ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ბოლნისელთა კარებში პირველი გოლის ავტორი მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაია გახდა. ორ წუთში კი ტორპედოელთა უპირატესობა ორამდე ნიკა საბანაძემ გაზარდა. მასპინძლები ამაზე არ შეჩერებულან და მე-17 წუთზე გატანა უკვე გიორგი დოლიძემ შეძლო.
ბოლნისელებმა პრესტიჟის გოლი 59-ე წუთზე გაიტანეს. თავი აკაკი მიკუჩაძემ გამოიჩინა.
მოულოდნელად, საჩხერის "ჩიხურასთან" მშრალი ანგარიშით დამარცხდა თასის მფლობელი გორის "დილა". პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ
ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლით თავი ვაჟა ლომაშვილმა გამოიჩინა (52-ე, 57-ე წუთები), 65-ე წუთზე კი დავით ბოლქვაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
პირველლიგელმა "გურიამ", რომელმაც თასის მერვედფინალიდან ტურნირს "ზესტაფონი" სენსაციურად გამოთიშა, ლანჩხუთში თბილისის "დინამოსაც" დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ უგოლო ფრეს მიაღწია.
რუსთავში "მეტალურგმა" კიდევ ერთი პირველლიგელის, ცხინვალის "სპარტაკის" ძლევა ალექსანდრე ინწკირველის ერთადერთი გოლით შეძლო (1:0).