"მიხეილ მესხი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული სტადიონი იქნება

AutoSharing Option
უპატრონობის გამო, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი მისი დირექტორის, გივი ჭანტურიძის ენთუზიაზმითა და ფედერაციის კეთილი ნებით არსებობდა. თუმცა სტადიონის შენახვას უზარმაზარი სახსრები სჭირდება და, ცხადია, ქვეყნის მეორე სტადიონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - პლასტმასის ინდივიდუალურმა სკამებმა ფერი დაკარგა, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატების ოთახები შეილახა და რაც მთავარია, მოედანია საშინელ მდგომარეობაში.

თუმცა სტადიონს გუშინ საშველი დაადგა: ფეხბურთის ფედერაციასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული "უზუფრუქტის ხელშეკრულებით" "მიხეილ მესხის" სტადიონი 30 წლით ფედერაციას გადაეცა.

"სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სარგებლობაში 30
წლის განმავლობაში იქნება, თუმცა მას სტადიონის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ექნება. თუ აუცილებელი გახდა სტადიონის გაქირავება ან იჯარით გადაცემა, ფედერაციას სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის მინიმუმ 50 პროცენტს თავის თავზე უეფა აიღებს; დარჩენილი თანხა კი, დაინტერესებულ პირებთან, ინვესტორებთან, სპონსორებთან უნდა მოვიძიოთ. შეიძლება, ეს იყოს მუნიციპალური დახმარებაც", - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას ჩამოვართვით.

- სტადიონი თბილისის მერიამ გადმოგცათ?
- სტადიონი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და არა მერიას.

- რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი?
- სტადიონი თბილისში ჩამოსულმა ესპანელმა არქიტექტორმა დაათვალიერა. ის ახლა პროექტს ამთავრებს, რომელსაც უეფასთან შევათანხმებთ და რადგან სტადიონი უკვე გადმოგვეცა, სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ.

- რა მასშტაბის სამუშაოები იგეგმება?
- ჩვენ სტადიონის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ.

- უეფას სტანდარტებში მაღალი ვარსკვლავის მისანიჭებლად, სხვა მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, სტადიონის ტრიბუნები გადახურული უნდა იყოს.
- ჩვენს ამას ვითვალისწინებთ და ტრიბუნების სრულ გადახურვას ვაპირებთ. ამას გარდა, შეიცვლება ინდივიდუალური სკამები, VIP და პრეს-ლოჟები, მოედნის საფარი, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები. დასავლეთ ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟის ქვევით მთელ სიგრძეზე განთავსდება ბევრად უფრო ვრცელი და კომფორტული პრესლოჟა. მოკლედ, ყველაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, ძველ ბალახის საფარს მომდევნო კვირას ავიღებთ და ახლის დაგებას დავიწყებთ.

- სტადიონი რამდენ მაყურებელზე იქნება გათვლილი?
- ახლა 24500 მაყურებელს იტევს და ტევადობის შემცირებას არც რეაბილიტაციის დროს ვაპირებთ. იმედია, ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული სტადიონი. მისი ბუნებრივი მდებარეობა, ჩვენი ხელისუფლების, უეფასა და ფიფას მხარდაჭერა მაიმედებს, რომ საქართველოს უმაღლესი დონის სტადიონს ვაჩუქებთ, რომელიც უეფასა და ფიფას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ჩემი სურვილია, რომ "მიხეილ მესხზე" ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ითამაშოს. თუმცა, ცხადია, მისით ჩვენმა კლუბებმაც უნდა ისარგებლონ. მთავარია, რომ გადმოგვეცა და საქმე დაიძრა.

- როდის დასრულდება სრული რეაბილიტაცია?
- ჩვენი აზრით, ეს 2012 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ რა მაგარია!
gio murvelashvili
14:53 05-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული