ჩოხატაურის სტადიონსაც ეშველება - "ბორის პაიჭაძის" რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება

AutoSharing Option
სამი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ და ფეხბურთის ფედერაციამ ერთობლივი პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც ყველა რაიონში მინიმუმ ერთი სტადიონის აღდგენას (ან აშენებას) და გუნდის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ამ მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს და მოქმედ თუ განადგურების პირას მყოფ არენებს ათვალიერებს. ის უკვე ესტუმრა თელავს, ცაგერს, ლენტეხს, ამბროლაურს, ონს, ტყიბულს, ქუთაისს, მარტვილსა და გარდაბანს, სა
დაც სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სტადიონების რეაბილიტაციას აპირებს.

ყველა ამ რაიონში სტადიონები უეფას სტანდარტების შესაბამისად უნდა გარემონტდეს, რეკონსტრუქციის შემდეგ საქართველოს ასაკობრივი და უმაღლესი ლიგის მატჩები რომ ჩატარდეს, ზოგიერთი არენა კი საერთაშორისო მატჩების სამასპინძლოდაც განიხილება.

რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი გუშინ გურიაში გადაიდგა - ახლა სტადიონის რეაბილიტაცია ჩოხატაურში დაიგეგმა. არენა ქართული ფეხბურთის ლეგენდის, ბორის პაიჭაძის სახელობისაა და მისი რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ჩოხატაურის სტადიონი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და თავდაპირველად იპოდრომად გამოიყენებოდა, შემდეგ კი საფეხბურთო არენად გარდაიქმნა და ამჟამად მოსაწესრიგებელია, მაგრამ ნამდვილი სპორტული კომპლექსია - მის ტერიტორიაზე 2 სტანდარტული ბალახისსაფარიანი საფეხბურთო და 1 სარაგბო მოედანია, ტრიბუნა კი 2 ათას მაყურებელს იტევს.

ახლა სტადიონით 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს - სულ 400-მდე ბავშვი. კომპლექსის ირგვლივ არსებული ტერიტორია იმის საშუალებას იძლევა, რომ დამატებით ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი და 6-მდე მინი-მოედანი მოეწყოს.

მცირე ხნის წინ ჩოხატაურის სტადიონზე არსებულ ვითარებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გაეცნო, ახლა კი იქაურობას მინისტრი ესტუმრა, სპორტსმენები მოინახულა და საჭირო ინვენტარიც გადასცა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი რეგიონებში ინფრასტრუქტურის დათვალიერებას გააგრძელებს და იმედია, მალე სხვა სტადიონების რეაბილიტაციაზეც გავიგებთ.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაქსიმალურად ყველგან დიდსა თუ პატარა ქალაქში უნდა გაკეთდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ეს აუცილებელია ფეხბურთისთვის, სხვანაირად შეუძლებელია.ასეთ შემთხვევაში კი ძალიან მაგარი თაობები წამოვა ამაში დარწმუნებულები იყავით
bebeto
19:17 12-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული