გიორგი აბურჯანია "ბაზელში" ჩაირიცხა!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი გიორგი აბურჯანია შვეიცარიაში მიემგზავრებოდა, სადაც "ბაზელში" სინჯები უნდა გაევლო. იგი საქართველოში სასიამოვნო ამბითა და დადებითი ემოციებით დაბრუნდა.

გიორგიმ რამდენიმე დღე დაჰყო შვეიცარიის ყველაზე წარმატებული კლუბის ბაზაზე და "ბაზელის" 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ივარჯიშა. თავიდან უსიამოვნება შეემთხვა, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ მხოლოდ კარგი ამბები გადახდა.

"ვარჯიშზე წარბი გამისკდა და ამის გამო ორი დღე მხოლოდ ინდივიდუალურად ვივარჯიშე. კიდევ კარგი, დროულად ჩავდექი მწყობრში და გუნდს შევუერთდი. ინტენსიურ საწვრთნელ პროგრამაშიც მივიღე მონაწილეობა და ორმხრივ თამაშშიც, რის შემდეგაც
სამწვრთნელო შტაბმა პირდაპირ მითხრა, რომ მოვეწონეთ და ჩემი აყვანაც გადაწყვიტეს", - გვითხრა გიორგიმ.

აბურჯანია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, 17-ისა იანვარში გახდება და სანამ 18-ისა არ შესრულდება, პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მანამდე "ბაზელის" 18-წლამდელებში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება არ ექნება და მხოლოდ ვარჯიშებითა და ამხანაგური მატჩებით შემოიფარგლება.

გიორგი "ბაზელის" მაისურით ამხანაგურ ტურნირებშიც იასპარეზებს. იგი თავის ახალ გუნდს ნოემბერშივე შეუერთდება და ბელინცონას ტურნირში ითამაშებს. ამის შემდეგ, სანამ სრულწლოვანი გახდება, აბურჯანია "ბაზელში" სამ-სამ თვიან პერიოდებს გაატარებს და სამშობლოში მხოლოდ მცირე ხნით ჩამოვა ხოლმე. აბურჯანია "ბაზელში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ბუნებრივია, გიორგი ძალიან გახარებულია: "ჩემს ემოციებს სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. "ბაზელი" ხომ საკმაოდ ძლიერი გუნდია და იქ ყველაფერია იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე. უახლოეს ერთ წელიწადს იქაურობასთან შესაგუებლად გამოვიყენებ, მერე კი მთელი მონდომებით ვიბრძოლებ "ბაზელის" ჯერ მეორე, მერე კი მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად".

ყველაზე მეტად აბურჯანია შვეიცარიულმა პირობებმა და საფეხბურთო გარემომ აღაფრთოვანა და იქაურთა დახვედრითაც კმაყოფილი დარჩა: "ნამდვილ სამოთხეში მოვხვდი. იქ იდეალური სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები არა მხოლოდ პროფესიონალებს, ჭაბუკებსა და ბავშვებსაც აქვთ. შრომა ნამდვილად არ მეზარება და ისღა დამრჩენია, საკუთარ თავზე მთელი ენერგიით ვიმუშაო. დავრწმუნდი, რომ ამაში ხელს შემიწყობენ, რადგან მწვრთნელებმაც და ბიჭებმაც ძალიან თბილად მიმიღეს. როცა წარბი გამისკდა, სამედიცინო შტაბიც თან გადამყვა, მოედანზე დაბრუნებულს კი ოვაციით შემხვდნენ".

"ბაზელის" 18-წლამდელთა მწვრთნელებმა აბურჯანია შემტევ ნახევარმცველად, თავდამსხმელების უკან გაამწესეს და, სავარაუდოდ, მომავალშიც ამ პოზიციაზე ათამაშებენ. გიორგი საქართველოს ნაკრებში საყრდენის ფუნქციებს ასრულებს, თუმცა ორივე ამპლუაში შეუძლია თამაში და მზადაა, ის დავალებები შეასრულოს, რაც გუნდისთვის იქნება საჭირო.

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვისი დამსახურებაა აბურჯანიას მომავალი შვეიცარიული ტრანსფერი: "უდიდეს მადლობას ვუხდი მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ბაზელს" ჩემთვის შანსი მოეცა. შვეიცარიაში ყოფნისას იგი გვერდიდან არ მომშორებია და ადაპტაციაში ყველანაირად მეხმარებოდა".

ადაპტაციაში გიორგის ინგლისურის ცოდნაც დაეხმარება, თუმცა "ბაზელი" გერმანულენოვანი გუნდია და აბურჯანია ამ ენის სწავლასაც აპირებს.
გიორგის მიმართ დაინტერესებას არნემის "ვიტესიც" გამოთქვამდა და სავარაუდო იყო, რომ აბურჯანია შვეიცარიიდან ჰოლანდიაში გადაინაცვლებდა, მაგრამ რაკი "ბაზელში" საქმეები კარგად წაუვიდა, "ვიტესის" ვარიანტიც გამოირიცხა.

გიორგი "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და განსაკუთრებით ემადლიერება გუბაზ დოლიძეს, რომლის გუნდშიც წლები გაატარა.
ამჟამად კი აბურჯანია რუსთავის "მეტალურგის" წევრია და მის შემადგენლობაში ევროპის ლიგაზეც ითამაშა. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში იგი ჯერ არ გვიხილავს, რადგან "მეტალურგს" ნაკრებსა და შვეიცარიაში ყოფნის გამო იყო დროებით ჩამოცილებული. დღეისთვის აბურჯანია "მეტალურგის" განკარგულებაშია და თუ გუნდის თავკაცი კობა ჟორჟიკაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, მოედანზეც გავა. მალე კი გიორგი "მეტალურგს" საბოლოოდ დაემშვიდობება და მთლიანად "ბაზელზე" იქნება კონცენტრირებული.

აბურჯანია ქართველმა გულშემატკივარმა, უპირველესად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო, მისდამი "ბაზელის" დაინტერესებაც სწორედ მაღალ დონეზე ჩატარებულმა სანაკრებო მატჩებმა განაპირობა და ამიტომაც უპრიანი იქნება, თუ თხრობას სწორედ ამ თემით დავასრულებთ.

კაპიტანი ნაკრების მომავალს ოპტიმისტურად უყურებს: "კარგი სამწვრთნელო შტაბი და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, ერთსულოვნებით კი ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და მეტიც შეგვიძლია. წინ ბელარუსში გასამართი ტურნირია. იქაც და ელიტრაუნდშიც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენმა თაობამ ნავსი უნდა გატეხოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო,
დასწყისი კარგია! ყოველდღიური შრომა და ბეჯითი სწავლა საშუალებას მოგცემს გახდე მაღალი დონის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი! მჯერა, ასეც იქნება!

შენი ბაბუ.
Giorgi
17:05 26-10-2011
0
მიდი აბუ მიდი კვიცი გვარზე ხტისო
temo
11:02 26-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული