ლაშა სალუქვაძე: გორის "დილას" ფინალი გარანტირებული არ აქვს

AutoSharing Option
18 აპრილს "დილა" გორში, "ბურჯანაძეზე", საქართველოს თასის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში "გაგრას" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და თასის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"გაგრასთან" საპასუხო ნახევარფინალურ მატჩამდე გორის "დილას" კაპიტანს ლაშა სალუქვაძეს ველაპარაკეთ.

- "გაგრას" პირველი შეხვედრა კი მოუგეთ, მაგრამ ფინალში გასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა...
- ფინალში გასვლა გარანტირებული ნამდვილად არ გვაქვს. "გაგრა" მებრძოლი გუნდია და შანსის ბოლომდე გამოყენებას შეეცდება. ამიტომ ჩვენ სრული მობილიზება გვმართებს და მატჩისთვის სერიოზულადაც ვემზადებით.

- და მაინც, პირველი შეხვედრა მოიგეთ და ფავორიტად
ყველას "დილა" მიაჩნია...

- როგორ დასრულდება თამაში, ერთმა ღმერთმა უწყის და პროგნოზს მეც მოვერიდები.

- დრო გადის და "დილა" უფრო უკეთესად გამოიყურება...
- "დილაში" კარგი კოლექტივი შეიკრიბა, მაგრამ პოტენციალის გამოსავლენად დრო გვჭირდებოდა. მოსამზადებელ ეტაპზეც იყო ხელისშემშლელი პირობები, დიდთოვლობის გამო ხან მანეჟში ვვარჯიშობდით და ხან დარბაზში.

უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ისეთ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებდით, ჩვენ რომ შეგვეფერებოდა და შედეგებითაც ვერ დავიკვეხნიდით.

ახლა კი გუნდი დალაგდა, შეთამაშდა, შედეგიც გვაქვს და ყველამ დაინახა, რომ ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. მიზეზი ისიც არის, რომ შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

- რუსეთში წლები გითამაშია და ადვილად შეაფასებ: საქართველოს ჩემპიონატი რუსულს ვერ შეედრება, მაგრამ რაიმე პოზიტიური ან დამაიმედებელი თუ არის?
- დონეთა შედარება მართლაც არ შეიძლება. ჩვენთვის სანატრელია რუსული პრემიერლიგის ყველაზე ღარიბი კლუბების ბიუჯეტებიც კი. რუსებს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ, სტადიონები, ბაზები, მოედნები. ისინი თავს უფლებას აძლევენ, მაღალი კლასის მოთამაშეები ჩაიყვანონ. ეს ყველაფერი კი მაღალი დონის ჩემპიონატს განაპირობებს.

საქართველოში დადებითი პროცესები როგორ არ არის, ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, მოედნებს და სტადიონებს მიხედეს. კარგი მოედნებია ეროვნულზე, "მიხეილ მესხზე", გორში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია. ასე უნდა იყოს ყველა ქალაქში. სტადიონებს უნდა მიხედონ, ბაზები ააშენონ და ჩემპიონატის დონე აიწევს.

ისედაც ვერ ვიტყვი, რომ აქ ძალიან დაბალი დონეა. საქართველოდან რვა წლის წინ წავედი და მიმაჩნია, ახლა უკეთესი ჩემპიონატი გვაქვს, მეტია უკეთესი და ამბიციური გუნდი, აუტსაიდერთან ლიდერთა შეხვედრებიც დაძაბულად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გასაკეთებელი მართლაც ბევრი გვაქვს.

- "დილაში" ახალწვეულებს სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი გიჭირთ. ახლა მაინც თუ გაირკვა, რჩებით თუ მიდიხართ?
- ჯერაც არ ვიცით, რადგან ამაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან არ გვილაპარაკია. სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და გულწრფელად ვამბობ, არ მინდა, გონება ტრანსფერზე ფიქრით დავღალო. ახლა მხოლოდ "დილას" უახლოეს თამაშებზე ვფიქრობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული