გაგრა-დილა 1:2 - მათე ვაწაძე საქართველოში საუკეთესო თავდამსხმელია!

AutoSharing Option
10.03. თბილისი. მიხეილ მესხი. 3000 მაყურებელი
გაგრა-დილა 1:2
1:0 ჯერემია(20), 1:1 ვაწაძე(63, ხოჯავას პასით), 1:2 ვაწაძე(82, ახალკაცის პასით)

გაგრა დილა
4-5-1 4-2-3-1

ბეგაშვილი სკენდერი
ხუციძე ალადაშვილი
ტყეშელაშვილი ინწკირველი
ჯგერენაია სალუქვაძე
ნ. ჯიშკარიანი მეგრელიშვილი
კობერიძე ბეჭვაია
ყურულაშვილი კაშია
ზვიადაძე კახელიშვილი
სარდალიშვილი ხოჯავა
ჭკუასელი ლექვთაძე
ჯერემია ვაწაძე

მწვრთნელებ
ზ.ჯელაძე თ. შალამბერიძე

გაგრა
68. ზვიადაძე -ხოჯაშვილი
72. კობერიძე - ყიფიანი
78.ჭკუასელი - კვანტალიანი
სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, ლ.სეთურიძე, ფალავანდიშვილი

დილა
56. კახელიშვილი - გურული
70. ხოჯავა - ახალკაცი
90. ლექვთაძე - ნ.ნოზაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, თოთაძე, ბარაბაძე

გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (2), ყურულაშვილი (11), ზვიადაძე(61)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ყველაფერი
ცალკეული ფეხბურთელების კლასმა გადაწყვიტა - ამაში გუნდები თანაბრად ვერ იყვნენ და მეორე ტაიმში განსხვავება უკვე აშკარად გამოჩნდა.

მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა, თავისებური მასტერ-კლასი ჩაატარა - ნახეთ, როგორი უნდა იყოს ცენტრფორვარდი, ნამდვილი მატადორი, რომელიც ბოლო დარტყმას დაუნდობლად და ზუსტად ასრულებს.

"გაგრამ" მოლოდინი გაამართლა, შეუპოვრად იბრძოლა. მეტწილად თავის დაცვა უწევდა, თუმცა შეტევაშიც ყოჩაღად ირჯებოდა, 4-5 ფეხბურთელით უტევდა.

"არაფრის დათმობას ვაპირებ", - "გაგრამ" ეს პირველივე წუთებიდან აგრძნობინა მეტოქეს. "დილა" სწრაფი გოლის გატანას შეეცადა, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ გოლი აქეთ გაუშვა.

"დილას" შეტევის მწყობრად განვითარება უჭირდა. გოჩა ხოჯავა ოპტიმალურ ფორმაში ჯერ ვერ არის, თუმცა თამაშის წაყვანას ნიადაგ ეშურებოდა. გორელებს მასპინძლები კარგად ბოჭავდნენ, ხისტ და აგრესიულ თამაშს არ ერიდებოდნენ.

ნიგერიელი ჯონ ჯერემია "დილას" ცენტრალურ მცველებში გახლდათ ჩასაფრებული, ბურთის ართმევაზეც მუშაობდა და შეტევაშიც სატევარივით ბასრი იყო. ლექსო ინწკირველმა რამდენჯერმე რისკიანად გადააწოდა ბურთი უკან მარიან სკენდერს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კი "დილასთვის" სავალალო აღმოჩნდა - სკენდერმა ბურთი ვერ აიტანა, ჯერემიამ დაუხვედრა ფეხი და 1:0.

თამაში უფრო ლაზათიანი შეიქნა. "დილა" იძულებული გახდა, უფრო მწვავედ შეეტია. სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, რომელთაგან აღსანიშნავია ირაკლი ლექვთაძის ძლიერი დარტყმა - ბურთი ძელმა აისხლიტა. ხოჯავას შესრულებული ჯარიმა კი გიგა ბეჭვაიას არაზუსტი თავურით დასრულდა. გორელები ამით რომ არ დაკმაყოფილდებოდნენ, ცხადი იყო. მთავარი ბრძოლები მეორე ტაიმისთვის გადაიდო.

"გაგრა" უშანსოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა ზვიად ჯელაძის გუნდს აშკარად აკლდა მოედნის ცენტრში გამოცდილი ფეხბურთელი, ვინც თამაშს დაალაგებდა და ვინძლო ერთი საზრიანი და ზუსტი პასით წერტილს დაუსვამდა ყველაფერს.

ჯერემია
ისევ იშტაზე იყო და შეიქმნა ერთი-ორი ისეთი ეპიზოდი, კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენა რომ შეეძლო. ისეც მოხდა, ნიგერიელ ფორვარდს მარტოკას რომ მართებდა "დილას" ხელმეორედ დაღონება - ინწკირველი ოსტატურად ჩამოიტოვა, მახვილი კუთხით მყოფს თანაგუნდელთაგან არავინ არ ეხსნებოდა, დარტყმა გადაწყვიტა და მიზანს ააცილა.

ჯერემიას
კიდევ ჰქონდა შანსი, როცა "დილას" კართან ახლოს მყოფმა ნიკოლოზ ჯიშკარიანის პასი ვერ შეიშნოვა.

თემურ შალამბერიძემ მოედანზე სანდრო გურული შეუშვა, რომელიც ურიგოდ როდი ჩაერთო თამაშში, თუმცა ეს შეცვლა გაჭირვების ტალკვესად მაინც ვერ გამოდგა. გურულის ერთ-ერთ ჩაწოდებას ვაწაძის ოდნავ არაზუსტი თავური მოჰყვა. იყო სხვა მწვავე ეპიზოდებიც, მაგრამ თამაშის შემობრუნებას ჯერ პირი არ უჩანდა.

რაც უფრო გადიოდა დრო, განსხვავება კლასში ტივტივდებოდა. ხელისგულზე დადებულივით ჩანდა - ხოჯავა და ვაწაძე ის დუეტი იყო, "გაგრას" გატეხვა რომ შეეძლო და ასეც მოხდა - ხოჯავას მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ვაწაძემ უნაკლო თავური მიაყოლა - 1:1.

"გაგრას" ცენტრალურ მცველებს, გიორგი ტყეშელაშვილსა და გიორგი ჯგერენაიას ერთობ უჭირდათ ვაწაძის ამოკეტვა. "დილამ" ანგარიში რომ გაათანაბრა, ეს უკვე გარდამტეხი მომენტი იყო.

ვაწაძეს მალევე მართებდა დუბლის შესრულება - ლექვთაძის ჩაწოდებულზე თავით ხარიხას შეაწყვიტა ბურთი.

შალამბერიძემ კარგად იგრძნო სიტუაცია და მოედანზე რომან ახალკაცს უხმო, რამაც კიდევ უფრო გაუძნელა საქმე "გაგრას". მეორე საგოლე პასიც სწორედ ახალკაცმა შეასრულა და ვაწაძემ კვლავ თავურით გაიტანა.

მატჩის ბოლოს მათე ჰეთ-თრიკზე მიდიოდა, თუმცა ხელი მოეცარა - ლექვთაძის მიერ შესრულებულ კუთხურს თავი კი დააძგერა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილს ვეღარ აჯობა.

მატჩის შემდეგ
თემურ შალამბერიძე (დილა): "ვიცოდი, რომ ძნელი თამაში იქნებოდა, "გაგრას" ფეხბურთელები კარგად და სწრაფად მოძრაობენ. დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ ამის შემდეგ ბიჭებმა კარგი ჟინი გამოავლინეს და შეხვედრა შემოატრიალეს".

ზვიად ჯელაძე (გაგრა): "სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა. წავაგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა. დღევანდელი მარცხი დაცვაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა და ვაწაძის მაღალმა კლასმა განაპირობა. ვაწაძე საქართველოში საუკეთესო თავდამსხმელია".

საქართველოს თასის ნახავარფინალი. პირველი მატჩები
ზესტაფონი-მეტალურგი 1:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 სიხარულიძე (37. თექთურმანიძის პასით), 1:1 დვალი (41. აფციაურის პასით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო დავით ისე კარგად გაქვთ აღწერილი თამაშის სიუჟეტი მეგონა ცოცხლად ვუყურებდი თამაშს. მაგარი ჟურნალისტი ხარ.
zviadi
10:56 11-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული