ნერვული მატჩი გამოვიდა, სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ ათჯერ ააფრიალა ყვითელი ბარათი.
პირველ ტაიმში არბიტრის ასისტენტისკენ, არჩილ კოკაიასკენ ტრიბუნიდან პლასტმასის სკამიც ისროლეს. თანამსაჯს გაუმართლა და არცთუ მსუბუქი საგანი ასცდა. სათადარიგოთა სკამებს შორისაც კი იყო გაწევ-გამოწევა...
ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველი 45 წუთი "ჩიხურას" უპირატესობით წარიმართა. შესვენების შემდეგ კი "სიონმა" გამოიდო თავი.
დავით ოდიკაძის შორეული, ხვეული დარტყმა ისე
"სიონი" არც პირველ ტაიმში იყო გულხელდაკრეფილი, თუმცა ბოლნისელთა შეტევებს ძალა და სიმწვავე აკლდათ. ხშირი იყო აპელირება მსაჯებზე და კოკაიასაც მე-40 წუთზე ესროლეს სკამი იმ ტრიბუნიდან, სადაც "სიონის" ფანები იყვნენ.
"სიონს" ტრავმების გამო ხუთი ფეხბურთელი აკლდა: მინდია ბობღიაშვილი, სერგი ორბელაძე, გიორგი ჩივაძე, ირაკლი კლიმიაშვილი და ლადო ახალაია. ბოლნისელებს განაკუთრებით კლიმიაშვილისა და ახალაიას არყოფნა ეტყობოდათ. მათ რომ ეთამაშათ, "სიონს" გაცილებით უკეთესი შანსი ექნებოდა ფინალში გასასვლელად - ეს აშკარად იგრძნობოდა.
მეორე ტაიმი "სიონის" იერიშებით დაიწყო. "ჩიხურა" მხნედ ვერ გამოიყურებოდა, მეტოქის ნახევარზე გადასვლით თავს დიდად არ იწუხებდა, მეტწილად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
გიორგი ცხადაიამ გადმოვარდნილ ბურთს ისე დაჰკრა ფეხი, რომ მიზანს ააცილა. ზაალ ელიავას ჩაწოდებულ კუთხურს დავით სვანიძემ მიაყოლა არაზუსტი თავური - ბოლნისელები იშტაზე მოვიდნენ.
გამუდმებულმა შეტევებმა შედეგიც მოიტანა, "ჩიხურას" კარისკენ ჯარიმა დაინიშნა. ელიავას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე კვასხვაძეს მოხვდა და არბიტრმაც 11-მეტრიანი დანიშნა - კოკა მიკუჩაძემ ყველაფერი უზადოდ შეასრულა და 1:0.
მოედანზეც და ტრიბუნაზეც სიტუაცია დაიძაბა. "სიონის" ქომაგებს მუხტი მოემატათ. ბოლნისელი ფეხბურთელებიც მეტი შემართებით ათამაშდნენ, სტუმართა გუნდს კი თითქოს დაღლა დაეტყო.
"სიონმა" ორი საგოლე მომენტი გაფლანგა - ელიავამ ფლანგური ჯარიმა შორეულ ძელთან ჩააწოდა და დაჩი ფოფხაძემ თავით ახლოდან ააცილა. შემდეგ ვილი ისიანი გაიჭრა დასარტყმელ პოზიციაზე და გიორგი სომხიშვილმა სასწაული ბურთი მოიგერია - ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა გუნდში სომხიშვილის დარი მეკარე გყავს...
მსაჯების მიმართ უკმაყოფილება კი შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. სამწუხაროა, რომ მსაჯობა ისევ ძალიან საჭირბოროტო თემად რჩება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]