ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:1 - ახია ჩვენზე, ჟურნალისტებზე...

AutoSharing Option
პირველი ტაიმის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა მსაჯობით უკმაყოფილო იყო. ვიტჯორჯიელები ჟურნალისტებთანაც კი მოვიდნენ პრეტენზიული ტონით, თუმცა კონკრეტულად რა უნდოდათ, ძნელი სათქმელია.

უცნაურია, კლუბს, რომელსაც ბევრი რამ აქვს მოსაწესრიგებელი, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ჟურნალისტებთან მსაჯის საკამათო ქმედების გამო.

ალბათ, ახია ჩვენზე, ისეთ სტადიონზე რომ მივდივართ მატჩის გასაშუქებლად, სადაც ეგრეთ წოდებულ პრესლოჟაში იატაკის ფიცრის მსგავსი არის გადებული და ჟურნალისტისთვის სამუშაო მაგიდის იმიტაციას ქმნის.

მოედანზე დატრიალებული მოვლენები კი ნამდვილ სათასო დაპირისპირებას წარმოადგენდა.

Sportall.Geცხინვალის "სპარტაკი" ახლა პირველ ლიგაში კი გამოდის, თუმცა ბევრი ისეთი ფეხბურთელი
ჰყავს, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ არ აკლია და ტოლსწორადაც ეპაექრა "ვიტ ჯორჯიას".

სტუმრები ზვიად მეტრეველის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც კონსტანტინე ხიზანეიშვილის ჩაწოდებით ისარგებლა.

"სპარტაკს" მალევე შეეძლო მეორე გოლის გატანა. პენალტი მეტრეველმა მოინაგრა, დარტყმა კი თემურ შონიამ იკისრა - ნიკა დაუშვილმა ფეხით მოიგერია ბურთი.

"ვიტ ჯორჯია" ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, გიორგი ჯანელიძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან ცოცხალ კედელს შემოავლო ბურთი, რომელიც გიორგი ნადირაძემ ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებას ლევან კუხალეიშვილი ცდილობდა ვარდნაში, მეკარესთან ორთაბრძოლის შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა. შეხლა-შემოხლა და ჩოჩქოლი რამდენი წუთს გაგრძელდა. არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ყვითელი ბარათები აფრიალა და ფეხბურთელებიც დაშოშმინდნენ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, დავით ხურცილავას ჩაუქობას "სპარტაკის" კარში დანიშნული 11-მეტრიანი რომ მოჰყვა - ჯანელიძემ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა.

მეორე ტაიმი საინტერესო გამოდგა, სახიფათო მომენტი უფრო მეტი შეიქმნა. შონიას ჰქონდა ჩინებული შანსი, დაუშვილს კი დაასწრო, მაგრამ ბურთი მეკარისგან მიტოვებული კარიდან განზე წავიდა. ვარლამ კილასონიამ კი გიორგი ლემონჯავას ჩაწოდებულს მიაყოლა არაზუსტი თავური.

"ვიტ ჯორჯიამაც" გამოიდო თავი: გურამ ადამაძის თავური ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია, ლაშა კასრაძის შორეული დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს, შეცვლაზე შესული ირაკლი ღიბრაძის ჩაწოდების შემდეგ ჯანელიძეს მართებდა გატანა, მაგრამ მცველმა მოასწრო და დარტყმას გადაეფარა.

სპარტაკელმა კილასონიამ ორჯერ საშუალო დისტანციიდან სცადა ბედი, თუმცა ორივეჯერ სიზუსტემ უმტყუნა.

მატჩის ბოლოს "ვიტ ჯორჯიას" რიცხობრივი უპირატესობა შეექმნა, თუმცა დრო ბევრი აღარ იყო დარჩენილი კაცნაკლული "სპარტაკის" დასაჯაბნად.

საპასუხო შეხვედრაში შმაგი ბრძოლა იქნება - ასეთი შთაბეჭდილება დატოვა "მცხეთა პარკზე" მომხდარმა ამბავმა. მეოთხედფინალში გასასვლელად ორივე გუნდს თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს, 26 თებერვლის შედეგიცა და თამაშის მსვლელობაც ამის თქმის საფუძველს იძლევა.

ჟურნალისტებს კი ბევრად მწვავე იერიშებიც მოგვიგერიებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიტ ჯორჯიამ ჯერ ტამაში ისწავლოს და მერე გააკრიტიკოს სხვები
temo
14:23 27-02-2013
0
1-1 ეს მოგესავიტაა ვიტ ჯორჯიასტვის
temo
14:24 27-02-2013
0

სიახლეები პოპულარული