როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები უმალ ეკვეთნენ მოწინააღდეგეს, რომელსაც, ასევე მოლოდინისამებრ, კონტრშეტევაზე თამაში ჰქონდა დავალებული. მერაბ კოჭლაშვილის გუნდი საკუთარი კარისკენ მისასვლელი ყველა გზის საიმედოდ გადაკეტვაზე იყო ორიენტირებული,
"სპარტაკი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, შემართებით უტევდა, ცხინვალელებს არც სახიფათო მომენტების სიმცირე დაეჩივლებოდათ, მაგრამ გიორგი ძაძამიას კარს მაინც ვერ მოარგეს გასაღები. შემტევთა დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჩასულ ბადრი ტეტუნაშვილს მე-6 წუთზევე ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე (ბურთი ხარიხას მოხვდა), ათ წუთში კაშიამ მოპარა ბურთი მეტოქეს, ფლანგზე ბარაბაძე მონახა, რომელმაც სათავუროდ ჩაუწოდა შესანიშნავ პოზიციაზე მყოფ კლოვისს, თუმცა აფრიკელი ბურთს ვერ შეწვდა.
29-ე წუთზე ბარაბაძემაც სცადა თავურით გატანა, თუმცა მანაც ამაოდ. უცნაურია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ლიპარტია ხშირად აწუხებდა მასპინძელ მცველებს, შესვენებამდე ვიტჯორჯიელებს საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს - გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ყველას გურამ ადამაძემ აჯობა და მეტად ეფექტური თავურით ბურთი გრიშიკაშვილის კარის ბადეში მოათავსა - 0:1. "სპარტაკს" რაღა დარჩენოდა, უკანმოუხედავად გადავიდა იერიშზე. კვარაცხელიამ მესამე თავდამსხმელიც (ძაგანია) შეუშვა მოედანზე. მე-60 წუთზე შონიამ შეაგდო, თუმცა არბიტრმა ვადაჭკორიამ თამაშგარე აღნიშნა. ცოტა ხანში შონიას ცოტა დააკლდა გოლამდე. 74-ე წუთზე გატანა კლოვისს მართებდა, მაგრამ სახეირო პოზიციაში მყოფმა ძალიან უხეიროდ დაარტყა. ერთ წუთში, კონტრშეტევისას ლიპარტიამ კინაღამ ნაადრევად "დაასრულა" მატჩი, თუმცა საგოლე შანსი გაფლანგა.
დარჩენილ წუთებში დასამახსოვრებელი მომენტები აღარც შექმნილა, თუ არ ჩავთვლით სასოწარკვეთილი ცხინვალელების გააფთრებულ იერიშებს, რომლებიც, მათდა სამწუხაროდ, უშედეგოდ სრულდებოდა. მოკლედ, 0:1 და თასის მფლობელი ხელახლა მიუახლოვდა თასს.
15.12. გორი ქართლი. 200 მაყურებელი
სპარტაკი - ვიტ ჯორჯია 0:1
0:1. ადამაძე (48. ჯანელიძის პასით)
"სპარტაკი" "ვიტ ჯორჯია":
4-4-2 4-2-3-1:
გრიშიკაშვილი ძაძამია
აქუბარდია ხურცილავა
ბოიომო ადამაძე
ტეტუნაშვილი კასრაძე
ჭაფოძე ღანიაშვილი
დეკანოიძე მაისაშვილი
შონია გურ გურეშიძე
კაშია ბეჭვაია
მაისურაძე ჯანელიძე
მ. ბარაბაძე კლიმიაშვილი
კლოვისი ლიპარტია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ბ. კვარაცხელია მ. კოჭლაშვილი
"სპარტაკი"
51. მაისურაძე - ძაგანია
51. აქუბარდია - ჩალაძე
სათადარიგო: დაუშვილი, ხაჭვანი, კაკაშვილი, ზერეკიძე, ლობჟანიძე
"ვიტ ჯორჯია"
76. ლიპარტია - ზაქრაძე
79. კლიმიაშვილი - ვასაძე
90. ჯანელიძე - გოგიაშვილი
სათადარიგო: რეჭია, დვალაშვილი, კორიფაძე, გიორ. გურეშიძე
გაფრთხილება: მაისაშვილი (30), ღანიაშვილი (36),
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"