საქართველოს თასზე ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდება

AutoSharing Option
17 სექტემბერს საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ორი საპასუხო მატჩი გაიმართა, დანარჩენი შეხვედრები კი 18-ში ჩატარდება და ყველა მერვედფინალისტის ვინაობასაც შევიტყობთ.

წლეულს ეს ბოლო სათასო მატჩები იქნება, მერვედფინალი და ყველა სხვა ეტაპი 2013 წელს გაიმართება. ევროტურნირების მონაწილეები - "ზესტაფონი", "დილა", "მეტალურგი" და "ტორპედო" გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან.

რამდენიმე წყვილში გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ზოგან კი მერვედფინალში გასასვლელად უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის "დინამომ" ქვედალიგელ სტუ-სთან დაპირისპირების ბედი პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა და მეტოქე "დინამო არენაზე" 8:0 გაანადგურა.

საპასუხო
მატჩი, რომელიც "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება, სრული ფორმალობაა და დედაქალაქელთა თავკაცი დუშან უჰრინი თავის გამოჩენის საშუალებას, ალბათ, უმეტესად, რეზერვისტებსა და დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს მისცემს.

თითქმის მერვედფინალშია კიდევ რამდენიმე უმაღლესლიგელი - "ზუგდიდმა", ფოთის "კოლხეთმა" და "სიონმა" პირველი მატჩები სოლიდური სხვაობით მოიგეს. თავი, ფაქტობრივად, ქუდში აქვთ ქვედალიგელ "შუქურას" და უმაღლესი ლიგის თანალიდერ "ჩიხურასაც".

სამაგიეროდ, დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი მარტვილში, ბათუმსა და თბილისის ორ სტადიონზე. სამტრედიაში მიღწეული ფრით "მერანმა" წყვილის ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა და შინ გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

ბათუმის "დინამო" ხარაგაულში "ჩხერიმელასთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა და "ადელზე" მეტად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.

"ბენდელაზე" სამაჩაბლოს დერბიში ერთმანეთს ცხინვალის "სპარტაკი" და აჩაბეთის "ლიახვი" დაუპირისპირდებიან. წყვილის ფავორიტი აშკარად "სპარტაკი" იყო, მაგრამ პირველ მატჩში "ლიახვმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი "მიხეილ მესხზეა" დანიშნული. "ლოკომოტივმა" "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში სძლია, 18 სექტემბერს კი იქ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების არაერთი წევრით დაკომპლექტებულმა "ლოკომოტივმა" "მცხეთა პარკზე" მაღალი დონის ფეხბურთი გვიჩვენა და საინტერესოა, ახლაც თუ შეძლებს უმაღლესლიგელთან სათანადოდ გამკლავებას.

მოკლედ, 18 სექტემბერს რამდენიმე საინტერესო და უკომპრომისო დაპირისპირების მოლოდინში ვართ.

საქართველოს თასი. მეთექვსმეტედფინალი. განმეორებითი მატჩები
17 სექტემბერი
სქური-გურია 0:2
(პირველი მატჩი: 0:2)

ჭიათურა-გაგრა 0:2
(პირველი მატჩი: 0:4)

18 სექტემბერი
იმერეთი-ზუგდიდი
(პირველი მატჩი: 1:4)

კოლხეთი (ფ)-სამგურალი
(პირველი მატჩი: 2:0)

კოლხეთი (ხ)-ჩიხურა
(პირველი მატჩი: 0:2)

მერანი-სამტრედია
(პირველი მატჩი: 0:0)

შუქურა-მერცხალი
(პირველი მატჩი: 3:0)

დინამო (ბთ)-ჩხერიმელა
(პირველი მატჩი: 2:4)

ლოკომოტივი-ვიტ ჯორჯია
(პირველი მატჩი: 1:0)

სიონი-აეტი
(პირველი მატჩი: 3:1)

სპარტაკი-ლიახვი
(პირველი მატჩი: 1:2)

სტუ-დინამო (თბ)
(პირველი მატჩი: 0:8)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული