- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მობილიზებასა და მატჩზე მოყვანას ვცდილობთ. ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, მათი რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე იყოს.
- ფინალში გასვლით "გაგრამ" სასწაული მოახდინა, მაგრამ მაინც პირველი ლიგის გუნდია, ფავორიტად კი ყველა ქუთაისის "ტორპედოს" თვლის.
- მესმის, მაგრამ, როდესაც უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, ჯერ კიდევ მაშინ დავგეგმეთ, რომ მინიმუმ თასის ფინალში უნდა გავსულიყავით და უმაღლესში დავბრუნებულიყავით.
რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავით, მაგრამ საკუთარი გუნდის მჯეროდა. თუ
- ოვონიკოკო თუ დაგტოვებთ, უმაღლეს ლიგაში ბევრად შესუსტებული ითამაშებთ.
- ის ჩვენთვის მართლაც დიდი ძალაა, მაგრამ კიდევ მოდიან საინტერესო მოთამაშეები. ნიგერიელი ბიჭი ჩამოვიყვანეთ, რომელიც 18 წლის მალე გახდება და ვფიქრობ, ოვონიკოკოზე უფრო ნიჭიერია. ჩვენ ისედაც გაძლიერებას ვაპირებთ, მეტსაც გეტყვით - ორი წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვგეგმავთ. ამისთვის თანდათან უნდა მოვემზადოთ, გავაძლიეროთ მენეჯმენტი, საკლუბო სტრუქტურები, მოვიზიდოთ პროფესიონალი კადრები და მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
- კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ "გაგრას" სტადიონის გადაცემაში დაეხმარება.
- არის ლაპარაკი და იმედია, საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ ადგილის დაკონკრეტებას მოვერიდები. ჩვენ ავიღებთ საინვესტიციო ვალდებულებას, რომ ავაშენებთ 3-ათას მაყურებელზე გათვლილ პატარა, მაგრამ კომფორტულ და ლამაზ სტადიონს, სადაც ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ.
აქვე ახალ პროექტზე მინდა ვთქვა: სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და ამ შანსის გამოუყენებლობა სისულელე იქნებოდა. ვფიქრობ, ეს პროექტი ჩვენი ბავშვების ნიჭის რეალიზების რეალური შანსია, რადგან გუნდების სიმცირე ფეხბურთელების სიმცირესაც ნიშნავს, ახლა კი გუნდების რაოდენობა გაიზრდება, მოთხოვნა კი მიწოდების გაზრდასაც განაპირობებს.