ლიგას გამარჯობა და ნახვამდის ერთად ვუთხარით

AutoSharing Option

განმეორებით შეხვედრას არა მხოლოდ რუსთავი, მთელი ქართული ფეხბურთის სამყარო ელოდა. რა თქმა უნდა, აქ მოწინააღმდეგე არაფერ შუაშია. ქართველი გულშემატკივარი გემოვნებიანია და ბუნებრივია, ყაზახეთის ჩემპიონი, მეორეხარისხოვანი რუსი ვეტერანებით ნაკლებად აინტერესებს. ჩვენთვის საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა საქართველოს ღარიბი ჩემპიონი (წლიური მილიონდოლარიანი ბიუჯეტით, ესეც გადაჭარბებულია) მდიდარი ყაზახური კლუბის (25 მილიონი დოლარის ბიუჯეტით) დამარცხებას.
მატჩი მეტოქეები თითქმის იგივე შემადგენლობებით დაიწყეს, როგორითაც აქტობეში ითამაშეს: „ოლიმპის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მხოლოდ გიორგი ჭედია შეცვალა, ძირითადში დენის დობროვოლსკი ათამაშა და კაპიტნის სამკლაურიც ჩააბარა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე

თემურ ღონღაძე გაამწესა, მარცხნივ გიორგი რეხვიაშვილი, ცენტრში კი ლექსო კვახაძე-რეზო ქემოკლიძის დუეტი. ნახევარდაცვის სამკუთხედში საყრდენად ლუკა რაზმაძე და დენის დობროვოლსკი თამაშობდნენ, მათ წინ დავით ბოლქვაძე. მახარაძემ სამი ფეხბურთელი შემტევით ითამაშა: მარჯვნივ რეზო გეწაძე, მარცხნივ გიორგი ჭელიძე, ცენტრფორვარდი კი ირაკლი მოდებაძე გახლდათ.

„აქტობეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ მუხანოვმა მხოლოდ მარცხენა მცველი შეცვალა: პეტერ ბადლოს ნაცვლად, დისკვალიფიკაციამოხდილი ემილ კენჟისარიევი დააყენა, მარჯვნივ კი ალენ ბონო, ცენტრში სამატ სმაკოვი და ჰალიფა ბა. ნახევარდაცვის ცენტრში კონსტანტინე გოლოვსკოი, ანდრეი კარპოვიჩი და მარატ ხაირულინი განლაგდნენ. მარჯვენა ფლანგზე იყო ტიტი ესომბა, მარცხნივ ევგენი ავერჩენკო, ცენტრალურ ფორვარდად კი - ივან პერიჩი.

ყოველგვარი შესავლების გარეშე – გუშინდელმა მატჩმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ჩემპიონი ვალდებული იყო ეს ეტაპი გაევლო. ცარიელი რეკლამაა, რომ ყაზახური ფეხბურთი აღმავლობას განიცდის, რომ გუნდები გააძლიერეს და ამ „აქტობეთი“ „ბუასავით“ გვაშინებენ. დიდი ფული დიდ ნიჭს არ ნიშნავს, რაც გუშინ რუსთავში ვიხილეთ: სინამდვილეში „მალიარები“ ყოფილან.
მათი ბიუჯეტი საქართველოში არსებულ ყველა 56 გუნდზე რომ გადანაწილდეს, გუშინ „აქტობესგან“ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. საქართველოს სუსტმა და ღარიბმა ჩემპიონმა პირველ ტაიმში არათუ პრობლემები შეუქმნა, მეტოქე იმდენად ანერვიულა, ყაზახები ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანასაც ვერ ახერხებდა.

ყველაფერი ფანტასტიკურად დაიწყო: „ოლიმპმა“ მატჩი ისეთ ტემპითა და შეტევებით დაიწყო, პირველი ტაიმის ბოლომდე საქმე უნდა მოეთავებინა. პირველივე შეტევის შედეგად, ირაკლი მოდებაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.
5-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გეწაძე-ბოლქვაძის წამოწყებული სწრაფი კომბინაციის დაგვირგვინება მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მოდებაძეს შეეძლო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ეს არ იყო მოდებაძის დღე, რაც 11-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ამჯერად მეკარესთან პირისპირ ლუკა რაზმაძემ გაიყვანა, რომელმაც მეკარე ანდრეი სიდელნიკოვის გადაცემა მოედნსი ცენტრში ჩაჭრა – ირაკლიმ კვლავ კარს ააცილა!
ვერ ვიტყვით, რომ ამის შემდეგ სტუმრები გამოცოცხლდნენ, რატომღაც, თავად რუსთაველები დაიბნენ. რაც სტუმრებმა ვერ მოახერხეს, კინაღამ ჩვენებმა გააკეთეს: 14-ე წუთზე ერთ-ერთმა რუსთაველმა მცველმა მოულოდნელად ბურთი საკუთარ კარში ძლიერად გააგზავნა, მეკარე გია ბედიაშვილს ხელით თამაშის უფლება არ ჰქონდა და თავით სუსტად მოიგერიებული ბურთი ივან პერიჩს მიუგორდა, მაგრამ მეკარე ფეხებში ჩაუვარდა და ვითარება განმუხტა.

ყაზახები ოდნავ გონს მოეგნენ და კიდევ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს: მარატ ხაირულინი რეზო ქემოკლიძეს გაცდა და სახიფათოდ დაარტყა – ბედიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მან 17-ე წუთზე ემილ კენჟისარიევმა დარტყაც მოიგერია, დამატებაზე კი პერიჩს კვლავ აჯობა და მასპინძლები ისევ გადაარჩინა.
მომენტების მიხედვით, მატჩის სურათზე ზუსტი წარმოდგენა ვერ შეგექმნებათ: რუსთაველების სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაცვა მოაშიშვლეს. მოდებაძემ 23-ე წუთზეც ვერ გაიტანა: ამჯერად ძალიან აქტიური თემურ ღონღაძის ჩაწოდების შედეგად.
გოლი იმ დროს გავიდა, როდესაც მასპინძლებმა შეტევების ტალღა ოდნავ შენელდა: დავით ბოლქვაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც გიორგი რეხვიაშვილმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი, რომელიც გულშემატკივარს მატჩის დასაწყისიდანვე გაუჩნდა, უფრო რეალური გახდა.
თუმცა, სწორედ ამის შემდეგ შეაჩერა„ოლიმპმა“ შეტევები. ტაიმის დასრულებამდე სამატ სმაკოვმა ორი უხეირო საჯარიმო შეასრულა, გიორგი ჭელიძემ კი სუსტი შორეული დარტყმით სცადა კარის აღება - ეს იყო და ეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში გულშემატკივარი „ოლიმპის“ გაშმაგებული შეტევების მოლოდინში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შეუთამაშებელმა და ჯერაც მოუმზადებულმა გუნდმა, მთელი ენერგია პირველ ტაიმს შეალია და მეორე ნახევარში გაჩერდა. პრესინგისგან გადაღლილ რუსთაველებს მოძრაობა უჭირდათ, უკან დახევას ვეღარ ახერხებდნენ და მოედნის ცენტრს სტუმრები დაეუფლნენ. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ყაზახებმა რუსთაველებს აჯობეს, მასპინძლები თავად დამარცხდნენ.
პირველი სახიფათო სიგნალი 55–ე წუთზე გაისმა. გოლოვსკოიმ ორიოდე მეტრიდან ბურთი სტადიონის ტაბლოს მოარტყა - რუსთაველები აშკარად გადარჩნენ!

63-ე წუთი: ევგენი ავერჩენკოს დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე მურატ ტლეშევმაც ააცილა - კვლავ გადავრჩით!
თუმცა, რუმინელ მთავარ არბიტრ ალექსანდრე დიაკონუს 67-ე წუთზე ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღო, არავინ იცის, შეხვედრა როგორ წარიმართებოდა: დათო ბოლქვაძემ ძალისმიერ ბრძოლაში ჰალიფა ბას აჯობა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ბამ შემტევი აშკარად წააქცია მაშინ, როდესაც ეს ბოლო იმედის ჯარიმა გახლდათ - დიაკონუ წარმიერად შეყოვნდა და სასტვენი მოძებნა და ყველა თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ბას გაძევებას ელოდა, თამაში გააგრძელა?!
„გილოცავთ, საკამოდ კარგად გიმუშავიათ გუნდში და მსაჯებთან! თქვენი მცველი გასაგდები იყო, 2:0 გახდებოდა და მერე როგორც მოგიგებდით, თავადაც ხვდებით“, - ეს მწვავე რეპლიკა მატჩის შემდეგ თემურ მახარაძემ სტუმარ კოლეგა ვალდიმერ მუხანოვს მიახალა, რაზეც „აქტობეს“ მთავარ მწვრთნელს სახე აელეწა.

„მსაჯი მე ხომ არ ვარ?“ – ყაზახების რუსმა მწვრთნელმა რეპლიკა ისე გაიკვირვა, თითქოს, მსაჯთან „მუშაობა“ მისთვის უცხო იყო. არადა, რუმინელი მთავარი არბიტრი ყაზახებისგან კარგად დამუშავებული ჩანდა, თორემ ზემოთნახსენებ ეპიზოდში „აქტობეს“ 10 კაცის ამარა დარჩებოდა და პენალტის უფლებას მოვიპოვებდით. ასეთ ეპიზოდებში აშკარად ჩანს, რომ სადავო ეპიზოდებში ვიდეოთვალი საჭიროა – თუმცა, ამ შემთხვევაში სად იყო მსაჯის თვალი, ვერ გეტყვით.

... შეცვლაზე შემოსული მურატ ტლეშევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და ბოლო წუთზე, როდესაც ოლიმპელებს სუნთქვა აღარ შეეძლოთ, მარცხენა ფლანგიდან კენჟისარიევის ჩაწოდებულ ბურთი კარში ზუსტად გააგზავნა და ფრე 1:1 დააფიქსირა.
ამის შემდეგ სასაცილოდ ჩანდა ყაზახურ ინტერნეტ-გაზეთ „სპორტს“-ში გამოქვეყნებული მატჩის მიმოხილვა: თურმე, ქართველებმა თამაში გასაოცარი სიმშვიდით დაიწყეს, პირველად გონს ყაზახები მოეგნენ და გოლი კონტრშეტევაზე გაუშვეს. ამის დამწერმა აშკარად სხვა თამაში ნახა. ახლა უკვე გასაგებია, რატომ განსხვავდებოდა პირველ მატჩის შესახებ ქართველი მოთამაშეების მონაყოლი ყაზახურ მედიაში ასახული სურათისგან. როგორც დანიელ დეფოს გმირი იტყოდა - მუგანინიბა!
ჭიქის არ იყოს, გააჩნია, ცხოვრებას ვინ როგორ უყურებს, ვისთვის ნახევრად სავსეა, ვისთვის ნახევრად ცარიელი. ვფიქრობ, რუსთავის „ოლიმპის“ ხელმძღვანელობისა თუ დამფინანსებლის ბრალია, გასული წლის შემადგენლობა რომ ვერ შეინარჩუნა და აქედან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის, უეფასგან მეტი ფულის დარიცხვისა და საქართველოს უკეთ წარმოჩენის შანსი ხელიდან გაუშვეს – გასული სეზონის შემადგენლობით „ოლიმპი’ „აქტობეს“ აუცილებლად გაივლიდა.
აშკარად გამოჩნდა ისიც, რომ „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემაზე დაფიქრება გვიღირს – ყაზახეთში სეზონი მიმდინარეობს, ჩვენებს კი მოუმზადებლობა ეტყობოდათ.
და მაინც ვფიქრობ: ქართულ გუნდებს ჩვენი ბიზნესი მეტ ყურადღებას რომ აქცევდეს, ყაზახების მსგავსებს ყოველთვის საკუთარ ადგილს მივუჩენდით, რაც უფულობის, მწირი შემადგენლობისა და კიდევ ათასი მიზეზის გამო გუშინაც ვერ მოვახერხეთ. არადა, შეგვეძლო.
ვლადიმერ მუხანოვი, „აქტობეს“ მთავარი მწვრთნელი:
- ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს შეუჩვევლები ვართ და სისწრაფესა და გადაწყვეტილების მიღებისას, „ოლიმპმა“ თავიდან აშკარად დაგვჩაგრა. მასპინძელთა სტრატეგიამ თავიდან გაამართალა, ფლანგებზეც მშვენივრად თამაშობდნენ და მოედნის ცენტრშიც, ჩვენ კი ვერაფერს ვახერხებდით. პირველ ტაიმში ყველა ქართველი მომეწონა, მათ უბრალოდ, ვერ ვეწეოდით, რამდენჯერ გავიდნენ მეკარესთან პირისპირ და ძალიან გვანერვიულეს. თუმცა, ვიცოდით, რომ „ოლიმპის“ ფეხბურთელები მოუმზადებლები იყვნენ და დაიღლებოდნენ. ასეც მოხდა.

- ორივე გუნდმა ველური ფეხბურთი აჩვენა, დაცვაში უამრავი შეცდომას უშვებდით.
- ბუნებრივი საფარიდან ხალიჩაზე გადასვლა რთულია და ადაპტაცია გაგვიჭირდა. თუმცა, ეს მთავარი მიზეზი არ ყოფილა. მეორე ტაიმში ვითარებას უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით, თქვენი ფეხბურთელებს კი დაღლა აშკარად დაეტყოთ.
თემურ მახარაძე, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
- იცით, ყველაზე დასანანი რა არის? ყაზახებზე ბევრად ნიჭიერი ბავშვები გვყავს, ბევრად უკეთესი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია, მაგრამ ერთი თვის გუნდია. ამას გარდა, მოთამაშეთა მოსამზადებლად, შესათამაშებლად და სასურველ კონდიციებში მისაყვანად დრო არ გვეყო. ან სად გვაქვს მათი მსგავსი პირობები? ყაზახეთში კი გახურებული სეზონია და მეორე ნახევარში ამიტომ გვაჯობეს.
- მუხანოვთან შეკამათება რატომ მოგივიდათ?
- სიმართლე ვუთხარი, ურიგო გუნდი და ფეხბურთელები არ გყავთ, მაგრამ მსაჯებსაც ყიდულობთ-მეთქი. დღეს ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნეს და კაციც უნდა გაეგდოთ, ბოლქვაძე გოლს აგდებდა და 2:0 გახდებოდა. სხვა რა არის, ბოლო იმედის ჯარიმა? მერე ღმერთმა იცის, ვინ მოიგებდა. აქტობეშიც ტყუილი პენალტი დაგვინიშნეს – დათვალეთ, ობიექტური მსაჯობით, რამდენი რამ შეიცვლებოდა? შემდეგ ეტაპზე ამ ერთი თვის გუნდითაც კი გავიდოდით. ნიჭის გარდა, ყველაფრით გვაჯობეს.
- მეორე ტაიმში ფეხბურთელები რატომ გადაიღალნენ?
- ხომ გითხარით, მოსამზადებლად დრო არ გვეყო. ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა და ამიტომ ვუთხარი ბიჭებს, საქმე პირველივე ტაიმში მოემთავრებინათ საქმე. შეგვეძლო კიდეც, „ცალკარა“ წავიდა და სამი ნაღდი მომენტი შევქმენით, მაგრამ მომენტები ვერა და ვერ გამოვიყენეთ.
რას ვიზამთ, ბიჭებს მაინც მადლობა გადავუხადე, მოვემზადებით და ეს პერსპექტიული გუნდი თავის რეალურ ძალას ჩემპიონატში მაინც გამოაჩენს.

21 ივლისი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”. 4500 მაყურებელი.
“ოლიმპი” (რუსთავი, საქართველო) 1:1 “აქტობე” (აქტობე, ყაზახეთი)
გოლები: 1:0  რეხვიაშვილი (29. ბოლქვაძის პასით). 1:1 ტლეშევი (57. კენჟისარიევის პასით).

“ოლიმპი”: ბედიაშვილი (79. ბათიაშვილი)- ღონღაძე, კვახაძე, ქემოკლიძე, რეხვიაშვილი – გეწაძე (53. ჭედია), რაზმაძე, დობროვოლსკი, ბოლქვაძე, ჭელიძე (68. დოლიძე), - მოდებაძე.
სათადარიგოები: გიგაური, ხიდეშელი.
“აქტობე”: სიდელნიკოვი – ბონო (90. ბადლო), სმაკოვი, ბა, კენჟისარიევი, – ესომბა, კარპოვიჩი, გოლოვსკოი (86. ხოხლოვი), ხაირულინი, ავერჩენკო –პერიჩი (46. ტლეშევი).
სათადარიგოები: ბოიჩენკო, დარაბაევი, კურმაშევი, სემიონოვი.
მთავარი არბიტრი: ალექსანდ დიაკონუ (რუმინეთი)
გაფრთხილება: კარპოვიჩი (45), ტლეშევი (60), დობროვოლსკი (60), ხაირულინი (62), გოლოვსკოი (64), ბა (65), ქემოკლიძე (75), ბონო (88).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული