გაგრულ-ქართული ისტორია

AutoSharing Option
არავინ ელოდა, რომ ორრაუნდიანი სათასო დაპირისპირების ბედი გუშინ თითქმის გადაწყდებოდა, მაგრამ მოვლენები სწორედ იმგვარად განვითარდა, რომ "გაგრამ" საქართველოს თასის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

თასის ჯერ კიდევ მოქმედ მფლობელ "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ სასწაული თუ უშველის, თორემ ანატოლი პისკოვეცის გუნდს არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მიღწევაში ხელი ვერაფერმა უნდა შეუშალოს. "გაგრა" მხოლოდ საკუთარ კი არა, ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც ჩაწერს ახალ ფურცელს - აქამდე საქართველოს თასის ფინალში ქვედალიგელ კლუბს არასდროს გაუღწევია.

თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვთ, რომ სტუმრები გამანადგურებელ მარცხს არ იმსახურებდნენ, მაგრამ მთავარი
ხომ ისაა, რომელი მხარე გამოიყენებს შესაძლებლობებს. ამ მხრივ კი "გაგრა" უნაკლო იყო - მასპინძლებმა, ფაქტობრივად, ყველა საგოლე ეპიზოდში იხეირეს.

"გაგრამ" "ვიტ ჯორჯიას" ტაქტიკურადაც აჯობა. პისკოვეცმა ძირითადში სამი ცენტრალური მცველი გაამწესა, რომელთაც მეტოქის შეტევებისას ფლანგელები ეხმარებოდნენ და ამ დროს უკანა ხაზი ხუთი კაცის შემადგენლობით მოქმედებდა. შეტევისას კი ფრთის ფეხბურთელები არანაკლებ აქტიურები იყვნენ. ვეტერინარების დაცვა კი ძალიან არასაიმედოდ გაისარჯა და შედეგიც, უპირველესად, ამან განაპირობა.

"ვიტ ჯორჯიამ" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, "გაგრამ" კი დისკვალიფიკაციის გამო ორი უკრაინელი, ნაკონეჩნი და ორდინსკი მოისაკლისა. ნაკონეჩნის არყოფნაში პისკოვეცმა ცენტრფორვარდი გიორგი გაბედავა ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა.

მატჩის გმირი უდავოდ ნიგერიელი ოვონიკოკოა, რომელმაც ორი ბრწყინვალე გოლის გარდა თავი დიდი მოცულობის სამუშაოთიც დაგვამახსოვრა. ახალგაზრდა აფრიკელი თავდამსხმელის პროგრესი აშკარაა. ვფიქრობთ, იგი ახლავე იქნებოდა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და კარიერის საზღვარგარეთ გასაგრძელებლადაც მომწიფებულია.

ბურთის ფლობის მაჩვენებელი ორივე გუნდს თანაბარი ჰქონდა, მეტოქეები მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე ზღვარგადასულ უხეშობამდე არ მისულა. ტემპიც საკმაოდ მაღალი იყო.

ანგარიში "ვიტ ჯორჯიას" დაცვის უხეში შეცდომით გაიხსნა. ბურთი თამაშში "გაგრას" მეკარე კოკა სეფიაშვილმა შეიყვანა, სტუმართა უკანახაზელებმა კი მიიჩნიეს, რომ ეს ხიფათს არ მოასწავებდა და აღარ უბრძოლიათ ბურთისთვის, რომელსაც შალვა კვანტალიანი წამოეპარა და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისიანები დააწინაურა.

31-ე წუთზე ოვონიკოკომ ვიტელთა ორ მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო და, როგორც კი ბურთი მოიგდო, საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დაუხანებლად დაარტყა. არდალიონ მიქაბერიძემ ბურთს თითები წაჰკრა და მიმართულება ოდნავ შეუცვალა, თუმცა... გოლი ულამაზესი გამოვიდა - 2:0.

მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯია" აშკარად მოფერიანდა, მასპინძლებს კი თავი დიდად აღარ გამოუდიათ და მეტ დროს საკუთარი კარის უსაფრთხოებას უთმობდნენ. ვიტელებმა სათამაშო სივრცეები კარგად აითვისეს, მაგრამ მეტოქის ორგანიზებულ დაცვას ბევრს ვერაფერს უხერხებდნენ. უნდა გავიხსენოთ "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნისა და ლიდერის, გიგა ბეჭვაიას "მაკრატელა", რომელიც სეფიაშვილმა კუთხურზე მოიგერია.

და როგორც ხდება ხოლმე: შეტევით გართულ ვიტელებს "გაგრას" კონტრშეტევა გამოეპარათ. ოვონიკოკო ისევ იოლად გაუსწორდა სტუმართა დაცვას, მეკარეც ჩამოიტოვა და ბურთი კარის ბადეში შეაგორა. სავსე ტრიბუნებმა, სადაც შეკრებილთა აბსოლუტური უმრავლესობა "გაგრას" ქომაგი იყო, პისკოვეცის გუნდი ტაშით დააჯილდოვა, განსაკუთრებული ქება კი, რაღა თქმა უნდა, დუბლის ავტორმა დაიმსახურა.

ასე შთამბეჭდავად გაიწია ფინალისკენ გუნდმა, რომელიც სეზონის დაწყებამდე მიზნად უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ისახავდა, მაგრამ მადა ჭამაში მოვიდა და დღეს თასის ფინალიც სავსებით რეალურია და ევროტურნირის საგზურიც.

მატჩის შემდეგ
ანატოლი პისკოვეცი (გაგრა): "ორმატჩიან სათასო დაპირისპირებებს თავისი სპეციფიკა აქვს და ზუსტად ისე მოვემზადეთ, როგორც სიტუაცია მოითხოვდა. ჩვენი მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, 0:0-იც კი დამაკმაყოფილებდა. კონტრშეტევებზე ვითამაშეთ და ჩვენი არჩევანი სწორი გამოდგა. ყველაფერს მაინც მეორე მატჩი გადაწყვეტს. ბუნებრივია, ფინალში გასვლის სოლიდური შანსი გვაქვს, მაგრამ ზეიმის ნაადრევად მოწყობას არ ვაპირებთ."


გაგრა-ვიტ ჯორჯია 3:0
19.04. თბილისი. მერანი. 1200 მაყურებელი.
1:0 კვანტალიანი (17), 2:0 ოვონიკოკო (31), 3:0 ოვონიკოკო (78)

გაგრა ვიტ ჯორჯია
3-5-2 4-2-3-1
სეფიაშვილი ა. მიქაბერიძე
ტყეშელაშვილი ხურცილავა
ზ. ჩხეტიანი ადამაძე
კალანდაძე კასრაძე
ხუციძე ჭანკვეტაძე
ნ. ჯიშკარიანი ვასაძე
დ. გიგაური გურამ გურეშიძე
გაბედავა ბეჭვაია
შარიქაძე ჯანელიძე
კვანტალიანი კორიფაძე
ოვონიკოკო ჩიმაკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი მ. კოჭლაშვილი

გაგრა
42. გაბედავა - მოსიაშვილი
58. გიგაური - გაბუნია
66. შარიქაძე - ქართველიშვილი
სათადარიგოები: ნადირაშვილი, კობერიძე, ჭკუასელი, ციცხვაია

ვიტ ჯორჯია
79. ვასაძე - მაისაშვილი
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, გაბრიჭიძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე, როსტიაშვილი

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (32), ოვონიკოკო (45)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული