2 მარტს "გაგრა" "ტორპედოს" საპასუხო მატჩში "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს. ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ "ლელოს" რესპონდენტი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძეა, რომელსაც როგორც ქუთაისელებთან განვლილი და მოსალოდნელი შეხვედრების შესახებ, ასევე "გაგრასთან" დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
- უპირველესად, ქუთაისში გამართული მატჩი შეაფასეთ.
- გვქონდა დრო იმისთვის, რომ მეტოქე სათანადოდ შეგვესწავლა; ამასთანავე, "ტორპედოსთან" წინა სეზონებში ნათამაშები შეხვედრებიც გავაანალიზეთ
პირველ ტაიმში მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო, "გაგრას" ფეხბურთელებს კი ნერვიულობა ეტყობოდათ. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ თამაშის ხარისხი მკვეთრად გავაუმჯობესეთ და ანგარიშიც გავათანაბრეთ. მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი იყო.
- მატჩის ბოლოს "გაგრას" გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო...
- დიახ, ჯონ ჯერემიას დარტყმაზე "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილმა სასწაულებრივი რეაქცია გამოამჟღავნა. იგი ჩვენს ჩემპიონატში აშკარად გამორჩეული გოლკიპერია და ამ მატჩში თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
- სტუმრად მიღწეული დადებითი შედეგი თქვენს ფეხბურთელებს, ალბათ, უფრო დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევს.
- ასეა, მაგრამ ვფიქრობ, ამ დაძაბულობას ბიჭები გაუძლებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სტუმრად მიღწეულმა 1:1-მა წყვილის ფავორიტად გვაქცია. მთავარი ბრძოლა თბილისში გაიმართება და ყველაფერი აქ გადაწყდება.
აქ კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება გველის, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილნი და ვნახოთ, თავის შანსს უკეთ რომელი გუნდი გამოიყენებს.
- ორი წლის წინ "გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა და ფინალში სწორედ "ტორპედოს" სძლია. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის თანაშემწე იყავით. გაქვთ იმის იმედი, რომ ტიტულისთვის წელსაც იბრძოლებთ?
- სანამ შანსი გვაქვს, მის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით. ჯერ მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად გველის ბრძოლა და თუ ეს ეტაპი გადავლახეთ, შემდეგ უკვე მორიგი ბარიერის დაძლევაზე ვიფიქრებთ.
- რა სხვაობასა და მსგავსებას ხედავთ ახლანდელ და ორი წლის წინანდელ "გაგრას" შორის?
- კლუბის კონცეფცია და განვითარების გზა უცველია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება აქვს. მაშინდელი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ შემოგვრჩა, თუმცა ამჟამინდელი შემადგენლობა კიდევ უფრო ახალგაზრდულია.
- ნიგერიელი ლეგიონერების, ჯონ ჯერემიასა და უმარ მაგაჯის სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებთ?
- ჯერემია კარგ ფორმაშია და გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია; მაგაჯიმ კი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში ცოტა ხნის წინ განაახლა და ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში არ არის, თუმცა მისი იმედიც არანაკლებ გვაქვს.
- "გაგრა" ამ ზამთარში უცხოურ შეკრებაზე არ წასულა. ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით ხომ არ არის გამოწვეული?
- არა, ამ კუთხით ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უცხოური შეკრება პრიორიტეტული არ იყო. საბედნიეროდ, ამინდებმა ხელი შეგვიწყო და მუხრანში სეზონის მეორე ნახევრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ.
- უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შანსებს როგორ აფასებთ?
- ამჟამად ჩვენი სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ პირველი ლიგის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი და სიტუაციის საჩვენოდ შემობრუნებას ვეცდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-გაგრა 1:1 - გაგრული სიურპრიზი და სენსაციის სუნი [VIDEO]