აი, დღესაც საინტერესო დაპირისპირებები გველოდება: საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალურმა მატჩებმა ის ოთხი ნახევარფინალისტი უნდა გამოავლინოს, ამ საპატიო პრიზისათვის ბრძოლას მომავალი წლის გაზაფხულზე რომ გააგრძელებს.
სათასო მატჩების "განსაკუთრებულობასა" თუ სპეციფიკაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამჯერად მხოლოდ მცირე განმარტებებით შემოვიფარგლებით. მოგეხსენებათ, თასის საპასუხო მატჩებში დიდია იმის ალბათობა, ამა თუ იმ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო ან პენალტების სერია რომ
აი, ერთ და მართლაც განსაკუთრებულ პაექრობას კი არც სტადიონზე "ჩამობნელების" საშიშროება ემუქრება და არც სხვა არასაფეხბურთო ფაქტორი: აშკარად ნაადრევ ეტაპზე დაწყვილებული "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება 17 საათზე დაიწყება და საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზეც ამ, უდავოდ, საინტერესო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟია დაგეგმილი.
ახლა კი საქართველოს 2011-2012 წლების დავით ყიფიანის სახელობის თასის XXII გათამაშების დებულებასაც გავეცნოთ.
- 1/4 ფინალური თამაშები, ორი შეხვედრის ჯამში თუ ფრედ დამთავრდება, გამარჯვებული გამოვლინდება:
ა) ორი შეხვედრის ჯამში მეტი გატანილი ბურთების რაოდენობით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ორი შეხვედრის ჯამში გატანილი ბურთების რაოდენობა ერთნაირია, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელმაც მეტი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგის მოედანზე.
იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდმა ბურთების თანაბარი რაოდენობა გაიტანა როგორც შინ, ასევე გასვლაზე, დაინიშნება ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი.
იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში ორივე გუნდი ერთნაირი რაოდენობის ბურთებს გაიტანს, გამარჯვებულად ცხადდება სტუმართა გუნდი.
იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში არ იქნა გატანილი ბურთები, ინიშნება 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმები (ფიფას წესებით).
07.12. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 17:00. რეპორტაჟი პირველ არხზე
ზესტაფონი - ტორპედო (პირველი მატჩი - 1:1)
ეს მეტოქეები მართლაც ადრეულ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და იმის გათვალისწინებითაც, რომ თბილისის "დინამო" თასისათვის ბრძოლას თავისთვის უჩვეულოდ ნაადრევად და მართლაც სენსაციურად გამოეთიშა, ამ პრიზის მოპოვების ერთ-ერთი რეალური ფავორიტიც სწორედ "იმერულ დერბიში" უნდა "ვეძებოთ" (ნურც "მეტალურგის" დავივიწყებთ); რაც მთავარია, ფეხბურთის ქომაგებს (ზესტაფონელსაც, ქუთაისელსაც და ნეიტრალურსაც) მორიგი ლამაზი სანახაობის მოლოდინი აქვს: მეორე წელია, ამ გუნდების დაპირისპირებები უშეღავათო და საინტერესო ბრძოლაში მიმდინარეობს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჩემპიონატისა იქნება თუ სათასო, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" ნებისმიერი პაექრობის წინ ფავორიტად ვერც ერთ გუნდს ვერ დაასახელებ. ასეა ახლაც: პირველ მატჩში დაფიქსირებული საყაიმო ანგირიში (1:1), ერთი შეხედვით, "ზესტაფონს" ანიჭებს მცირე უპირატესობას. თუმცა არა გვგონია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თავისთვის სასურველი ანგარიშისათვის (ვთქვათ, 0:0) იბრძოლებს.
რა თქმა უნდა, ფეხბურთში ხანდახან პრაგმატიზმიც აუცილებელია, მაგრამ უკვე წლებია, "ზესტაფონის" სათამაშო კრედო მხოლოდ და მხოლოდ შეტევაა და მართლაც სასიამოვნოა, რომ გუნდის "საფეხბურთო მსოფლმხედველობა" არც ახალ სამწვრთელო შტაბს შეუცვლია. ეს სათამაშო სტილი კი გია გეგუჩაძემ დანერგა, "ზესტაფონს" მეტოქის რანგში რომ უნდა დაუპირისპირდეს.
თუმცა, გეგუჩაძე ყოფილი გუნდიდან წამოსვლის მერე პირველად არ ჩადის ზესტაფონში - XII ტურში "ტორპედომ" სტუმრად აჯობა ქვეყნის ჩემპიონს; აი, რაც შეეხება პირველ სათასო შეხვედრას, ვინც ეს მატჩი იხილა, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ჩინებული პაექრობა იყო. პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა გოლის გატანა მაინც მასპინძლებმა შეძლეს: თავი გამოიჩინა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა დავით გამეზარდაშვილმა. აი, მეორე ტაიმში კი სტუმრები შესამჩნევად გააქტიურდნენ, ახალგაზრდა სპეციალისტმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც ეფექტიანი შეცვლები განახორციელა და "ზესტაფონის" უპირატესობაც აშკარა იყო.
აღარ შევუდგებით იმ მომენტების ჩამოთვლას, მასპინძელთა კართან რომ შეიქმნა: გოლის გატანის ჩინებული შანსები ჰქონდათ შოთა გრიგალაშვილს, ირაკლი ძარიას, თორნიკე აფციაურს, ჯაბა დვალს, ედიკ საჯაიას; ერთი-ორ ეპიზოდში სტუმართა დარტყმებს მცირე სიზუსტე აკლდა, დანარჩენ შემთხვევაში კი მართლაც შთამბეჭდავად თამაშობდა ომარ მიგინეიშვილი, - ძნელია იმ მომენტების ჩამოთვლა-აღწერა, "ტორპედოს" მეკარემ საკუთარი გუნდი როცა იხსნა. თუმცა, ერთ ეპიზოდში მიგინეიშვილიც უძლური აღმოჩნდა - იმ შეხვედრის კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ჯაბა დვალმა ჯერ თავის "საფირმო" ფინტი ჩაატარა, მერე კი არანაკლებ ეფექტური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
07.12. მცხეთა. მცხეთა პარკი. 13:30
ვიტ ჯორჯია - მეტალურგი (პირველი მატჩი - 0:1)
ეს გუნდები ამ სეზონში მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს: ჩემპიონატის ორი დაპირისპირებიდან ერთი "მეტალურგმა" მოიგო (2:0), ერთიც ფრედ (0:0) დამთავრდა; რაც შეეხება პირველ სათასო მეოთხედფინალს, რუსთაველებმა გიორგი სეთურიძის ერთადერთი (თანაც, ერთობ ეფექტური) გოლის წყალობით მოიგეს.
მოკლედ, ამ წყვილს საკმარისზე მეტი ინტრიგა აქვს შემორჩენილი - სტუმრებს კი აქვთ ერთბურთიანი უპირატესობა, მაგრამ ახალგაზრდა "ვეტერინარები" უპრობლემოდ რომ არაფერს დათმობენ, ეს სამი დღის წინაც დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მეტოქეების ბოლო დაპირისპირება კვირას, რუსთავში შედგა, სადაც წყვილის უპირობო ფავორიტად მიჩნეულმა "მეტალურგმა" მონდომებული და მოტივირებული "ვიტ ჯორჯიას" ძლევა ვერაფრით მოახერხა.
მართალია, მასპინძლებმა გოლის გატანის თითქმის ასპროცენტიანი შანსი გაანიავეს (გუნდის შტატიანმა პენალტისტმა ლუკა რაზმაძემ ყოფილი გუნდის კარში პენალტი ვერ გაიტანა), სტუმართა აქტიური თამაშიც არ უნდა დაგვავიწყდეს; ყოველ შემთხვევაში, მატჩის ბოლო წუთებზე "ვიტ ჯორჯია" უფრო მწვავედ უტევდა, ვიდრე - "მეტალურგი". ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცხეთაში დღეს საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.
07.12. გორი. ქართლი. 13:30
დილა - ბაია (პირველი მატჩი - 2:2)
კიდევ ერთი წყვილი, სადაც წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება და ორივე გუნდსაც წარმატების მისაღწევად ერთნაირი შანსი აქვს. რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ "ბაიასთვისაც" და "დილასთვისაც" ნახევარფინალში გასვლა უდიდესი მიღწევა იქნება; მერე, ხომ შეიძლება ამ წყვილში გამარჯვებულს ნახევარფინალისტის კენჭისყრისასაც მეტ-ნაკლებად გაუმართლოს და ფინალშიც გააღწიოს. არადა, საქართველოს თასის ისტორიაში არც "დილას" და არც ზუგდიდურ კლუბებს ფინალში არასდროს უასპარეზიათ.
ერთი შეხედვით, პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში მასპინძელთათვის უფრო არის ხელსაყრელი: თემურ მახარაძის შეგირდები ნამდვილადა არ იქნებიან უარს, მერვედფინალის "სცენარი" გაიმეორონ, როცა სტუმრად "დინამოსთან" ნათამაშებ 2:2-ს საშინაო 0:0 "მოაყოლეს". ისე, თემურ მახარაძე ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ გამოცდილი სპეციალისტისათვის მეოთხედფინალები და ნახევარფინალები კი არა, თასის ფინალ(ებ)ი არ არის "უცხო ხილი"...
07.12. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 13:30
მერანი - გაგრა (პირველი მატჩი - 0:4)
სათასო გათამაშებას (თანაც, ნებისმიერ ქვეყანაში) არაერთი სიურპრიზი-სენსაცია ახასიათებს ხოლმე; ისიც ხშირად მომხდარა (მათ შორის, ჩვენთანაც), როცა ერთ გუნდს პირველ მატჩში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა გაუფლანგავს და მომდევნო ეტაპის საგზური მეტოქისათვის "გადაულოცავს". თუმცა, ამ სეზონის უდავო აღმოჩენის, "მერანის" მიმართ ჩვენი სიმპათიების მიუხედავად, ვეჭვობთ, რომ მარტვილელებმა დღეს სუპერ-სენსაცია მოახდინონ და ამ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშებულ "გაგრას", სულ მცირე, ოთხი ან ხუთბურთიანი სხვაობით აჯობონ (მით უფრო, რომ დღევანდელი მატჩი არა მარტვილში, არამედ ზუგდიდში ტარდება).
არადა, იმასაც შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ამ სეზონში საშინაო შეხვედრებში საუკეთესო შედეგი სწორედ "მერანს" აქვს - 21 შესაძლებლობიდან 19 ქულა აქვს მოპოვებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წინ დილააა!