ალექსანდრე გოგობერიშვილი: "ზესტაფონის" თასიდან გამოთიშვა შესაძლებელია

AutoSharing Option
იყო დრო, ლანჩხუთში ათეულათასობით გულშემატკივარი რომ დადიოდა "გურიას" საშინაო მატჩებზე.

ამ გუნდმა ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. "გურია" საკმაოდ ტრადიციული გუნდია, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს თასიც აქვს მოგებული.

ჟამთასვლამ ისე მოიტანა, რომ "გურია" ახლა პირველ ლიგაში თამაშობს, დასავლეთ ზონაში ლიდერია და უმაღლესში დაბრუნებისთვის იბრძვის.

ახლანდელი "გურიას" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე გოგობერიშვილია, ვისაც თავის დროზე ალენ ჟირესი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც კი იწვევდა.

ნახევარმცველ გოგობერიშვილს არაერთ მოწინავე ქართულ გუნდში უთამაშია. მერე იყო რუსეთსა და აზერბაიჯანში, "ბაკიში" აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა...

- ისეთი საფეხბურთო ბიოგრაფია გაქვს, რომ ამის მერე საქართველოს პირველ ლიგაში თამაში შენგან ცოტა მოულოდნელიც კი იყო - როგორ ეგუები პირველი ლიგის გუნდში ყოფნას?
- არ გამჭირვებია. ლანჩხუთის "გურიაში" პირველად მაშინ ვითამაშე, როცა 16 წლის ვიყავი. შარშან აზერბაიჯანიდან ისეთ დროს მომიწია ჩამოსვლა, რომ უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდი დაკომპლექტებული იყო. გამოჩნდა "გურიაში" გადასვლის ვარიანტი და გადაწყვეტილებაც უცბად მივიღე.

- პირობებით კმაყოფილი ხარ? ამაში მხოლოდ ანაზღაურებას არ ვგულისხმობ - აღდგენა, სავარჯიშო და სათამაშო პირობები, გარემო...
- პირველი ლიგის კვალობაზე, "გურიაში" ნორმალური პირობებია - კარგი კვება და ვარჯიში, ხელფასი და პრემია დროულად, კიდევ ის ამბიცია, რასაც უმაღლეს ლიგაში გადასვლა ჰქვია. "გურიას" ფეხბურთელები ლანჩხუთში ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინებში.

- რა მოედანზე ვარჯიშობს "გურია"?
- ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის გვერდით არის სათადარიგო მოედანი. ან იქ ვვარჯიშობთ, ან სოფელ ნიგოითში, სადაც ასევე ნორმალური მოედანია. გრიგოლეთის ბაზაზეც არის მოედანი და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეგვიძლია ვარჯიში. რაც შეეხება ცენტრალური სტადიონის მოედანს, ალბათ, იცით, რომ იქ საბრძნეთიდან ჩამოტანილი მინდორი დააგეს, რომელიც უკვე ჩინებულ კონდიციაშია და სეზონის მეორე ეტაპიდან ამ მოედანზე ვითამაშებთ.

- გულშემატკივარი თუ დადის "გურიას" საშინაო მატჩებზე?
- ხუთასამდე გულშემატკივარი სულ ესწრება ჩვენს თამაშებს. რაც მთავარია, მთელი ლანჩხუთი გვერდში გვიდგას. ამ პატარა ქალაქში საფეხბურთო ტრადიცია მართლაც იგრძნობა, ლანჩხუთში ესმით და უყვართ ფეხბურთი. ცენტრალურ სტადიონს სრული რეკონსტრუქცია როცა გაუკეთდება, გულშემატკივარიც უფრო მეტი მოვა. ამ დროისთვის სტადიონის მხოლოდ ერთი ტრიბუნა ფუნქციონირებს.

- საქართველოს პირველი ლიგა როგორი სათამაშოა, რა თავისებურებები ახასიათებს?
- რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგას კლასით ჩამოუვარდება, თუმცა პირველ ლიგაში თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. უმეტესწილად, ისეთი მოედნებია, რომ ხარისხიანი ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. ბევრია ორთაბრძოლა და უხეში თამაში. უმაღლესთან შედარებით, პირველი ლიგა უფრო ხისტია.

- მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე "გურიაში", თავდამსხმელების შემდეგ, ყველაზე მეტი, 9 ბურთი შეაგდე - გოლები მეტწილად სტანდარტულებიდან გაგაქვს?
- სამი გოლი 11-მეტრიანით შევაგდე, ერთხელ კი ჯარიმა შევასრულე შედეგიანად, დანარჩენი სათამაშო სიტუაციიდან.

- "გურიაში" ერთი აფრიკელი ლეგიონერიც კი გყავთ, არნო ჩუენსუ. უინტერესო არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვით დაგვიხასიათებ მას.
- ამ კამერუნელს ჩასემს ვეძახით, ერიკ ჩასემის ძმა გახლავთ. ალბათ, გახსოვთ ეს თავდამსხმელი - იყო "სიონში", მერე კი "ზესტაფონში" თამაშობდა. მისი ძმა მარჯვენა მცველია, საკმაოდ ტექნიკური და სწრაფიც, კარგად ერთვება შეტევაში.

- ეს კამერუნელი 21 წლისაა. ისე კი, "გურია" უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს...
- "გურიას" გეზი გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ამ ეტაპზე ასეა საჭირო - უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, უმაღლეს ლიგაში უნდა გადავიდეთ. ასეთი მიზნის მიღწევას კი გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება.

- "გურიას" მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიას საფეხბურთო სამყარო ჯერ კარგად არ იცნობს...
- ადრე ერთადაც კი გვითამაშია "გურიაში". ის ძალიან კარგი პიროვნებაა, ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა.

- "გურია" საბიუჯეტო კლუბია და ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა რამდენად იმოქმედა გუნდის ავან-ჩავანზე?
- არჩევნების მერე ერთი პერიოდი გაურკვევლობა იყო, თვენახევარი ხელფასი არ აგვიღია, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ მოვდუნებულვართ. ლანჩხუთიდან პარლამენტის დეპუტატი თემურ ჩხაიძე გახდა და ყურადღებით მოეკიდა "გურიას", დაეხმარა კლუბს, რომ დავალიანება გასტუმრებულიყო და კვლავ ჰქონოდა დაფინანსების წყარო.

- პირველი ლიგის გუნდებიდან ყველაზე უფრო რომელი მოგეწონა?
- "სასკო" და "გაგრა", ორივე დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება "დინამო 2"-ს, ახალშექმნილი გუნდია და ჯერ სტაბილურობა აკლია. "დინამო 2" ამოუცნობ გუნდს ჰგავს, პირველ ლიგაში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, თუმცა ხანდახან გაუთვალისწინებელ ქულებს კარგავს.

- "გურიას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს და თუ ამ მიზანს მიაღწევს, ისევ "გურიაში" დარჩები? ისევ აპირებ ფეხბურთის თამაშს?
- თამაში კიდევ შემიძლია; როგორც ფეხბურთელს, საკუთარი თავი ამოწურული ჯერ არ მაქვს. ღმერთმა ნუ ჰქნას და თუ ტრავმამ არ შემიშალა ხელი, ფეხბურთს კიდევ ვითამაშებ. 26 თებერვალს 36 წელი მისრულდება და თასზე ლანჩხუთში "ზესტაფონს" ვეთამაშებით.

რეალურად ვაფასებ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ "ზესტაფონთან" უშანსოდ არ ვართ, ბრძოლისა და სწორი თამაშის ხარჯზე თასიდან "ზესტაფონის" გამოთიშვა შეგვიძლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რაა, გურია რო ფეხბურტს თამაშობდა , ზესტაფონში მარგანეცი მზვინვარებდა :D:D
მისტიური
24 თებერვალი 2013 21:53
0
ნუ აბდლობ თუ კაცი ხარ :D
zestafan
12 თებერვალი 2013 23:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული