ზესტაფონი VS მეტალურგი - ნაცნობი სათასო ისტორია

AutoSharing Option
"ზესტაფონი" და "მეტალურგი" (მაშინ "ოლიმპი" ერქვა) საქართველოს თასზე ერთმანეთს ორჯერ გადაეყარნენ, ორივეჯერ მეოთხედფინალში და შემდეგ ეტაპზე ორივეჯერ ზესტაფონელები გავიდნენ.

პირველად მათი სათასო დაპირისპირება 2007-08 წლების სეზონში შედგა და ორივე მატჩი "ზესტაფონმა" 1:0 მოიგო. რუსთავში გამარჯვების გოლი ბექა გოცირიძემ გაიტანა, ზესტაფონში კი - ზურაბ იონანიძემ. იმავე სეზონში თემურ მახარაძის მიერ გაწვრთნილმა "ზესტაფონმა" თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამოს" აჯობა, ფინალში კი ასევე დედაქალაქურ "ამერს" სძლია და ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.

2010-11 წლების სეზონში კი გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმა "ზესტაფონმა" ნიკოლოზ გელაშვილის დუბლითა და
თორნიკე აფციაურის გოლით "ოლიმპი" შინ 3:0 გაანადგურა, ხოლო სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა.

ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებშიც უპირატესობა "ზესტაფონის" მხარეს არის, ოღონდ მცირედი - 6 გამარჯვება, 6 ფრე და 5 მარცხი. შეგახსენებთ, სწორედ ამ გუნდებს შორის გაიმართა 2010 წლის 20 მარტის ხმაურიანი მატჩი, როცა მოედანზე ყველაფერი აირ-დაირია და არბიტრმა თამაში შეწყვიტა. მაშინ ორივე გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს, "ოლიმპს" კი, რომელიც იმ სეზონში ჩემპიონი გახდა, დამატებით სამი ქულა ჩამოაკლეს.

მიმდინარე ჩემპიონატშიც "ზესტაფონის" უპირატესობაა თვალსაჩინო - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რუსთაველებს შინ 2:0 მოუგო, სტუმრად კი 0:0 ითამაშა.

მიხეილ ხუციშვილი ("ზესტაფონის" სპორტული დირექტორი): "ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის შევხვდებოდით ნახევარფინალში, რადგან თასისთვის ვიბრძვით და ყველა მეტოქესთან გამარჯვება გვსურს. შანსებს 50/50-ზე ვაფასებ, ფინალში კი ის გავა, ვინც მატჩებს უკეთ მომზადებული შეხვდება".

კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი): "წილისყრამ ძლიერი მეტოქე გვარგუნა, მაგრამ არა უშავს, ფინალში გასვლის შანსი ჩვენც გვაქვს და მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს და ვნახოთ, ვინ უკეთ გამოიყენებს საკუთარ ძლიერ მხარეებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული