მეტალურგი VS ზესტაფონი - ოქროს მატჩის რეპეტიცია

AutoSharing Option
საქართველოს თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები
18.04.რუსთავი. ფოლადი. 16:00 საათი
მეტალურგი-ზესტაფონი
პირველი მატჩი 1:1

18.04. გორი. თ. ბურჯანაძე. 16:00 საათი
დილა-გაგრა
პირველი მატჩი 2:1

სეზონის დაწყებამდე საჩემპიონო ამბიციები მხოლოდ ამ ორ კლუბს არ ჰქონია, მაგრამ დღეისთვის ოქროს მედლების მაძიებელთა რიცხვი "ზესტაფონითა" და "მეტალურგით" შემოიფარგლება.

არც ისე დიდი ხნის წინ თითქოს უკვე ნათელი იყო, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ტიტულს უმტკივნეულოდ შეინარჩუნებდნენ, მაგრამ ზესტაფონელებმა ძვირფასი ქულები დაკარგეს, რუსთაველებმა კი პლეი ოფში უფრო სტაბილურად იასპარეზეს და დღეისთვის მათ შორის სხვაობა ერთადერთ ქულას შეადგენს.

ბუნებრივია,
ამაში დიდი წვლილი ჩემპიონატის სისტემამაც შეიტანა, მაგრამ ეს ცალკე თემაა და "ზესტაფონის" წევრებს ისღა დარჩენიათ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე იმოქმედონ.

ჩემპიონობის პრეტენდენტები ერთმანეთს თასის ნახევარფინალში გადაეყარნენ და სანამ მათ შორის საუმაღლესლიგო მატჩი გაიმართება, 18 აპრილს კობა ჟორჟიკაშვილისა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდების დაპირისპირება საქართველოს თასის ფინალისტს გამოავლენს.

შეგახსენებთ, პირველი სათასო შეხვედრა 10 აპრილს ზესტაფონში გაიმართა და დაძაბული ბრძოლა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 37-ე წუთზე "მეტალურგის" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, 41-ეზე კი წონასწორობა "ზესტაფონისა" და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა აღადგინა.

ბუნებრივია, სტუმრად მიღწეული შედეგიანი ფრე განმეორებითი საშინაო მატჩის წინ ყოველთვის საკმაო უპირატესობაა და ფაქტია, რომ დღეისთვის უფრო კომფორტულ მდგომარეობაში "მეტალურგია", მაგრამ ცხადია, ეს მასპინძლებს არაფრის გარანტიას აძლევს - ფინალში გასასვლელად ახლაც უშეღავათო დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, წარმატების შანსი კი, უდავოდ, ორივე გუნდს აქვს.

"მეტალურგი" და "ზესტაფონი" ჩემპიონატის მატჩსაც რუსთავში გამართავენ. ეს შეხვედრა 6 მაისს ჩატარდება და შესაძლოა, ჩემპიონის ბედი სწორედ აქ გაირკვეს. მანამდე კი სათასო ბრძოლაში ვნახავთ, ამ ორ გუნდს შორის რომელი უფროა მზად მთავარი ქართული ტიტულის მოსაპოვებლად.

მეტოქეები მიმდინარე ჩემპიონატში უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სოლიდური უპირატესობა იმერელთა მხარესაა. "ზესტაფონმა" შინ ჯერ 2:0, შემდეგ კი 2:1 მოიგო. ამ ორ მატჩს შორის კი გუნდებმა რუსთავში ითამაშეს. ის შეხვედრა 0:0 დასრულდა.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას - "მეტალურგიცა" და "ზესტაფონიც" გასულ ზაფხულს ევროტურნირებზე ასპარეზობდნენ და ამის გამო თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვნენ.

"ზესტაფონმა" მერვედფინალში შინ 2:1 სძლია "კოლხეთს", ფოთში კი 0:0-ს მიაღწია. მეოთხედფინალში ფეროელებმა ქუთაისის "ტორპედოს" დრამატულ ბრძოლაში აჯობეს. პირველი შეხვედრა ქუთაისში 1:1 დასრულდა, ზესტაფონში კი ჭიაბრიშვილის გუნდი 0:1-ს აგებდა, თუმცა ძირითადი დროის მიწურულს ორი გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა.

"მეტალურგმა" პირველი მერვედფინალური მატჩი საჩხერეში "ჩიხურასთან" 1:1 ითამაშა, საპასუხო შეხვედრა კი შინ აუღელვებლად, 2:0 მოიგო. ჟორჟიკაშვილის გუნდმა ნახევარფინალში ორივე შეხვედრა მოიგო - "ვიტ ჯორჯიას" შინ 2:0, სტუმრად კი 2:1 სძლია.

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალურ წყვილში გორის "დილა" შინ "გაგრას" მიიღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა გორელთა გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული