ვისაც ამ ბოლო დროს ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ თათხაშვილი სწრაფად პროგრესირებს. ამ ფეხბურთელს სხვებისგან ისიც გამოარჩევს, რომ შესანიშნავად, პრაქტიკულად, თერთმეტმეტრიანივით ასრულებს ჯარიმებს - აკი, "სპარტაკთან" შეხვედრაში ორივე გოლი "სტანდარტულიდან" მიითვალა...
თუ ასე გააგრძელებს, წესით, ახლო პერსპექტივაში თათხაშვილი საინტერესო ფეხბურთელი
როგორც აღმოჩნდა, "ლელოს" დღევანდელ რესპონდენტს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს:
- ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული მატჩი იყო. საქმე ისაა, რომ სწორედ იმ დღეს შემისრულდა 22 წელი. მიხარია, რომ საკუთარ თავს ასეთი საჩუქარი გავუკეთე. თუმცა ისიცაა, რომ მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. მინდა, კიდევ უფრო მოვუმატო.
- კონკრეტულად ამ მატჩზე რას იტყვით?
- კარგი თამაში გამოვიდა. "ცხინვალისგან" განსხვავებით, ჩვენ უცხოური შეკრება არ გაგვივლია, მაგრამ უშუალოდ თამაშისას ეს არ დაგვტყობია. მთავარია, გულით ითამაშო.
- როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?
- თავიდან იყო "ნორჩი დინამოელი", მერე "ავაზაზე" გადავედი. ამას მოჰყვა "სიონის" დუბლები, რომელსაც გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობდა. ვითამაშე მოლდოვაში - "დაჩიასა" და "ნისტრუში", თუმცა მხოლოდ დუბლებში. უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება არ მომცემია. "ვიტ ჯორჯიამდე" კი თბილისის "დინამო 2"-ში ვიყავი, პირველ ლიგაში.
- მოლდოვაში რატომ არ მოგეცათ თავის გამოჩენის შანსი?
- რა გითხრათ, მგონი, საქმისთვის არაფერი დამიკლია. საერთოდაც, როგორც იტყვიან ხოლმე, "რეჟიმისტი" ვარ, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე. ალბათ, უფრო ის იყო, რომ მოლდოვის წამყვანი გუნდები იშვიათად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ურჩევნიათ, აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთონ.
- ფაქტია, ქართულმა საფეხბურთო თემმა "ვიტ ჯორჯიაში" გაგიცნოთ...
- ასეა. ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს. ბატონი ზურაბ ბერიძის ხელში კი ვუმატებ. მის დარ მწვრთნელთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა.
- თავიდანვე მარჯვენა მცველი იყავით?
- მითამაშია მარცხენა ნახევარმცველადაც, თუმცა ჩემი ძირითადი სათამაშო ამპლუა მარჯვენა მცველია.
- "ვიტ ჯორჯიის" მარჯვენა ფლანგზე წყვილში მეტწილად ლევან საბაძესთან ერთად თამაშობთ. ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ ორივეს ძალიან გიყვართ შეტევა. ეს ძალიან კარგია, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ხანდახან ამით გუნდი ხომ არ ზარალდება?
- სწორად შეგინიშნავთ. თუნდაც "სპარტაკთან" შეხვედრა ავიღოთ - მართალია, ყველა გაშვებული გოლი ჩვენი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ დაცვით ფუნქციებს ყოველთვის კარგად ვერ ვასრულებდით. ეს ნაკლი უთუოდ უნდა გამოვასწოროთ. რამდენჯერმე ზონა ცარიელი დაგვრჩა.
- ჯარიმები თქვენი კოზირია...
- მართლაც არ გამომდის ურიგოდ...
- საგანგებოდ ვარჯიშობთ ამ კომპონენტზე?
- ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და "სტანდარტულებს" ვასრულებ.
- დაახლოებით რამდენ ჯარიმას ურტყამთ?
- მაქსიმუმ ასს და მინიმუმ ორმოცდაათს. არ მინდა, ფეხი ძალიან გადავტვირთო, თორემ მეტის სურვილიც მაქვს.
- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც ყოფილხართ...
- თავის დროზე ვიყავი 17-წლამდელთა შეკრებაზე, მერე კი ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში.
- რომელია თქვენი საოცნებო გუნდი?
- ბავშვობიდან ვოცნებობ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე...
- "ვიტ ჯორჯიას" ამ სეზონში რა მიზანი აქვს?
- ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ უნდა შევინარჩუნოთ, ეს ფაქტია. თასიდან კი ევროპალიგაზე გასვლას ვეცდებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"