11:35 10-03-2015
ჩიხურა-მეტალურგი 3:0 - ფერიცვალება [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიშის მიუხედავად, "ჩიხურას" იოლად არ მოუგია. მაინც ორივე მხრიდან იგრძნობოდა წარმატებისათვის თავგანწირული ბრძოლა, ასე რომ სჩვევია სათასო მატჩებს. უმეტესწილად, ბურთი საჯარიმო მოედნებში ტრიალებდა.
დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ შესანიშნავ ტანდემს (მუმლაძე-ტრაიანოვსკი) მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ჰყავდა მოწინააღმდეგის მცველები. ამას უკვე მე-5 წუთზე მოჰყვა შედეგი - მუმლაძემ ჩაჭრა გელაშვილის მიერ მეკარისთვის უხერხულად მიწოდებული ბურთი და ანგარიშიც გახსნა. მალე ანალოგიური მომენტით ვერ ისარგებლეს სტუმრებმა.
მუმლაძე-ტრაიანოვსკის ტანდემს კარგად აუბეს მხარი დობროვოლსკიმ, განუგრავამ და კორიფაძემ. ასეთი მცდელობის შედეგად, ტრაიანოვსკის 35-ე წუთზე ორჯერ მიეცა კარის აღების აშკარა შესაძლებლობა. ორჯერვე მილიმეტრები არ ეყო საიმისოდ, რომ ფეხის წვერით მისწვდომოდა ბურთს. მანამდე, მე-15 წუთზე, ნადირაძემ კორიფაძის ძლიერი და ზუსტი დარტყმის კუთხურზე მოგერიება მოახერხა.
ტრაიანოვსკის გარჯა მაინც დაუფასდა: 43-ე წუთზე მან თავისივე მონაგრებული ჯარიმა თვითონვე უნაკლოდ დაარტყა კარის მარცხენა დაბალ კუთხეში.
მეორე ტაიმში სტუმრები შედარებით გამოცოცხლდნენ. ორწუთიან ინტერვალში ჯერ ჯოხაძემ, შემდეგ გაბაშვილმა ააცილეს ხელსაყრელი მდგომარეობიდან. ძლიერი კი, მაგრამ ზუსტი არც სტეფანიშვილის დარტყმა გამოდგა.
55-ე წუთზე, დეკანოიძე-მუმლაძე-ტრაიანოვსკი-დობროვოლსკის ოთხსვლიანი კომბინაციის შემდეგ, რომელიც უკანასკნელმა გოლად აქცია, ცხადი გახდა, რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა "ჩიხურა" შეტევებს აგრძელებდა. დარჩენილ დროში სამჯერ ააცილეს ცარიელ კარს ჩიკვაიძემ, კორიფაძემ და სარდალიშვილმა, ხოლო ერთხელ ისევ "სეივი" დასჭირდა ნადირაძეს, ივანიშვილის ძლიერი დარტყმის გასაუვნებელყოფად.
მეკარესთან პირისპირ გასული ოქროპირიძეც, უბრალოდ, ვალდებული იყო, პრესტიჟის გოლი მაინც გაეტანა, რასაც მისი გუნდი იმსახურებდა კიდეც...
მატჩის შემდეგ:
ვარლამ კილასონია ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი): "თავს არ შეგაწყენთ ჩემი გუნდის მდგომარეობაზე ლაპარაკით, ეს პრობლემები ისედაც მთელმა საქართველომ იცის. ამასთან, ბევრი წამყვანი ფეხბურთელიც გვაკლდა, თუმცა ასეთ სუსტ თამაშს მაინც არ ველოდი. საწყის წუთებშივე დავუშვით ბავშვური შეცდომები. ვეცადეთ, მაგრამ მეტოქემ კონცენტრირების საშუალება არ მოგვცა. "ჩიხურამ" დამსახურებულად გაიმარჯვა".
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენთვის მთავარი მიზანი შედეგი იყო და არა ხარისხი, თუმცა ამ მხრივაც "ჩიხურა" სულ სხვა გუნდი იყო წინა, საჩემპიონატო შეხვედრასთან შედარებით. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც დავალებებს კარგად გაართვეს თავი. ძალიან დაგვაკლდნენ ოდიკაძე და ღონღაძე. ისინი რომ შემოგვიერთდებიან, ძალაც მოგვემატება და, შესაბამისად, ოპტიმიზმიც".
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. ივანწმინდა. 200 მაყურებელი
ჩიხურა-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 მუმლაძე (5), 2:0 ტრაიანოვსკი (43), 3:0 დობროვოლსკი (58)
ჩიხურა: ზარქუა, ლუბჩაკი, განუგრავა, მანჯგალაძე, (53. ივანიშვილი), მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, ტრაიანოვსკი (65. სარდალიშვილი), ჩიკვაიძე (70. ჭელიძე), დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: ქვილითაია, ბაჯელიძე, კაკაშვილი, კუჭუხიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მეტალურგი: ნადირაძე, ჯოხაძე, გოცაძე, ოქროპირიძე, ექვთიმიშვილი, გელაშვილი, ბიწკინაშვილი (60. ბერაძე), გუჯაბიძე, გაბაშვილი (53. ციცქიშვილი), სტეფანიშვილი, მიქელაძე.
სათადარიგოები: ქარდავა, ნარიმანიძე, ჩიკვაიძე.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: დეკანოიძე (54)
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შეეტყო ბედიაშვილის არ ყოფნა? ამდენ გოლებს ნამდვილად არ გაუშვებდა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული