მან სახელიანი მამის ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა და გაჭირვებაში მყოფ კლუბებს "მკურნალად" ევლინებოდა.
2004 წელს ჩაიბარა ჩეხეთის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი "მლადა", რომელმაც მოულოდნელად ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მეორე სეზონში კი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სასწაული შეძლო რუმინულ "პოლიტეხნიკაშიც" - ტიმიშოარელები 2008-09 წლების სეზონში პირველად გავიდნენ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ კლუბის მეპატრონესთან
მერე ისევ ნაცნობი ამბავი შეემთხვა: კლუბმა ლიცენზირება ვერ გაიარა, ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს და უჰრინი ისევ ახალი კლუბის ძიებას შეუდგა.
ჯერჯერობით თბილისის "დინამოში" ჩეხი სპეციალისტი წარმატებით საქმიანობს: გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.
ჩეხი დამრიგებელი დღეს "ლელოს" შეკითხვებს პასუხობს.
- ადრინდელი საქმიანობით დაამტკიცეთ, რომ თქვენი საქმე გაჭირვებაში მყოფი კლუბების "მკურნალობაა"...
- ალბათ, ასეც არის. გეტყვით, კარიერა როგორც დავიწყე. 2002 წელს "ბოჰემიანსში" ვლადიმირ ბოროვიჩკას ასისტენტი გახლდით. ზედიზედ 4 შეხვედრა წავაგეთ და გუნდიდან გაუშვეს. მაშინ გუნდი სპონსორმაც დატოვა, გაკოტრების პირას ვიყავით და შვიდი წამყვანი მოთამაშეც წავიდა. ასეთ დროს ჩავიბარე "ბოჰემიანსი".
ასპარეზობა წარუმატებლად დავასრულეთ და გუნდი დავტოვე, მაგრამ, ეტყობა, კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით და დამაბრუნეს. იმ სეზონში 16 შეხვედრიდან 3 ფრედ დავასრულეთ და დანარჩენი 13 მოვიგეთ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, უმაღლეს ლიგაში არ დაგვაბრუნეს.
სწორედ მაშინ მიმიწვიეს "მლადაში", სადაც მეორე სეზონის ბოლო ტურში "ლიბერეცთან" მოგებით მეორე ადგილი დავიკავეთ და უეფას თასზე გავედით. იქ კი დიდი სენსაცია მოვახდინეთ, როცა გზიდან მარსელის "ოლიმპიკი" ჩამოვიშორეთ.
უეფას ჯგუფურ ეტაპზე რუმინული "პოლიტეხნიკა" გავიყვანე და იმ პერიოდში რუმინეთში ფინანსურად ბევრად ძლიერ კლუბზე, ბუქარესტის "რაპიდზე" უკეთესი შედეგიც ვაჩვენეთ. ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო, მაგრამ იქაც ფინანსური პრობლემები იყო და კლუბი დავტოვე.
- როდესაც "დინამო" ჩაიბარეთ, ფულიანი, მაგრამ წარუმატებელი გუნდი იყო. ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. ვითომ "გამოჯანმრთელების" პროცესი საბოლოოდ აქაც უეფას ჯგუფურ ეტაპამდე მიგვიყვანს?
- ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ვნახოთ, რამდენად ძლიერ გუნდს ავაშენებთ. "მლადაში" 3-4 მოთამაშე დაბალი ლიგებიდან დავიმატეთ, მაგრამ ფიზიკურად ისე კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს - კარგად მახსოვს, "მარსელი", სადაც რიბერი თამაშობდა, ბოლო 20 წუთი ჩვენს საჯარიმომდე ვეღარ აღწევდა და 4:2 მოვიგეთ.
- მაგრამ "მლადას" და "პოლიტეხნიკას" ხელს საკუთარი ჩემპიონატებიც უწყობდა, საქართველოს უმაღლესი ლიგა კი მათ ბევრად ჩამორჩება - ეს "დინამოზეც" აისახება და უკან ექაჩება...
- გეთანხმებით, ეს პრობლემაა, მაგრამ ბელორუსული "ბატე", კვიპროსული აელ-ი, "ანორთოსისი" და "აპოელი" ადასტურებენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შედარებით სუსტი ლიგების გუნდებსაც შეუძლიათ. არა მგონია, რომ ბელორუსში საქართველოზე უკეთესი ჩემპიონატი ჰქონდეთ.
- "დინამომდე" სამ ქვეყანაში გიმუშავიათ. ცხადია, ჩვენი ჩემპიონატის დონე მათსას ჩამორჩება, მაგრამ საინტერესოა, აქ რაიმე პოზიტიურს თუ ხედავთ?
- მართლაც ასეა, პრობლემურია ფინანსები, სტადიონები, მოედნები. ზოგიერთი სტადიონი ისეთ მდგომარეობაშია, რომლის მსგავსზეც ჩეხეთში თამაშის გამართვის უფლებას არ მისცემდნენ. ჩვენთან მკაცრი მოთხოვნებია, სტადიონი მინიმუმ 5 ათას მაყურებელს უნდა იტევდეს და კომფორტის მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
პოზიტიური? "დინამოს" მსგავსი პრობლემები არ აწუხებს და ბევრი ევროპული დონის კლუბს არც ბიუჯეტით ჩამოუვარდება.
- "დინამო" საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს და მისი გულშემატკივარი მუდამ ელის წარმატებებს არა მხოლოდ ჩვენს ჩემპიონატში, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც. სხვაგვარი "დინამო" მაყურებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს...
- რატომაც არა, ეს შესაძლებელია. "მლადა" ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა, ძირითადში 3-4 ისეთი მოთამაშე მყავდა, "დინამოში" სკამს რომ ვერ გასცდებოდნენ, მაგრამ თავის წარმოჩენა ისე სურდათ და იმხელა მოტივაცია ჰქონდათ, რომ გაიზარდნენ და ბევრსაც მიაღწიეს. ფეხბურთში ეს არის მთავარი - არა ფინანსური, არამედ სპორტული მოტივაცია და თუ სწორად აზროვნებ, მიზანსაც მიაღწევ.
- თქვენს ხელში "დინამო" სწრაფად თამაშს კი ცდილობს, მაგრამ ეს ტემპი ევროპულ დონეზე საკმარისი იქნება?
- ყველა მოთამაშეს და გუნდს აქვს ზღვარი, რომელსაც ვერ გადაახტება. ძნელია ამ პიკის მიღწევა, მწვრთნელისთვის კი - ამ დროის შერჩევა, მაგრამ მე მჯერა, რომ "დინამო" უფრო სწრაფადაც ითამაშებს და ევროპელებსაც დავეწევით. მაგრამ გულახდილად გეტყვით - წარმოდგენა არ მაქვს, ეს ტემპი ევროპაში საკმარისი იქნება თუ არა. მაგალითად, "ფენერბაჰჩესთან" 0:0 რომ ვითამაშეთ, თავი არ შეგვირცხვენია. ფეხბურთელები ასეთ შეხვედრებში იზრდებიან, მაგრამ ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და თასზე უნდა გავიმარჯვოთ და ევროთასებზე შემდეგ ვიფიქროთ.
- ქართველი მოთამაშეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მათ ნაკლებ შრომისუნარიანობას მიიჩნევენ. ასეთ პირობებში რამდენად გამართლებულია შრომატევადი 4-4-2 სქემა, რომლითაც გუნდს ათამაშებთ?
- ეს სქემა მართლაც ბევრ სირბილს საჭიროებს, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს, ვის რა სისტემა მოსწონს. მთავარია, რომ ეს ჩემი არჩევანია. და კიდევ - ქართველი მოთამაშეები მას საუცხოოდ მოერგნენ. თუმცა, ჩემს გუნდებს 4-2-3-1 განლაგებითაც უთამაშიათ, მაგრამ 4-4-2 საუკეთესო სქემად მიმაჩნია, უფრო სანახაობრივი და დინამიკურია. სულაც არ ვთვლი საჭიროდ, გამოკვეთილი თავდამსხმელი მყავდეს - ჩისკო თავის საქმეს ცუდად ასრულებს?
- ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს ჩვენი სპეციალისტები უფრო უფრთხილდებიან და თავზე ხელს უსვამენ, თქვენ კი რამდენიმე მათგანი დუბლებში გადაიყვანეთ: ტვილდიანი, პარუნაშვილი, კვეკვესკირი. ჯიღაურიც იშვიათად თამაშობს, რეხვიაშვილი საერთოდ გაუშვით. კლუბის ინტერესი გასაგებია, მაგრამ მათი ასაკობრივ ნაკრებებში ეიმედებათ - ამ ორი მხარის ინტერესების შეჯერება შეუძლებელი იყო?
- ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და ეროვნებას. ამ მოთამაშეებს ბოლომდე კიდევ არ ესმით, მათგან რას ვითხოვ. ეს არის ყველაფრის თავიდათავი. მაგალითად, პაპავა ყველაფერს კარგად ითვისებს, ძირითად გუნდში ამიტომაც არის და შემადგენლობაში მოხვედრის პერსპექტივაც გააჩნია.
სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ფეხბურთის სათამაშოდ საკმარისია ნიჭი და მცირედი აკმაყოფილებთ. "მლადაში" ხუთი ახალგაზრდა მოთამაშე დავაწინაურე და წამყვანი მოთამაშეები გახდნენ. მაგალითად: რომან ბედნარი "ვესტ ბრომვიჩში" წავიდა და ახლა "სპარტაშია". დღეს "სტიაუაში" 4 ფეხბურთელია, რომლებიც თავის დროზე "პოლიტეხნიკაში" იყვნენ და ახლა უეფას ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსთან" და "ჩელსისთან" მოგებებში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ასე რომ, ახალგაზრდებს ვენდობი და მეტიც, მათი გაზრდა მიყვარს, მაგრამ ხელი მათაც უნდა შემიწყონ. ფეხბურთში ხასიათსა და მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ანუ ქართველი ახალგაზრდების პრობლემა ხასიათი და ნაკლები მოტივაციაა?
- სულ 8 თვეა, რაც საქართველოში ვმუშაობ და შესაძლოა, ეს მათ შესაფასებლად საკმარისი დრო არც იყოს, მაგრამ რამდენიმეს შევატყვე, რომ ოდნავ უკეთესი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩერდება და თვლის, რომ მიზანს მიაღწია. არადა, ნიჭი აქვთ და ჩემი გადაწყვეტილებით სწორედ იმას ვცდილობ, რომ მოტივაცია გაუჩნდეთ და მიხვდნენ, რომ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მეტი მონდომებაა საჭირო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამ უმდაბლეს დონეზე ვინმე პროტექციით გაქაჩული ოდნავ რო გამოჩნდება, ეს ჟურნალისტები ქებით ცაში აიყვანენ და აუუ, რა თაობა მოდისო!
რა მოტივაცია უნდა ქონდეს? თვითონ არ იცის, რა რესურსი აქვს?