სევასტი თოდუას ფეხბურთში მოხვედრა უნიკალურია - აბაშაში დაბადებულმა ფეხბურთის თამაში საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში სამტრედიის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ იყო არეული ქვეყანა, ფინანსური გაჭირვება... ფეხბურთისთვის არავის ეცალა და 15 წლის ჭაბუკი იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელ მარანში დაბრუნებულიყო.
თითქმის 6 წელი ფეხბურთისკენ აღარ გაუხედავს და 21 (!!!) წლისამ ისევ სამტრედიას მიაშურა. გუნდი უმაღლესი ლიგიდან ახალგამოვარდნილი იყო და სევასტისთან ერთად დაუბრუნდა ელიტლიგას. შემდეგ იყო "ვიტ ჯორჯია" და
რევაზ ძოძუაშვილს ჯერ თბილისის "ლოკომოტივში" გაჰყვა, შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში", როცა გუნდს ძოძუაშვილი-ყიფიანის ტანდემი წვრთნიდა. საუკეთესო წლებიც მაშინ იყო - ორჯერ ჩემპიონი გახდა, ამდენჯერვე მეორეზე გავიდა, ხოლო ერთხელ თასიც მოიპოვა.
ამის მერე "ზესტაფონთან" ერთად ზედიზედ 4-ჯერ გავიდა თასის ფინალში, თუმცა ფეროელებთან მხოლოდ ერთხელ მოიგო.
რუსთავი, ზუგდიდი, ისევ "ტორპედო", რომელთან ერთადაც მორიგი ფინალი წააგო; ისევ ზუგდიდი და ახლა ლანჩხუთი - ეს არის 36 წლის მცველის ბოლო "მარშრუტი".
აქამდე 8 ფინალის მონაწილემ "გურიის" დაცვა თითქმის გაუვალი გახადა და არა მხოლოდ პირველ ლიგაში - გურულებმა თასიდან ხომ მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი "ზესტაფონი" გამოთიშეს. ორივე მერვედფინალი სევასტიმ საუცხოოდ ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაა, ახალმა კლუბმა ყოფილთან გადამწყვეტი მეორე ტაიმი "მშრალად" რომ შეინახა.
ჩვენი საუბარიც სათასო მატჩებზე საუბრით დავიწყეთ:
- სევასტი, "ზესტაფონის" თასიდან გამოთიშვა იოლი საქმე ნამდვილად არ იყო...
- გეთანხმები, თუმცა მონდომებითა და ერთსულოვნებით მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია უმაღლესი ლიგის გუნდებთან პაექრობა. მართალია, სათასო თამაშები თავისებურებით ხასიათდება, თუმცა "ზესტაფონის" დარ გუნდს შემთხვევით ვერ გააგდებ.
პირველი შეხვედრაც არ იყო წასაგები, ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა. შემთხვევითი გოლი გავუშვით, ჩვენ კი მომენტები გავაცუდეთ. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, მეტოქემ, ალბათ, ჯეროვნად არ შეგვაფასა. თუმცა შეუფასებლობაც არ იყო, ალბათ - პირველი მატჩი ნამდვილად არ აძლევდათ ამის საფუძველს.
დასაწყისში დაგეგმილი სწრაფი გოლი გავიტანეთ, თუმცა ბავშვური შეცდომების გამო ორი გავუშვით. ამან არ დაგვაბნია, შევუტიეთ, ანგარიში წავიყვანეთ და დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.
- თუმცა 3:2-ზე წინ მთელი ტაიმი იყო, სადაც "ზესტაფონს", ფაქტობრივად, შანსი არ მისცემია. უპირველესად, ეს შენი დამსახურებაა...
- დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა ეს ყველას დამსახურებაა, ერთი კაცი ვერას გახდები, ფეხბურთი ხომ კოლექტიური თამაშია. კარგი გუნდი გვყავს, გამოცდილი ფეხბურთელები, თუნდაც ალეკო გოგობერიშვილი, დავით მაისაშვილი... ძლიერი უკანა ხაზი გვყავს. მთელმა გუნდმა მაქსიმუმი ჩადო. რა თქმა უნდა, დიდია მწვრთნელის წვლილიც.
- რას ელით "დინამოსთან" შეხვედრაში, მოახდენთ კიდევ ერთ სენსაციას?
- შანსები, რა თქმა უნდა, "დინამოს" გაცილებით უკეთესი აქვს, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ. როგორ გამოგვივა, ვნახოთ, თუმც ცდას რომ არ დავაკლებთ, ფაქტია.
- თუ "დინამოს" გამოთიშვას მოახერხეთ, მეცხრე ფინალისკენ გაგეხსნება გზა...
- ჰო, აქამდე 8 ფინალი ვითამაშე, 4-4 თანაბრად "ზესტაფონსა" და "ტორპედოში". მოხარული ვიქნები, თუ "გურიაშიც" მოვახერხებ ამის გაკეთებას.
- ვერ დავიჩემებ, მაგრამ ჩატარებული ფინალების რაოდენობით, მგონი, ყველას უსწრებ. აი, მოგებით კი მხოლოდ ორჯერ მოიგე, რატომ არ გიმართლებდა?
- ვერ გეტყვი. "ზესტაფონში" როცა ვთამაშობდი, ორჯერ წავაგეთ "ამერთან" და ბოლოს ისევ იმავე "ამერს" ვაჯობეთ. "ტორპედოშიც" ოთხი ფინალიდან ერთი მოვიგე მხოლოდ, ერთხელ სულაც ჩემი ავტოგოლით წავაგეთ - ეს მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდად მოსაგონარია.
- ყველა გაკვირვებული დარჩა, "ბაია" რომ დატოვე. მიზეზი რა იყო?
- გუნდის მიზანი ექვსეულში მოხვედრა იყო, რასაც მივაღწიეთ. კლუბში ფინანსური პრობლემა იყო და ჩემი სურვილისამებრ, გავწყვიტეთ კონტრაქტი.
- გამოცდილ მცველს ნუთუ უმაღლესლიგელი კლუბებიდან არ გქონდა შეთავაზება?
- წამყვანი გუნდებიდან ნამდვილად არ ყოფილა შემოთავაზება. ამასთან, გადამწყვეტი კახა ებრალიძის ზარი აღმოჩნდა, რომელმაც მთხოვა - "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავხმარებოდი. მე და კახა "ტორპედოში" ერთად ვთამაშობდით, დიდი ხანია, ვმეგობრობთ და უარს ვერ ვეტყოდი. თან ბოლოს და ბოლოს, ლანჩხუთში ჩამოვედი, სხვაგან ხომ არა, "გურია" ხომ "დინამოსა" და "ტორპედოსთან" ერთად ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და სულაც არ მეთაკილება პირველ ლიგაში თამაში. პირიქით, ლანჩხუთში თამაში ჩემთვის სასიამოვნოც არის, ვიცი აქაურების დამოკიდებულება ფეხბურთისადმი.
- უკვე 36 წლის ხარ...
- (იღიმის) ხშირად მახსენებენ ასაკს, მაგრამ ფეხბურთს ხომ ფეხბურთელები თამაშობენ და არა წლები?!
- კითხვის დასმა არ მაცალე, სწორედ ამის აღნიშვნა მინდა - გასაგებია, რომ წლებმა გამოცდილება მოიტანა, რაც პოზიციის შერჩევისას გეხმარება, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდებიც ვერ გჯაბნიან სისწრაფეში. როგორ ახერხებ, ამ ასაკშიც ფორმაში იყო?
- სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო. სპორტულ რეჟიმს ვიცავ. არ მინდა, ვიღაცამ ტრიბუნიდან დამიძახოს - წადი, სევასტი, დაბერდიო. რომ არ მიყვარდეს ვარჯიში და რეჟიმი, ამდენ ხანს მართლაც ვერ ვითამაშებდი. მებრძოლი ხასიათიც მაქვს, ხელის ჩაქნევა არ მჩვევია. პირიქით, სულ მეტს ვვარჯიშობდი და იმის დამტკიცებას ვცდილობდი, რომ გუნდიდან გაშვების ღირსი არ ვიყავი და არც - ჩამოსაწერი ფეხბურთელი.
როცა შევატყობ, რომ აღარ შემიძლია ძველებურად თამაში, აქტიური ფეხბურთიდან წავალ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოცდილებით რამეს გახდები. ახალგაზრდაზე მეტი უნდა ივარჯიშო, რომ გუნდი შენით დაინტერესდეს.
- როცა კარიერას იწყებდი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდი, თუ ასე წარმატებული იქნებოდი...
- გული კი მწყდება, რომ კიდევ უფრო მეტი ვერ მოვახერხე, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მე ხომ საფეხბურთო სკოლა არ გამივლია! ძალიან გვიან დავიწყე ფეხბურთის თამაში და ჯამში, ორი წელიც არ მივარჯიშია, ისევ სოფელში დავბრუნდი. მაშინ ყველას უჭირდა და არც ჩვენს ოჯახს ჰქონდა დალხენილი ცხოვრება.
სოფელში ვთამაშობდი, მამაჩემს ჰქონდა სურვილი და იმედი, ფეხბურთი მეთამაშა. თავიდან არ გამომდიოდა თამაში. ეგ იყო, ბავშვობიდანვე ჯანზე ვიყავი. სანამ უმაღლესი ლიგიდან ახალგამოვარდნილ სამტრედიის გუნდში მივიდოდი, ერთ-ერთმა მეორელიგელმა გუნდმა დამიწუნა. არც მქონია პრეტენზიები და საერთოდაც, უპრეტენზიო ადამიანი ვარ.
სამტრედიაში თანდათან წამივიდა თამაში, "ვიტ ჯორჯიასთან" თავი გამოვიჩინე და გურამ რუხაძემ თავისთან გადამიყვანა. იმ წელს გუნდში ყველაზე ასაკიანი მე ვიყავი - 23 წლის. კარგი გუნდი გვყავდა, მეორე ადგილი და ევროსაგზური მოვიპოვეთ. ამის შემდეგ ამეწყო კარიერა.
- დასასრულ, "გურიის" მთავარ მიზანზე - უმაღლეს ლიგაში დაბრუნების კარგი შანსი გაქვთ...
- ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. მთავარ კონკურენტ "გაგრასთან" 10-ქულიანი უპირატესობა გვაქვს, ახალგაზრდულ "სასკოსაც" უნდა ვაჯობოთ და მიზნის მიღწევაში წინ ვეღარაფერი დაგვიდგება. შანსებს თითქმის 100%-მდე ვაფასებ, თუმცა უბრძოლველად არაფერი მოვა. "გურია" ამ შემადგენლობით, ვფიქრობ, პირველ ლიგაში საუკეთესოა და უმაღლეს ლიგაშიც იტყვის თავის სიტყვას. მით უმეტეს, საუმაღლესოდ კიდევ გავძლიერდებით.
- შენ დარჩები "გურიაში"?
- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი სურვილი რომ იყოს, "ბარსელონაში" ვითამაშებდი (იცინის). თუ მწვრთნელები გადაწყვეტენ, დიდი სიამოვნებით დავრჩები ლანჩხუთში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინათქმა