"გაგრას" მიმართ კი საქებარი სიტყვების ძებნას აღარ დავიწყებთ, რადგან მისი წევრების თავგანწირვაზე ყველაზე უკეთ ტაბლო მეტყველებს. ანატოლი პისკოვეცის გუნდმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო და დაგვიმტკიცა, რომ წამყვანი
ბუნებრივია, ასეთ ბრძოლებს ერთი და ორი ადამიანის მონდომება ვერ მოიგებს, მაგრამ "გაგრას" შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელი მაინც უნდა გამოვარჩიოთ: მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელიც აქამდეც მიიჩნეოდა პენალტების "სპეციალისტად" და უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომ ანდეს კარი ("დინამოსთან" პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ლადო ნადირაშვილმა ითამაშა) და "გაგრას" კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელმაც იმდენი შეძლო, რომ ანტიგმირიდან გმირად გარდაიქმნა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "დინამომ" ორივე გოლი მისი უხეში შეცდომების წყალობით გაიტანა, გუშინ კი ტყეშელაშვილი უნაკლო იყო, დამატებით დროში თამაში სწორედ მისმა ეფექტურმა ჯარიმამ გადაიყვანა და მატჩისშემდგომი პენალტიც აუღელვებლად გაიტანა.
და, რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა ვახსენოთ პისკოვეცის წვლილი. უკრაინელმა, რომელსაც "დინამო" ეროვნულ სტადიონზე რუსთავის "ოლიმპის" მწვრთნელის რანგშიც ჰყავდა დამარცხებული, ტაქტიკაც სწორად შეარჩია, საჭირო დროს თამამი შეცვლებიც გააკეთა და თავის გუნდს თამაში სამი ნომინალური თავდამსხმელით დაასრულებინა.
"გაგრამ" მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველი მიზანი, ანუ სწრაფი გოლის გატანა წარმატებით შეასრულა. მე-14 წუთზე გველესიანს ბურთი თავზე გადაახტა, რითაც ოვონიკოკომ მშვენივრად ისარგებლა და ანგარიშის გახსნაც არ გასჭირვებია. "გაგრა" ამის შემდეგაც აქტიურობდა და მთლიანობაში თამაში თავისთვის სასურველი სცენარით წაიყვანა. დინამოელები უქმად ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ სიტუაციის გამწვავებას ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ. შესვენებამდე აღსანიშნავი მხოლოდ კახელიშვილის სახიფათო დარტყმა და სეფიაშვილის საიმედო თამაში იყო.
მასპინძლები, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ მოახლოებულ საფრთხეს და თამაშს არცთუ მაღალ ტემპში აგრძელებდნენ, მუჯირის გოლმა კი მატჩის სადავეები თითქოს "დინამოს" ჩაუგდო ხელში. ვეტერანმა ნახევარმცველმა ანგარიში საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა.
მის გამთანაბრებელ ბურთს არცთუ ხეირიანი სანახაობა მოჰყვა, თუმცაღა ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა, რამაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედა თავპირდასისხლიანებული ფეხბურთელებისა და მოედანზე შესული სამედიცინო პერსონალის რაოდენობაზე.
"დინამოსი" არ იყოს, მეტოქის მეკარის შეწუხება სტუმრებსაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ ერთადერთი რეალური შესაძლებლობით, რომელიც ძირითადი დროის მეორე ტაიმში მიეცათ, ჩინებულად ისარგებლეს. როგორც უკვე გითხარით, საჯარიმო დარტყმით "გაგრა" ტყეშელაშვილმა დააწინაურა.
ამას მოჰყვა მეტრეველის წაქცევა "გაგრას" საჯარიმოში და დინამოელთა ამაო პროტესტი, დამატებით დროში კი უფრო ნაღდი საგოლე შანსი პისკოვეცის გუნდმა გაუშვა ხელიდან - კონტრშეტევას კვანტალიანი აგვირგვინებდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბურთი ლორიას ნადავლი გახდა. ამის საპასუხოდ, კახელიშვილმა მოწინააღმდეგის კარის ბადე გარედან შეარხია, კვარაცხელიამ კი შორიდან ააცილა.
პენალტების სერია ორდინსკის ზუსტი დარტყმით დაიწყო და სლოვენიური მატჩის გმირ ლორიას კიდევ სამმა გაგრელმა აჯობა. კაკუბავას სეფიაშვილმა აუღო, კახელიშვილმა ააცილა და მეოთხედფინალის მთავარი სენსაციის ავტორებს მეხუთე თერთმეტმეტრიანის დარტყმა აღარც დასჭირდათ.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ სამხარაძე არ გამოცხადდა, როგორც ითქვა, შეუძლოდ შეიქნა. ანატოლი პისკოვეცი კი მარცხისასაც ენაწყლიანი მოსაუბრეა და ხომ წარმოგიდგენიათ, "დინამოს" ძლევის შემდეგ როგორ ხასიათზე იქნებოდა.
"როცა "დინამოსთან" შინ 1:2 გაქვს წაგებული, საკუთარ ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა კატეგორიულად როგორ უნდა მოსთხოვო, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ მეოთხედფინალის ბედის შემოტრიალება შეგვეძლო. საგანგებოდ ვივარჯიშეთ პენალტებში და საბოლოოდ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ღმერთი ჩვენკენ იყო. 62 წლის ვარ, ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ დღევანდელ გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს. სულ ერთია, ვინ შეგვხვდება ნახევარფინალში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ევროსაგზურია".
16.12. თბილისი. ეროვნული. 800 მაყურებელი
დინამო-გაგრა 2:4 პ. (1:2 ძ.დ.)
(პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 0:1 ოვონიკოკო (14), 1:1 მუჯირი (53), 1:2 ტყეშელაშვილი (77)
პენალტების სერია: 0:1 ორდინსკი, 1:1 ხმალაძე, 1:2 ტყეშელაშვილი, კაკუბავა (მეკარე), 1:3 კვანტალიანი, 2:3 კოშკაძე, 2:4 ხუციძე, კახელიშვილი (ააცილა).
4-2-3-1
დინამო გაგრა
4-4-2
ლორია სეფიაშვილი
თომაშვილი ჯ. გაბუნია
კაკუბავა ტყეშელაშვილი
გ. გველესიანი დ. გიგაური
ხმალაძე ნ. ჯიშკარიანი
გ. კვარაცხელია შარიქაძე
კოშკაძე ნაკონეჩნი
კახელიშვილი ხუციძე
მუჯირი კობერიძე
ჯუსი ოვონიკოკო
მეტრეველი ორდინსკი
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. სამხარაძე ა. პისკოვეცი
დინამო
83. ჯუსი – ლექვთაძე
100. მუჯირი – თექთურმანიძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ედნილსონი, ფირცხალავა, ვარდოსანიძე, ქანთარია
გაგრა
42. კობერიძე – მოსიაშვილი
67. გაბუნია – კვანტალიანი
88. შარიქაძე – გედენიძე
სათადარიგოები: ნადირაშვილი, ყურულაშვილი, ნათენაძე, ლ. ბაკურაძე
გაფრთხილება: კახელიშვილი (45), გველესიანი (65), ორდინსკი (115)
არბიტრი: თ. გვანცელაძე