ანატოლი პისკოვეცი: ნიჭიერი მოთამაშეების დაწუნება ქართული ფეხბურთის უბედურებაა

AutoSharing Option
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ანატოლი პისკოვეცი რუსთავის "ოლიმპს" ავარჯიშებდა, ბევრისთვის უცნობი ნიჭიერი ახალგაზრდების მთელი ჯგუფი დააწინაურა - გიორგი გაბედავა, ლადო ჯოჯუა, ზვიად მეტრეველი და სხვანი. ამ ბიჭებით პისკოვეცის "ოლიმპმა" მოსკოვში "თანამეგობრობის თასზე" ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც იმ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ "ბატესთან" მხოლოდ ტრავმირებულთა სიმრავლის გამო დამარცხდა.

მაგრამ უკრაინელ სპეციალისტს საქართველოში მაინც არ აფასებდნენ და "გაგრაში" მისი დანიშვნა ძალიან გაუკვირდათ. 26 მაისს კი ყველამ აღიარა, რომ პირველი ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებულ გუნდს კარგი სპეციალისტი ავარჯიშებს.

ანატოლი პისკოვეცს გუშინ
ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად, გილოცავთ წარმატებას. "გაგრამ" სენსაციები მოახდინა - დაამარცხეთ"დინამო", "ვიტ ჯორჯია", "ტორპედო".
- თასზე საქართველოს თითქმის ყველა უძლიერესი გუნდი შეგვხვდა, "ზესტაფონის" გარდა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო მათი დამარცხება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მიმაჩნია, რომ თასი შემთხვევით არ მოგვიპოვებია, ეს კანონზომიერიც კი იყო.

- ფინალამდე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდით - ოვონიკოკო "გაგრასთვის" დიდი ძალაა.
- დიახ, ოვონიკოკოს ტრავმა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო. მაგრამ შეუცველი ფეხბურთელი არ გვყავს. თუმცა ასეთ მოთამაშის შემცვლელს უცებ ვერ მოუძებნი. ჩვენ იმან გვიშველა, რომ გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ, სადაც მთავარი სათამაშო დისციპლინა და დავალებების შესრულებაა. ასეთ ვითარებაში ლიდერის შემცვლელსაც უადვილდება თამაში. თანაც ჩვენ გვყავს ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი - გაბედავა და კვანტალიანი.

- "გაგრას" უფრო ფლანგებიდან ათამაშებდით, ფინალში კი ცენტრი მეტად დატვირთეთ. ეს თქვენი ტაქტიკა იყო?
- დიახ, დარწმუნებული ვიყავი, "ტორპედო" ჩვენგან ფლანგებზე აქტიურობას ელოდა და შეტევების მიმართულება შეგნებულად შევცვალეთ. თუმცა, ცხადია, ფლანგებსაც აქტიურად ვიყენებდით.

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველ ტაიმში მეტოქის დაღლას ცდილობდით.
- ფეხბურთში ეს მიღებული ტაქტიკაა. "ტორპედო" ძლიერი გუნდია და გონივრულად უნდა გვეთამაშა. საბოლოოდ, სწორედ მათი დაღლის ტაქტიკა ვამჯობინე: ჩვენ მიერ ბურთის მიმართულების ხშირი ცვლით მათ უბურთოდ ბევრი უნდა ერბინათ და პირველ ტაიმში დაღილიყვნენ, მეორე ტაიმში კი გადაღლილ მეტოქესთან თამაში უფრო ადვილია. ასეც მოხდა, როდესაც ბურთს აქეთ-იქით ვატრიალებდით, მეტოქე დარბოდა და დიდი ენერგიაც შეგვალია. მართალია, საამისოდ 120 წუთი დაგვჭირდა, მაგრამ თასი მაინც "გაგრას" დარჩა.

- ისიც სათქმელია, რომ თქვენი გუნდი უმთავრესად დაწუნებული ფეხბურთელებით დააკომპლექტეთ.
- დიახ, ასეა და შეიძლება ისიც ითქვას, რომ ნიჭიერი მოთამაშეების დაწუნება ქართული ფეხბურთის უბედურებაა. ბევრ მათგანთან მილაპარაკია და ყველა ამბობს, რომ მისით ესა თუ ის ცნობილი კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ მიჩნდება კითხვა, რატომ არავინ არ აიყვანა? მათ არ ათამაშებდნენ ან იწუნებდნენ და გუნდიდან უშვებდნენ, არადა, უნიჭიერესი ბიჭები არიან და არ მესმის, როგორ შეიძლებოდა მათი დაწუნება?! ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი მწვრთნელობისას, "გაგრას" სამი ფეხბურთელით, კალანდაძით, ჯიშკარიანითა და ხურციძეთი ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა. ესე იგი, შედეგიანად ვიმუშავეთ.

- საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ რას გრძნობდით?
- ემოციებისგან დავიცალე, ერთი ის ვიცოდი, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობდი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი სპეციალისტი ჩანს პისკოვეცი მართლა.დაწუნებული ფეხბურთელებიტ ,რომ მოიგო ეს აორმაგებს მის ღვაწლს,მარტო ეს კაცი რატომ ხედავს ტალანტებს,და ქართველი სპეციალისტები სად იყურებიან ტალანტებს რომ დასაღუპად წირავენ,ზალიან გასაბრაზებელია ეს მომენტი.
Georgia-4ever***
22:24 30-05-2011
0
ყოჩაღ ანატოლი ბიძია! ჩაუტარე მასტერკლასი გიგიაძეს. ეხლა მაინც დაგაფასებენ. კიდევ კარგი უკრაინელია თორე მოიყვანდა ნათესავებს და ძმაკაცების შვილებს და დაღუპავდა ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს.
uzlevi
01:25 29-05-2011
0

სიახლეები პოპულარული