* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, "დინამო" საკუთარ მოედანზე ქვედალიგელს დამაჯერებლად გაუმკლავდა და განმეორებითი მატჩი სრულ ფორმალობად აქცია.
მეტოქის ფაქტორის მიუხედავად, "დინამოს" თავკაცმა დუშან უჰრინმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა.
ჰეთ-თრიქით გამოირჩა დედაქალაქელთა ესტონელი ახალწვეული ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, მატჩის ბოლოს კი ახალი გუნდის მაისურით თავი ჯაბა დვალმაც გამოიჩინა.
საპასუხო შეხვედრაში უჰრინს უკვე ნამდვილად მიეცემა იმის საშუალება, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები დაასვენოს.
ამ გუნდების მეორე შეხვედრაც ორმხრივად სასარგებლო
დინამო-სტუ 8:0
გოლები: 1:0 ვოსკობოინიკოვი (8), 2:0 ვოსკობოინიკოვი (24), 3:0 ალვარო (30), 4:0 მერებაშვილი (34), 5:0 ჭავჭავაძე (53. ს.კ.), 6:0 რობერტინიო (59. პენ.), 7:0 ვოსკობოინიკოვი (71), 8:0 დვალი (88)
დინამო: ლორია, სეთურიძე, გველესიანი, გ. კვარაცხელია, რეხვიაშვილი, ალვარო (46. დვალი), ძარია, რობერტინიო, მერებაშვილი (57. კოტო), ჩისკო (56. ხმალაძე), ვოსკობოინიკოვი.
* * *
25 აგვისტოს "ლიახვი" და "სპარტაკი" პირველი ლიგის სასტარტო ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემპიონატის მატჩში ცხინვალელებმა სამი უპასუხო გოლის გატანით მოწინააღმდეგეს პირველ ტაიმშივე გადაუწურეს იმედი. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა 3:0 მოიგო.
ბუნებრივია, სათასო დაპირისპირებაშიც ფავორიტი "სპარტაკი" იყო, მაგრამ "ლიახვმა" შეძლო და რევანში აიღო.
თავიდანვე გეტყვით, რომ აჩაბეთელთა საშინაო არენა გორის "ქართლის" სტადიონია, მაგრამ იქ სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა და მეტოქეთა შეთანხმებით, "ლიახვმა" "სპარტაკს" თბილისში, "ბენდელაზე" უმასპინძლა.
როგორც "სპარტაკის" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ცხინვალელებმა მეტოქეზე უკეთესი საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ერთზე მეტი ვერ გაიტანეს.
აჩაბეთელებმა კი კარგად ისარგებლეს მოწინააღმდეგის ცენტრალური მცველების უხეში შეცდომებით და ფავორიტი დასაჯეს.
ლიახვი-სპარტაკი 2:1
გოლები: 1:0 მინდორაშვილი (20), 1:1 დ. გელაშვილი (59), 2:1 თოლორდავა (67)
სპარტაკი: გ. ნადირაძე, ჭაფოძე, თვალავაძე (76. თ. მაქაცარია), ქურდაძე, ბურძენაძე, ლემონჯავა (87. ჩიკვაიძე), ვ. კილასონია, თ. შონია, გ. ვაშაკიძე (46. ზ. მეტრეველი), გელაშვილი, თუხარელი.
* * *
ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის გამო "გურია" საშინაო შეხვედრებს სათადარიგო მოედანზე მართავს.
დილიდან მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, გურულთა სარეზერვო არენა მზადყოფნაში დაუხვდა სათასო პაექრობას - 25 წლის წინათ დაგებულმა საფარმა და მისმა სადრენაჟე სისტემამ წყლის გაწოვა იოლად მოახერხა.
მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე იხეირეს ლანჩხუთელებმა: "გურიის" ახალწვეულმა, ლევან ვართაგავამ საჯარიმო დარტყმა საგოლე პასად აქცია - გაკაპიტნებულმა და გია თოდუას არყოფნაში კლუბის ცენტრფორვარდად ქცეულმა ტარიელ კუკულაძემ სტუმრები უშანსოდ დატოვა, 1:0.
ამის შემდეგაც უპირატესობას გურულები ფლობდნენ, თუმცა სტუმრებს ტერიტორიული უპირატესობა თითქმის არ დაუთმიათ. რეალურ ხიფათებამდე საქმე პირველ ტაიმში აღარ მისულა, ეგაა - უფრო მწვავედ ლანჩხუთელები იჩხვლიტებოდნენ.
თამაშის განახლების შემდეგ მათი უპირატესობა უფრო თვალშისაცემი გახდა. აშკარა იყო, ისინი მინიმალურ შედეგზე ყაბულს არ იყვნენ. თავის მხრივ, წაგებაზე შეგუებას არც წალენჯიხელები აპირებდნენ.
ტაიმის საწყის წუთებში შანსი ორივე გუნდს მიეცა - ჯერ მასპინძელთა ახალწვეულ ალეკო შენგელიას შორეული დარტყმა ძელმა მოიგერია, ხოლო სქურელმა რობიკო ცობეხიამ ხელიდან გაუშვა გათანაბრების ჩინებული და ერთადერთი შანსი - მეკარესთან პირისპირ გასულს გიორგი ძაძამიამ აჯობა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
სამაგიეროდ, 72-ე წუთზე გაიტანეს გურულებმა - ამჯერადაც საგოლე გადაცემას ისევ ჯარიმიდან ვართაგავა აკეთებდა, თუმცა ბურთი კარისკენ წავიდა. მეკარემ ბურთისთვის მხოლოდ ხელის მირტყმა მოახერხა და იქვე მყოფმა ტარიელ კუკულაძემ დუბლი მიითვალა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევან ვართაგავას ამ სეზონში (მხოლოდ 2 შეხვედრაში!) უკვე 5 საგოლე პასი დაუგროვდა.
მატჩის მიწურულს ლანჩხუთელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ გოდერძი მაჩაიძის დარტყმული მოხვდა ხარიხას, ხოლო ბოლოს - გაიტანეს კიდეც, მაგრამ მსაჯებმა გააუქმეს, რადგან ლაინსმენმა მიიჩნია, რომ გატანამდე გურული ფორვარდები თამაშგარეში იმყოფებოდნენ.
გურია-სქური 2:0
გოლები: 1:0, 2:0 ტ. კუკულაძე (6. ვართაგავას პასით; 72. ვართაგავას პასით)
* * *
სხვა მატჩების უმრავლესობა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა, თუმცა გამონაკლისიც იყო - ბათუმის "დინამომ" ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" სტუმრად განცდილი მარცხით საქმე ძალიან გაირთულა და ახლა განმეორებით მატჩში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს.
მერვედფინალის საგზური, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს ქობულეთის "შუქურას", რომელმაც ოზურგეთში სოლიდურ გამარჯვებას მიაღწია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავი თითქმის ქუდში აქვთ ბოლნისის "სიონს", "ზუგდიდსა" და ფოთის "კოლხეთს".
საქართველოს ჩემპიონატის თანალიდერ საჩხერის "ჩიხურას" ხობში მოუწევს ორბურთიანი უპირატესობის დაცვა. მარტვილის "მერანმა" კი აბაშაში "სამტრედიას" ვერ მოუგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოუწევს იმის დამტკიცება, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის ღირსია.
30 აგვისტოს "გაგრა" "ჭიათურას" უმასპინძლებს, საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩები კი 17-18 სექტემბერს გაიმართება.
სხვა ეტაპების მსგავსად, მერვედფინალი, სადაც თასისთვის ბრძოლაში ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბებიც ჩაერთვებიან, 2013 წლისთვისაა დაგეგმილი.
ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 0:1 (იხილეთ ვრცლად)
სამგურალი-კოლხეთი (ფ) 0:2
სამტრედია-მერანი 0:0
მერცხალი-შუქურა 0:3
ზუგდიდი-იმერეთი 4:1
ჩხერიმელა-ბათუმი 4:2
ჩიხურა-კოლხეთი (ხ) 2:0
აეტი-სიონი 1:3
30 აგვისტო
გაგრა-ჭიათურა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"