საქართველოს თასის წილისყრა: წყვილი ზეექვსეულიდან და გურია-დინამო

AutoSharing Option
6 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უპირველესად, მეოთხედფინალურ წყვილებს გაგაცნობთ:

გურია (ლანჩხუთი)-დინამო (თბილისი)
ჩიხურა (საჩხერე)-დილა (გორი)
მეტალურგი (რუსთავი)-სპარტაკი (ცხინვალი)
ტორპედო (ქუთაისი)-სიონი (ბოლნისი)

წილისყრა ბრმა იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოკვეთილი სუპერწყვილი მაინც ვერ მივიღეთ. ცენტრალურ დაპირისპირებად "ჩიხურა"-"დილა" უნდა მივიჩნიოთ. ერთმანეთს ზეექვსეულის ორი ამბიციური ბინადარი შეხვდება და ორივეს აქვს ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი.

რა თქმა უნდა, არც "გურიასა" და "დინამოს" მოახლოებულ ორთაბრძოლას ახლავს ნაკლები ინტრიგა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ მათ ურთიერთშეხვედრებს დიდი ხნის ისტორია აქვს და
ლანჩხუთელთა და დედაქალაქელთა შორის არაერთი ლაზათიანი მატჩი გამართულა როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდში.

მეორე პირველლიგელი, რომელმაც მეოთხედფინალს უწია - ცხინვალის "სპარტაკია", რომელიც საქმეს რუსთავის "მეტალურგთან" დაიჭერს.

ქვემოქართლელთათვის, რომლებმაც ჩემპიონატის ზედა ექვსეულში მოხვედრა ვერ შეძლეს, სათასო წარმატება ევროსარბიელზე მოხვედრის ერთადერთი გზაა. ასე რომ, "მეტალურგის" უმთავრესი ძალისხმევა სწორედ ამ ტურნირისკენ იქნება მიმართული.

"ტორპედო" "სიონთან" ბრძოლაში ფავორიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ ეს ცნება აქაც პირობითია. ბოლნისელებმა ზამთარში შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს და "ზუგდიდთან" გამართული შთამბეჭდავი მერვედფინალური მატჩებით თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ მაღალი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას.

პირველი მატჩები წყვილში პირველად დასახელებული კლუბების მოედანზე 13 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 10 აპრილს ჩატარდება. მარტში თამაშები 15 საათზე დაიწყება.

* * *
წილისყრის პროცედურას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გაუძღვა. წილისყრის დაწყებამდე სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კლუბების წარმომადგენლებს პროცედურის დეტალები გააცნო.

წილისყრამდე სიჭინავამ ლანჩხუთის სტადიონზე არსებული ვითარება განმარტა - იქ ბუნებრივსაფარიანი მოედანი მზად არის, თუმცა მოედნიდან გასახდელამდე მანძილი დაახლოებით 50 მეტრია. სიჭინავამ პირობა დადო, რომ ლანჩხუთში თასის მეოთხედფინალზე ჩავა და პირადად გააკონტროლებს ფეხბურთელთა უსაფრთხოებას.

კლუბებმა ლანჩხუთში თამაშზე თანხმობა განაცხადეს და წილისყრა ამის შემდეგ დაიწყო. პროცედურის დასრულების შემდეგ კი კლუბების წარმომადგენლებს კომენტარი ვთხოვეთ.

ლადო ბურდული ("სიონის" სპორტული დირექტორი):
"რასაკვირველია, "ტორპედოს" სახით ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ თასზე შორს წასვლა თუ გინდა, სულერთია, ვის დაუპირისპირდები. ჩვენთვის ხელსაყრელი ის არის, რომ პირველ მატჩს სტუმრად ვატარებთ".

ბუბა ტყავაძე ("დინამოს" მმართველი დირექტორი):
"გურიამ" მერვედფინალში დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის და მასთან საბრძოლველად თითოეულ დინამოელს მაქსიმალური კონცენტრაცია და თავდადება მართებს. თასის გათამაშებაში ფავორიტის სტატუსი არავის აქვს".

ზურაბ ხორგუაშვილი ("დილას" სპორტული დირექტორი):
"ორი აზრი არ არსებობს - "ჩიხურასთან" ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება, მაგრამ თასის მოქმედი მფლობელები ვართ და ტიტულის შენარჩუნებას ვაპირებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გურია იგებს
0
chixura aigebs tass ............ gorisdilaaa wadii raaa daidzinee wavidaa misha...
koba
14:14 07-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული