ სულიკო დოლიძესა და ფიზკულტურის მასწავლებელ გივი ფირცხალაიშვილს.

მაშინ იქ არა მარტო საჩინოს, ზედა და ქვედა აჭყვასა და სხვა სოფლების ფეხბურთელები ბურთაობდნენ. მეტიც, საბჭოთა კავშირიდანაც ჩამოდიოდნენ გუნდები, ჩაქვში ცხოვრობდნენ და საჩინოში თამაშობდნენ... სტადიონი სოფლის საკუთრება იყო და ისეთი დრენაჟი ჰქონდა,
კოკისპირული წვიმისას წვეთი წყალი არ დგებოდა...

ამ 7-8 წლის წინ ამდგარა საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ვინმე სულხან ტაკიძე და ეს 50 წლის სტადიონი 2008 წელს ასევე საჩინოელ ირმა ჩელებაძეს გადასცა საკუთრებაში, რაზეც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის საფუძველზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) საქმეც კი აღძრულა!

ამ ტაკიძეს უთქვამს - საფეხბურთო მოედანი კი არა, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადავეცი ქალბატონ ჩელებაძეს საკუთრებაშიო, თან მე რა შუაში ვარ, კომისიამ გადასცაო!!! 2013 წელს ქობულეთის საკრებულომ ბათილად სცნო 2008 წლის გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ დამთავრებულა ბრძოლა სტადიონის ხელში ჩასაგდებად.

სექტემბრის დასაწყისში ვიყავი საჩინოში, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი თოთლაძის მიწვევით, გავიცანი სოფლის საკრებულოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ედნარ თურმანიძე და ვეტერანი ფეხბურთელი ემზარ ხალვაში, რომლებმაც მითხრეს, რომ სოფელი აღელვებულია და სტადიონის შენარჩუნებას ითხოვს...

თავად ვიყავი მოწმე, იმ წუთებში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები - "ავაზა", "საქართველოს უნივერსიტეტი", "ოლიმპი", "მთვარის გლობუსი" ერთიმეორის მიყოლებით როგორ ვარჯიშობდნენ საჩინოს კოხტა სტადიონზე...

თუ საფეხბურთო მოედნები არ იქნა, გუნდების უმრავლესობა აღარ ჩამოვა ზღვისპირეთში წინასასეზონოდ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტს უმალ დაეტყობა. ამიტომ ქალბატონ ირმა ჩელებაძეს ვთხოვ - დაუბრუნოს კუთვნილი სტადიონი სოფელს და ჩელებაძეების გვარი არ შეარცხვინოს, ბატონ ტაკიძეს და მისნაირ სტადიონის გამსხვისებლებს კი ვურჩევ, საკუთარ უფლებამოსილებებში კარგად გაერკვნენ!..

მამუკა კვარაცხელია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო მამუკა! ზესტაფონის მუნიციპალური სტადიონიც რომ გასხვისებულია და ზესტაფონს ფეხბურთი(როგორც ბავშვთა,ისე დიდების) რომ უსტადიონობით პარალიზებულია,იქნებ ამ თემასაც მიუძღვნა ერთი სტატია.
ლევანი
23:23 29-09-2016
0
ამ სტადიონზე გვქონდა თამაში ბაქოს ინტერის ახალგაზრდულ გუნდთან,რა დანგრევა ხელი შეავლეთ ცოტათი და მაგარი სტადიონი იქნება,გაიგვიძე ერო,სადმე კიდევ თუ ანგრევენ სტადიონებს საქართველოს გარდა?
zaza
22:41 29-09-2016
0

სიახლეები პოპულარული