წყვილები გარკვეულია

AutoSharing Option
გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მეთექვსმეტედფინალური წყვილებისა და პირველი ლიგის კალენდრის წილისყრა გაიმართა. გუნდები წინასწარ "დასავლეთ" და "აღმოსავლეთ" ზონებად გაყვეს. პროცედურამ ასეთი შედეგი მოგვცა:

აღმოსავლეთი
24 აგვისტო
ზოოვეტი-სიონი
ნ/დინამოელი-გაგრა
დილა-ლოკომოტივი

25 აგვისტო
ივერია-სპარტაკი

დასავლეთი
24 აგვისტო

იმერეთი-ბაია
ჭიათურა-სამტრედია
მერცხალი-ტორპედო
სამგურალი-მერანი

25 აგვისტო
ადელი-კოლხეთი (ფ)
სქური-გურია
მეშახტე-ჩიხურა
კოლხეთი (ხ)-ბათუმი

პროფესიული ფეხბურთის ლიგის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის ნოდარ კაკულიას თქმით, მატჩები 24-25 აგვისტოს იმის მიხედვით გაიმართება, თუ რომელ გუნდს უწევს უმაღლეს ლიგაში თამაში 20 და 21 აგვისტოს.
1/16-ფინალური
მატჩები საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ამ ეტაპისთვის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ინტერესისა და ინტრიგის გასაზრდელად ერთმატჩიანი დაპირისპირება დააწესა. თუ გახსოვთ, სწორედ ამ წესმა შეიწირა გასულ სეზონში შემდგომში საქართველოს ჩემპიონად აღზევებული რუსთავის "ოლიმპი", რომელიც სოსო ფრუიძის მიერ გაწვრთნილმა პირველი ლიგის "ჩიხურამ" გააგდო თასიდან.
ერთმატჩიანი დაპირისპირება გაგრძელდება 1/8 ფინალშიც (9-10 ნოემბერი), სადაც 1/16 ფინალის 12 წყვილში გამარჯვებულს ევროთასებზე გასული ოთხი კლუბი (რუსთავის "ოლიმპი", თბილისის "დინამო", "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი") დაემატება და დასაწყვილებლად საკმარისი რაოდენობაც (16) შეიკრიბება.
ტრადიციული ორმატჩიანი დაპირისპირება მხოლოდ მეოთხედფინალიდან აღდგება, ეს ეტაპი კი 30 ნომბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება.
პროფლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალვას თქმით, პირველ ლიგაში სეზონი 28 აგვისტოს დაიწყება. პირველი ეტაპი 4 დეკემბერს დასრულდება, მეორე ნახევარი კი თებერვალ-მაისში ჩატარდება.
ქუთაისის "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთის" ადგილი "გაგრამ" და თბილისის "ლოკომოტივმა" დაიკავეს, ლიგიდან გავარდნენ ლაგოდეხის "ჰერეთი" და ახალციხე "მესხეთი", სამწუხაროდ, გასული სეზონის აღმოჩენა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBშU) გუნდი დაიშალა, "35-ე საფეხბურთო სკოლამ" კი გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი ფინანსური პრობლემების გამო თქვა.
რეგიონალლიგიდან დაწინაურდნენ ბათუმის "ადელი", წალენჯიხის "სქური", გორის "დილა", ხარაგაულის "ჩხირიმელა" და ხონის "იმერეთი". ამას გარდა, დაამატეს წყალტუბოს "სამგურალი", რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, რაც საფეხბურთო სამყაროსთვის სასიამოვნო ამბავია - წყალტუბო ყოველთვის საინტერესო გუნდითა და ფეხბურთელებით გამოირჩეოდა და მუდამ ჰყავდა მაყურებელი.
ამის დასტურად ცინცხალი ამბავი - გულშემატკივარი "სამგურალის" აღდგენამ ისე გაახარა, პირველვე საკონტროლო მატჩს 1 500 მაყურებელი დაესწრო (რომელ თბილისურ მატჩზე იხილავთ ტრიბუნებზე ამდენ ქომაგს?). როგორც გვითხრეს, კლუბის აღდგენით წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელობა დაინტერესდა და მისი დაფინანსებაც ამად გადაწყვიტა.

პირველი ლიგა წელსაც ვერ დაწყვილდა

"პირველ ლიგაში 17 გუნდი ითამაშებს. სამწუხაროდ, 18 გუნდი ვერ შეგროვდა, რადგან გასულ სეზონში მე-13 ადგილზე გასულ "35-ე საფეხბურთო სკოლას" ფინანსური პრობლემები შეექმნა და ტურნირში ვერ ითამაშებს", - გვითხრა პროფლიგის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკება ეროვნული ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების მქონე მედიაკომპანია "კოლხიდას" პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან. ასევე გადაწყვეტის სტადიაშია მოლაპარაკება ეროვნული ჩემპიონატის სპონსორობის მსურველ კომპანიებთან. ფირცხალავა არ მალავს, რომ რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას განიხილავს, მაგრამ ვისგან და რა პირობებით, ამაზე ლაპარაკს ერიდება.
ამას გარდა, ცნობილია, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების დაშვების ერთ-ერთ წინაპირობად უეფა კლუბების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. წესით, წლევანდელი სეზონი უნდა იყოს უკანასკნელი, როცა უმაღლესში ორი სახელმწიფო გუნდი ("სამტრედია" და ცხინვალის "სპარტაკი") ითამაშებს.
ფირცხალავა დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემებს წელსვე და თან უახლოეს პერიოდში მოევლება, რადგან ამ კლუბების მესაკუთრეთა საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია. დაბოლოს, გაგაცნობთ პირველლიგელთა სრულ სიას:
1. გაგრა
2. ლოკომოტივი თბილისი
3. მერანი მარტვილი
4. გურია ლანჩხუთი
5. დინამო ბათუმი
6. ჩიხურა საჩხერე
7. ნ/დინამოელი თბილისი
8. მერცხალი ოზურგეთი
9. ჭიათურა
10. კოლხეთი ხობი
11. მეშახტე ტყიბული
12. დილა გორი
13. ჩხირიმელა ხარაგაული
14. იმერეთი ხონი
15. ადელი ბათუმი
16. სამგურალი წყალტუბო
17. სქური წალენჯიხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული