დილა-სამტრედია 6:0 - მეოთხედფინალი გორიდანვე გამოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილას" და მის ახალ თავკაც ვალდას ივანაუსკასს წლევანდელი წლის პირველი საშინაო შეხვედრა მეტად წარმატებული გამოუვიდათ.

მერე რა, რომ "სამტრედია" ქვედა ლიგაში თამაშობს და ამ ეტაპზე შიდაქართლელთა კლუბზე სუსტად მიიჩნევა. უპირატესობა, რომლითაც მასპინძლებმა სამტრედიელები დაამარცხეს, მეტად შთამბეჭდავი იყო.

მართალია, წინასწარი პროგნოზებით ფავორიტებად გორელები ითვლებოდნენ, მაგრამ ექვსი უპასუხო გოლით გამარჯვებას იშვიათად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა.

"დილას" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თავის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში ივანაუსკასმა თითქმის ისეთივე შემადგენლობა დააყენა (ძირითადში 2 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა), როგორიც პირველ, სუპერთასის მატჩში "ზესტაფონთან". ტაქტიკური თვალსაზრისით კი, ლიტველს
ამჯერად მკვეთრად შეტევაზე ორიენტირებული ჰყავდა შეგირდები.

Sportall.Geბრაზილიელ ლეგიონერთა დუეტიც თავიდანვე გამოკვეთილ თავდამსხმელებად ვიხილეთ. თუმცა პირველი გოლი გიორგი კახელიშვილის ფლანგიდან შეტევას მოჰყვა, როდესაც მის დარტყმულს საშუალო მანძილიდან ვერაფერი დაუპირისპირა სტუმართა მეკარე დავით კეკელიძემ და ანგარიში გაიხსნა.

ცოტა ხანში ნათან ჟუნიორმა ლეონარდოს პასით ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. 23-ე წუთზე კი უკვე ლეონარდოს ძლიერი დარტყმული მოხვდა კარის ხარიხას და სტუმართა სასიხარულოდ, ხაზს გარეთ დაეცა.

მაგრამ მინიმალური სხვაობა დიდხანს აღარ შენარჩუნებულა. 27-ე წუთზე, მასპინძლების იერიშისას, მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოდან რომ ვერ გამოიტანეს სამტრედიელებმა, ჟუნიორმა ისარგებლა და კარის ბადე ამ მატჩში პირველად შეარხია.

"დილა" ამის შემდეგ კიდევ უფრო თავდაჯერებით შეუდგა მეტოქის დაწნეხვას. მართალია, ტაიმის ბოლომდე გოლი აღარ გასულა, მაგრამ მათი უპირატესობა აშკარა გახდა. სამტრედიელებს სულ უფრო უჭირდათ მოედნის მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა, აღარაფერს ვამბობთ იქ მათ მიერ ბურთის გაკონტროლებაზე.

შესვენებამდე ლეონარდომ კიდევ ერთი მომენტი ვერ აქცია გოლად, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, როდესაც სტუმართა დაცვა შეცდა, მის ნაცვლად გამოსულმა ირაკლი მოდებაძემ გააკეთა იგივე.

ერთ წუთში ჟუნიორმა სამტრედიელების დაცვის ზედიზედ მეორე ჩავარდნით ისარგებლა და ანგარიში 3:0-ად აქცია.

სტუმრებმა თავი თითქმის ვერაფრით დაგვამახსოვრეს - შედარებით უკეთესი გარჯით კი გედენიძე გამოირჩეოდა. თავის მხრივ, "დილას" მცველებს საქმე თითქმის არ ჰქონიათ.

66-ე წუთზე ჟუნიორმა კიდევ ერთხელ დასაჯა მეტოქე და თავის წილად ჰეთ თრიკი მიითვალა - 4:0. ეს წუთები განსაკუთრებით ცუდი გამოდგა სამტრედიელებისათვის.

მათ ამ დროს მიიღეს მეოთხე გოლი, არბიტრმა გაუძევათ ფეხბურთელი, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაყარა ისინი და იქვე, მოედანზე შემოვიდა მიხეილ გორელიშვილი, რომელმაც კიდევ ორჯერ შეარხია კეკელიძის კარის ბადე. ასისტენტობა მას მოდებაძემ გაუწია.

საბოლოოდ - 6:0, რაც საქართველოს თასის მოქმედ მფლობელებს გზას უხსნის მეოთხედფინალისაკენ.

VideoSportall.Ge
დილა - სამტრედია 6:0


მატჩის შემდეგ
დავით ჭელიძე (სამტრედია):
"ჩვენ პირველი ლიგის გუნდი ვართ და აქცენტსაც ამ ლიგაზე ვაკეთებთ. "დილამ" აშკარად გვაჯობა და ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ მას მომდევნო ეტაპზე გასვლა. ჩვენ კი შევეცდებით, საპასუხო შეხვედრაში იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე გორში".

ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"ამ მატჩში ყველაზე მთავარი იყო, რომ ჩვენი გუნდი სერიოზულად მოპყრობოდა საქმეს. სუპერთასზე განცდილი მარცხის მერე ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა გამარჯვება და მიზანს მივაღწიეთ. მეტიც, ფაქტობრივად, გადავწყვიტეთ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. უშუალოდ ფეხბურთელთა ასპარეზობითაც, ცხადია, კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული