ოთხეულის წევრები ნახევარფინალის წინ

AutoSharing Option
სათასო დაპირისპირებების წინ ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდის ფეხბურთელებს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ.

"ლელოს" რესპონდენტები არიან "ტორპედოს" 22 წლის თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია, "ზესტაფონის" 22 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი, და "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნები, 25 წლის გიორგი ტყეშელაშვილი და 24 წლის გიგა ბეჭვაია.

შეკითხვები კი ასეთი იყო:
1. როგორი ფორმით ხვდება თქვენი გუნდი თასის ნახევარფინალს?
2. ვინ მიგაჩნიათ წყვილისა და ტურნირის ფავორიტად?
3. ელით თუ არა, რომ ფინალისტს პირველივე მატჩი გაარკვევს?
4. რა ფაქტორებმა შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ბედი?
5. არის
თუ არა თქვენი გუნდისთვის თასის გათამაშება პრიორიტეტული ტურნირი?


ვახტანგ კვარაცხელია
1. ჩვენთვის ეს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და სათანადოდ ვემზადებით. ვფიქრობ, "ტორპედოს" შესწევს იმის ძალა, რომ ამ მატჩში თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. მეტოქე კი ძლიერი გვყავს. შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
2. ჩემი აზრით, "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" ფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ, თასის მოპოვება კი ნახევარფინალში გასული ნებისმიერი გუნდისგანაა მოსალოდნელი.
3. ყველაფერი, ალბათ, ზესტაფონში გადაწყდება, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ განმეორებით მატჩს კომფორტული უპირატესობით შევხვდეთ.
4. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებს, მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის უშეღავათო ბრძოლა წარიმართება. მცირე მოდუნებაც კი "ტორპედოსაც" და "ზესტაფონსაც" შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
5. ჩემპიონატში წარმატების იმედი სეზონის პირველ ნახევარშივე გადაგვეწურა, ასე რომ, ევროთასებზე გასვლის ყველაზე რეალური გზა ჩვენთვის თასის გათამაშებაა.


გიორგი ხიდეშელი
1. ცუდია, რომ დისკვალიფიკაციის გამო ნიკა გელაშვილი დაგვაკლდება, მაგრამ მაღალი დონის კიდევ არაერთი თავდამსხმელი გვყავს, რომლებიც მას ღირსეულად შეცვლიან. მიხარია, რომ ტრავმა მოვიშუშე. ორი დღეა, ვარჯიში განვაახლე და ალბათ, "ტორპედოსთან" მატჩის განაცხადშიც ვიქნები.
2. შანსებს 50/50-ზე გავანაწილებდი. საკმაოდ სოლიდური მეტოქე გვყავს, რომლისგანაც სერიოზულ წინააღმდეგობას ველით. ორი იმერული კლუბის დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი იქნება.
3. არა მგონია, ფინალში თამაშის უფლება პირველივე შეხვედრამ დაგვიგევოს, მაგრამ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ქუთაისში ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.
4. მთავარია, უკეთესად რომელი გუნდის მწვრთნელის დავალებები შესრულდება – ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტს ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედს. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი მაღალი დონის ფეხბურთს ნახავს და ფინალში უფრო ღირსეული გავა.
5. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა და ეს მიზანი ჩვენთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ სეზონი ორი ტიტულით დავასრულოთ.


გიორგი ტყეშელაშვილი
1. დიდი ხანია, ამ შეხვედრას ველით, საგანგებოდ ვემზადებითYდა ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა შევძლოთ და "ვიტ ჯორჯიასთან" ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.
2. "ვიტ ჯორჯია" სტაბილური გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს ტიტულის მოპოვების ამბიცია. ჩვენს წყვილში შანსები ალბათ, თანაბარია, თასის გათამაშების ფავორიტი კი "ზესტაფონია". კარგია, მას ნახევარფინალში რომ არ შევხვდით.
3. ყველა შეკითხვას პასუხს მეორე მატჩი გასცემს. "დინამოსთან" ჩატარებულ მეოთხედფინალურ შეხვედრებს გავიხსენებ, სადაც საშინაო მარცხის შემდეგ განმეორებითი მატჩი მოვიგეთ და მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიით ვძლიეთ.
4. დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებასა და საკუთარი ძალების რწმენას.
5. სეზონის დასაწყისში ჩვენი უმთავრესი მიზანი, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო. ახლა, როცა ეს ამოცანა უკვე 90 პროცენტით გვაქვს შესრულებული, გვაქვს იმის უფლება, რომ თასისთვის ბრძოლაშიც ბოლომდე დავიხარჯოთ.


გიგა ბეჭვაია
1. ჩემპიონატში ზედიზედ წაგებული მატჩების მიუხედავად, ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ. თასის გათამაშება სულ სხვა სპეციფიკის ტურნირია და ვფიქრობ, "გაგრასთან" მაღალი დონის მატჩებს ჩავატარებთ. ეს შეხვედრები ამ სეზონში ჩვენთვის გამორჩეულად პრინციპულია.
2. თასის მოპოვების შანსი ოთხივე ნახევარფინალისტს აქვს, ჩვენი წყვილის ფავორიტად კი "ვიტ ჯორჯია" მიმაჩნია. თუმცა "გაგრასგან" დიდ წინააღმდეგობას ველით. ეს გუნდი სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასაც მალე გაინაღდებს.
3. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველივე მატჩში სოლიდურ ჰანდიკაპს დავიბევებთ.
4. ორი კარგად მომზადებული გუნდის დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება წვრილმანმაც კი გადაწყვიტოს. ასე რომ, ჩვენც და "გაგრასაც" მაქსიმალური მობილიზება მოგვეთხოვება.
5. ეს სეზონი ისე წარიმართა, რომ ტიტულის მოპოვება მხოლოდ სათასო ტურნირზე შეგვიძლია. შარშან მოგებული თასით დავამტკიცეთ, რომ მხოლოდ ჩემპიონატში არ შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ტიტულის შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ.


ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული