შარშან ვიტელებს დღევანდელზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ, გაახალგაზრდავებული გუნდი კი გმირობამდე ახლოსაც არ ყოფილა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და ყველა შეკითხვას პასუხი იქვე გაეცა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებულმა მეტოქეებმა მაყურებელს პატივი დასდეს და მცირერიცხოვან პუბლიკას საკმაოდ კარგი სანახაობა შესთავაზეს. მატჩს საქართველოს ეროვნული
ანგარიშის გახსნამდე მოედანზე დაძაბულობა იგრძნობოდა, ფეხბურთელები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და განსაკუთრებული ყურადღებით დაცვაში თამაშობდნენ. 40 წუთი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა მასპინძლებმა დაწინაურების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან - დავით მაისაშვილის თავური ხარიხას მოხვდა. პასუხად "გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა შორეული ჯარიმა მიზანს ოდნავ ააცილა.
41-ე წუთზე ვიტელთა დაცვას "ჩაეძინა" და თამაშგარეს ზღვარზე მყოფი შალვა კვანტალიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა. გიორგი ძაძამიამ სტუმართა შემტევი წესების უხეში დარღვევით შეაჩერა და ამ უკანასკნელს ბურთის კარში გაგზავნა რომ ვერ მოესწრო, ძაძამია გაძევებას ვერ გადაურჩებოდა - 0:1. კვანტალიანმა კი თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ანატოლი პისკოვეცის ფეხბურთელთა ზეიმმა მცირე ხანს გასტანა. ბესიკ ჩიმაკაძემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თავისიანებს უმცირესი იმედი დაუბრუნა.
მეორე ტაიმი კი ლაღი და უხვგოლიანი გამოდგა. პირველი მატჩის გმირი ოვონიკოკო შესვენებამდე დიდად არ დატვირთულა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გაილაღა და წინა შეხვედრის მსგავსად, საპასუხოშიც დუბლი შეასრულა. საქართველოს მოქალაქეობის მომლოდინე ნიგერიელის გოლები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. იგი ორივეჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ორივეჯერ მახვილი კუთხიდან გაიტანა, ოღონდ ეგ იყო, მეორე გოლისას ხელს უფრო მეტი ფეხბურთელი უშლიდა.
ოვონიკოკოს მხარი ჩიმაკაძემ აუბა და მოედანი მანაც დუბლით დატოვა. მასპინძელთა ცენტრფორვარდს გოლი ეფექტური გამოუვიდა - ბურთი მიიღო თუ არა, სიტუაცია უმალ შეაფასა და "გაგრას" კარის ცხრიანი დალაშქრა.
თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმდა ბოლო სიტყვა ფინალისტებმა თქვეს - შეცვლაზე შესულმა დავით ციცხვაიამ ლამის აუტის ხაზიდან გაიტანა.
ასე დაწერა "გაგრამ" თავისი ისტორია საქართველოს თასზე და ფინალში გასულ პირველ ქვედალიგელად იქცა. ფინალში "ზესტაფონი" რომ გასულიყო, პისკოვეცის გუნდი ევროპის ლიგის საგზურს გუშინვე დაიბევებდა, ახლა კი ევოპაში გასვლის უფლებას მხოლოდ თასის მფლობელი მოიპოვებს.
4.05. თბილისი. "შატილი". 500 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-გაგრა 2:4
0:1 კვანტალიანი (41), 1:1 ჩიმაკაძე (44), 1:2 ოვონიკოკო (57), 1:3 ოვონიკოკო (68), 2:3 ჩიმაკაძე (80), 2:4 ციცხვაია (90)
ვიტ ჯორჯია გაგრა
4-2-3-1 3-5-2
ძაძამია სეფიაშვილი
ხურცილავა ზ. ჩხეტიანი
ადამაძე ტყეშელაშვილი
მაისაშვილი კალანდაძე
ღანიაშვილი ხუციძე
კორიფაძე ნ. ჯიშკარიანი
გურამ გურეშიძე შარიქაძე
ვასაძე ნაკონეჩნი
ჯანელიძე კვანტალიანი
ზაქრაძე ორდინსკი
ჩიმაკაძე ოვონიკოკო
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ზ. ბერიძე ა. პისკოვეცი
ვიტ ჯორჯია
46. ზაქრაძე - როსტიაშვილი
60. ხურცილავა - გაბრიჭიძე
65. ვასაძე - გიორგი გურეშიძე
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გოგიაშვილი, ჭანკვეტაძე, დვალაშვილი
გაგრა
43. კვანტალიანი - დ. გიგაური
66. ორდინსკი - კობერიძე
78. ოვონიკოკო - ციცხვაია
სათადარიგოები: ნადირაშვილი, გაბუნია, ქართველიშვილი, ჭკუასელი
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (25), ძაძამია (41), გიგაური (61)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"