ტორპედო 0:1 გაგრა
ტორპედო 4-4-2 გაგრა 3-4-2-1
მიგინეიშვილი სეფიაშვილი
ფოფხაძე ზ. ჩხეტიანი
ს. თოდუა ტყეშელაშვილი
ფარულავა კალანდაძე
ჩიკვილაძე ხუციძე
დოლიძე ნაკონეჩნი
გ. დათუნაიშვილი შარიქაძე
თარხნიშვილი ნ. ჯიშკარიანი
სეთურიძე ორდინსკი
მეგრელაძე გაბედავა
გოცირიძე კვანტალიანი
მწვრთნელი: გ. გიტაძე მწვრთნელი: ა. პისკოვეცი
ტორპედო
72. გოცირიძე-ვ. კვარაცხელია
96. დოლიძე-ქებაძე
117. თარხნიშვილი-გუგუჩია
სათადარიგოები: ქვილითაია, გ. ჩხეტიანი, საბანაძე, მაჭავარიანი
გაგრა
91. ორდინსკი-კობერიძე
117. გაბედავა-დ. გიგაური
120. კობერიძე-ციცხვაია
სათადარიგოები: ნადირაშვილი, ყიფიანი, ქართველიშვილი, გაბუნია
გაფრთხილება: თარხნიშვილი (5), ფარულავა (63), ტყეშელაშვილი (64), ფოფხაძე (66), სეფიაშვილი (119), მეგრელაძე (120), კვანტალიანი (120)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)
"გაგრამ"
არც ისე კარგად რეკლამირებულმა შეხვედრამ საკმაოდ ბევრი მაყურებელი მიიზიდა და მისვლას არავინ ინანებდა - მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ მსგავსი დაძაბული, ლამაზი და საინტერესო ფინალი დიდი ხანია, არ გვინახავს.
თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: "გაგრას" ლიდერი ოვონიკოკო წინა დღეს ვარჯიშზე დაშავდა, "ტორპედოს" კი კაპიტანი დავით დიღმელაშვილი დააკლდა.
ყოჩაღ ანატოლი პისკოვეცს. "გაგრას" მთავარი მწვრთნელი დღეს, 27 მაისს 63 წლის გახდა და გუნდმა დაბადების დღე ღირსეულად მიულოცა. უკრაინელმა სპეციალისტმა დემორალიზებული ფეხბურთელების ერთსულოვან კლუბად ჩამოაყალიბა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნება შეძლო, თასისკენ სავალი გზიდან კი საუკეთესო ქართული გუნდები (თბილისის "დინამო", "ვიტ ჯორჯია") ჩამოიცილა და ფინალში "ტორპედოს" ძლევით დაამტკიცა, რომ საქართველოს თასის გათამაშებას მოულოდნელი, მაგრამ ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.
მოსალოდნელი სცენარი ვერ ვიხილეთ, პირველი ლიგის გამარჯვებულს უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსნისთვის არაფერი დაუთმია. მეტიც, უფრო აზრიანადაც გამოიყურებოდა: "გაგრას" დაცვა საიმედოდ თამაშობდა, ნახევარდაცვა - სწრაფად და მოქნილად, თავდასხმა - მობილურად და წერტილოვანი დარტყმებით ქუთაისელებს მუდამ უკან დახევას აიძულებდა, რაც მეტოქის შემტევ პოტენციალს ამცირებდა.
"გაგრა" პირველ ტაიმში შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლიდა და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, ასეთი სტრატეგიით პისკოვეცი გამოცდილი ქუთაისლების გადაღლას ცდილობდა. ამაში მთავარი როლი ახალაგზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ უკრაინელ მიკოლა ნაკონეჩნის დაეკისრა, რომელმაც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.
გაგრელები ბურთს არ ახანებდნენ მოედნის ცენტრში და სწრაფი კონტრშეტევები გამოსდიოდათ. ცხადია, "ტორპედოც" მთელი ძალით უტევდა და მადლობა ორივე გუნდს, ასე მონატრებული ღია ფეხბურთი და უამრავი საგოლე მომენტი რომ გვაჩუქეს, ხალხს ხომ სწორედ ეს იზიდავს.
პირველი რეალური საგოლე მომენტი "ტორპედოს" კართან 22-ე წუთზე შეიქმნა: გიორგი გაბედავას დარტყმა ძელს მოხვდა. მერე შალვა კვანტალიანის მშვენიერი გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ვლადიმერ ორდინსკიმ რეალური მომენტით ვერ ისარგებლა.
ქუთაისელების საპასუხო მომენტი გრიგოლ დოლიძის აქტიურობას მოჰყვა - გია მეგრელაძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
28-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძის მორიგი გაბრწყინება ვიხილეთ - დაახლოებით 25 მეტრიდან მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, "გაგრას" მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი კი, რომელიც თავგანწირული ნახტომით ცდილობდა თავისიანების გადარჩენას, ძელს შეეჯახა და ბედზე გადარჩა.
31-ე წუთზე რევაზ გოცირიძემ აუღებელი თავური დაარტყა - ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ სეფიაშვილმა ეს დარტყმაც მოიგერია.
... პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქეებმა თითო-თითო მომენტი გაცვალეს: ახლო მანძილიდან ორდინსკის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან "ტორპედოს" მცველმა გამოიტანა, 44-ე წუთზე კი კვლავ დოლიძის მშვენიერი გადაცემა და კვლავ გოცირიძის თავური - ამჯერად "გაგრა" ძელმა იხსნა.
მეორე ტაიმი "ტორპედომ" აგრესიულად და აზრიანად დაიწყო,მაგრამ პირველად მეტოქე "გაგრამ" შეაწუხა - მათი კაპიტნის, გიორგი ტყეშელაშვილის უძლიერესი დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
66-ე წუთი: ისევ დოლიძე-გოცირიძის მშვენიერი კომბინაცია, მშვენიერი თავური და სეფიაშვილის მორიგი სასწაული!
74-ე წუთი: მახვილი კუთხიდან ჩიკვილაძის გასროლას "გაგრას" მეკარემ კვლავ საოცარი რეაქცია შეაგება. 79-ე წუთზე დოლიძის ძლიერი დატყმის შემდეგაც იგივე გამეორდა - სეფიაშვილი ისეთ საოცრებებს სჩადიოდა, რაც ქართველი მეკარეებისგან დიდი ხანია, არ გვინახავს.
გასაოცარი, იცით, რა არის? ჩვენი "პროფესიონალი" მწვრთნელებისა და ექიმების გადამკიდე, ეს ბიჭი ფეხბურთს ორწელიწადნახევარი იყო ჩამოშორებული.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უმაღლეს ლიგაში ბევრი შთამბეჭდავი მატჩი ჩაუტარებია, უმაღლესი ლიგის არც ერთ გუნდში მისი ადგილი არ მოიძებნა, სანამ "მერანის" სტადიონზე ეულად მოვარჯიშე ანატოლი პისკოვეცმა არ შენიშნა. გუშინ კი გამოჩნდა, რომ საქართველოში უნიჭიერეს მეკარეს "გვიმალავდნენ".
ქუთაისელებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს, დაღლა დაეტყოთ და "გაგრა" კვლავ გააქტიურდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებითში ტემპი მნიშვნელოვნად არ დაცემულა, თუმცა გუნდები უფრო ფრთხილად თამაშობდნენ და მომენტიც ნაკლები იყო.
106-ე წუთზე ნაკონეჩნის უძლიერესი დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია, მაგრამ "ტორპედოს" მეკარემ გუნდი 116-ე წუთზე ვეღარ იხსნა: ნაკონეჩნის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგერიებას ქუთაისელთა კაპიტანი სევასტი თოდუა ცდილობდა, მოგერიების ნაცვლად კი ბურთი კარისკენ გაგზავნა და ... გაგრელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - 0:1.
ტორპედოელთა მცდელობას, ანგარიში გაეთანაბრებინათ, შედეგი არ მოჰყოლია და მოხდა ის, რამაც "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს ათქმევინა - ჩვენ ევროპას ნაღდ, ქართულ აფხაზეთს ვაჩვენებთო.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი