ლანჩხუთელებმა მერვედფინალიდან "ზესტაფონის" გამოთიშვით სენსაცია მოახდინეს და ახლა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან აპირებენ ტოლსწორად ბრძოლას.
შეხვედრის წინ "გურიას" ერთ-ერთ ლიდერს, 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილს ვესაუბრეთ.
მართალია, "დინამოსთან" პირველ მატჩს იგი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, მაგრამ მისი მოსაზრებები მაინც საინტერესო უნდა იყოს.
- უპირველესად, მერვედფინალური მატჩები გავიხსენოთ. რის ხარჯზე შეძლო "გურიამ" "ზესტაფონის" ძლევა?
- ბრძოლის, თავდადებისა და რა თქმა უნდა, იღბლის ხარჯზე. ბევრმა მიიჩნია, რომ პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ უშანსოდ ვიყავით, მაგრამ
- როგორი იყო "გურიას" ფეხბურთელების რეაქცია მეოთხედფინალის წილისყრის შედეგების გაგების შემდეგ?
- რასაკვირველია, "დინამოსთან" დაპირისპირება მაინცდამაინც არ გვსურდა. გვერჩივნა, სხვა კლუბს შევხვედროდით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უშანსოდ არც ამ შემთხვევაში ვართ. "ზესტაფონის" დამარცხებით საკუთარი ძალა ყველას ვაჩვენეთ, "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის კი კლასში დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე რომ, შანსი თბილისელებთანაც გვაქვს.
ვწუხვარ, რომ "ზესტაფონთან" მატჩებში მიღებული გაფრთხილებების გამო ლანჩხუთში გუნდს ვერ დავეხმარები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები ჩემ გარეშეც შეძლებენ ღირსეულად თამაშს.
- რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა თანაგუნდელებს?
- მათ უნდა შეძლონ და ყოველგვარი მღელვარება დაძლიონ. თუ ბიჭებმა ეს მოახერხეს, თავიანთ საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ და მეტოქეს დიდ თავსატეხს გაუჩენენ. ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ "გურია" არ არის რიგითი ქართული კლუბი, "გურიას" ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ.
- როგორ აფასებ "გურიაში" გატარებულ პერიოდს?
- მოხარული ვარ, რომ აქ გადმოსვლით სწორი არჩევანი გავაკეთე. "გურია" აღმავლობის გზას ადგას, კლუბის მესვეურებს დიდი გეგმები აქვთ და თუ ამ გეგმების ნაწილი შემდგომშიც ვიქნები, ძალიან გამიხარდება. რაც მთავარია, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს შევასრულებთ კიდეც.
- უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შენს აქტიურ საფეხბურთო კარიერაში ბოლო სეზონი არ იქნება...
- ვნახოთ... თუ "გურიასთვის" უმაღლეს ლიგაშიც საჭირო ვიქნები, სიამოვნებით დავრჩები. როცა თამაში კვლავ შეგიძლია და ჯანმრთელობაც ხელს გიწყობს, ასაკის ფაქტორს ყურადღება არ უნდა მიაქციო. ფეხბურთი კვლავაც სიამოვნებას მანიჭებს და ჯერ არ მაქვს იმის საფუძველი, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე ვიფიქრო.
- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
- ფეხბურთის გარდა, არაფერი შემიძლია და აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები, სავარაუდოდ, მწვრთნელად. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვყალიბდები, როცა თამაშს დავასრულებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინათქმა