საქართველოს თასის წილისყრა: ნაწილს გაუმართლა, დანარჩენები ბევრს იბრძოლებენ

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყო.
პროცედურას, ტრადიციულად, საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი ნოდარ კაკულია უძღვებოდა, რომელმაც დასაწყისში დამსწრეებს თასის გათამაშების დებულების მნიშვნელოვანი პუნქტები და განთესვის წესები შეახსენა.

წილისყრა გუშინდელი დღისთვის იმიტომ დაინიშნა, რომ გუშინწინდელი გადადებული მატჩების ჩატარების შემდეგ ყველა უმაღლესლიგელს შეხვედრათა თანაბარი რაოდენობა დაგროვებოდა. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ განთესილი რვა გუნდი ობიექტურ ვითარებაში გამოვლენილიყო. შეგახსენებთ, პრივილეგილებულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის კლუბები, რომლებსაც წილისყრის დღისთვის უმაღლეს ლიგაში ზედა რვა ადგილი ეკავათ.

პროცედურის დაწყებამდე კლუბების
წარმომადგენლები ნოდარ კაკულიას იმაზეც დათანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფოთის "კოლხეთისთვის" მატჩების ჩატარების თანმიმდევრობა გაეცვალათ. როგორც იცით, ამჟამად "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს ზუგდიდში, "ბაიას" სტადიონზე ატარებს და ბუნებრივია, ორივე კლუბი ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე არენაზე ვერ ითამაშებს.

წილისყრის შედეგები კი ნამდვილად საინტერესოა:

ტორპედო-ბათუმი
ჭიათურა-ვიტ ჯორჯია
დინამო-დილა
ზესტაფონი-კოლხეთი
ბაია-სიონი
ჩიხურა-მეტალურგი
მერანი-სპარტაკი
სულორი-გაგრა

პირველი შეხვედრები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 28 სექტემბერს, 16 საათზე დაიწყება, განმეორებითები კი - 2 ნოემბერს, 15 საათზე.
თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომელ წყვილებშია მოსალოდნელი შეუპოვარი ბრძოლა და სად შეიძლება გამოვლინდეს მეოთხედფინალისტი პირველივე დაპირისპირებაში.

ჩვენი აზრით კი, სხვებზე მეტად გამოსარჩევი ოთხი წყვილია: "დინამო"-"დილა", "ზესტაფონი"-"კოლხეთი", "ჩიხურა"-"მეტალურგი" და "ტორპედო"-"ბათუმი".

"დინამოსა" და "დილას" დაპირისპირება ცალკე ისტორიაა და ჩემპიონატსა თუ თასზე ამ გუნდებს შორის არაერთი ხმაურიანი და სანახაობრივი მატჩი გამართულა; "დილასთან" ორი დღისწინანდელი საშინაო 0:4-ის მერე, ძალიან გაგვიჭირდება, "ზესტაფონი" "კოლხეთთან" ბრძოლაში უპირობო ფავორიტად რომ მოვიხსენიოთ; "მეტალურგს" პირველი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან მოუწევს დაპირისპირება, რომელთანაც თასის მერვედფინალში მარცხი შარშანწინ იწვნია; ქუთაისურ-ბათუმური ბრძოლაც ყოველთვის საინტერესო იყო და "ტორპედოს" პირველი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

თავისი წყვილის ფავორიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ "ბაია" და "მერანი", მაგრამ მეოთხედფინალში გასვლის არცთუ უსაფუძვლო ამბიცია "სიონსა" და "სპარტაკსაც" აქვთ.

წილისყრაში კი ყველაზე მეტად თასის მფლობელ "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" გაუმართლათ, რომელთა მოწინააღმდეგეებიც პირველ ლიგაშიც კი არ არიან დიდად გამორჩეულნი. ეს განსაკუთრებით "სულორზე" ითქმის, რომელსაც საწყისი ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს.

წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი კლუბების წარმომადგენლებს ვთხოვეთ.

მიხეილ აფხაზავა ("გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი): "რასაკვირველია, პირველი ლიგის გუნდთან თამაში გვერჩივნა. წილისყრის შედეგებით, ბუნებრივია, კმაყოფილი ვართ, თუმცა "სულორს" არ ვიცნობთ, რადგან როცა ჩვენ პირველ ლიგაში ვასპარეზობდით, ვანელები რეგიონულში გამოდიოდნენ".

ჯემალ ჭიპაშვილი ("სიონის" გენერალური მენეჯერი): "ბაია" დღეს აღმავლობის გზაზეა და მასთან ბრძოლა ნამდვილად არ იქნება იოლი. თუმცა "სიონს" შესწევს იმის ძალა, რომ მას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და მეოთხედფინალისთვის ბოლომდე იბრძოლოს".

დავით თავართქილაძე ("ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი და მედიაოფიცერი): "უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გვაქვს. ნებისმიერი მეტოქე სათანადოდ უნდა დააფასო, თორემ დაისჯები. ბრძოლა კი პირველლიგელსაც შეუძლია".

დავით ყენია ("ტორპედოს" სელექციონერი): "ჩვენ თასისთვის ვიბრძვით და ამიტომაც ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ. "ბათუმი" მაღალი დონის გუნდია, პირველ ლიგაშიც გამორჩეულია და არც "ტორპედოსთან" დაპირისპირებაში იქნება უშანსოდ. საინტერესო მატჩების მოლოდინში ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული